skip to content
ანალიზი

ომი და არჩევნები: 2020 პოსტსაბჭოთა სივრცეში

2020 წელს კორონავირუსის პანდემია არ იყო ერთადერთი გამოწვევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები 2021 წელს არაერთი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას შეცვლის. ბელარუსში, მოლდოვასა და ყირგიზეთში არჩევნებს არ ჩაუვლია რუსეთის აქტიური  მონაწილეობის გარეშეც: როგორც ყოველთვის, მოსკოვი ამ ქვეყნებში შიდაპოლიტიკურ ბრძოლას დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების პრიზმაში განიხილავდა. თუმცა, წლის მთავარ მოვლენად უდავოდ მთიანი ყარაბაღის მეორე ომი იქცა. თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ რუსეთი ესკალაციას მოუმზადებელი შეხვდა, თუმცა საბოლოოდ კრემლმა შუამავლის როლი მაინც შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტში აზერბაიჯანის და მისი მოკავშირე თურქეთის წარმატებამ ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა, რუსეთი ომის დასრულების შემდეგაც დიდი ხნით მოახერხებს რეგიონში დარჩენას.

ავტორი:

ავტორი:

მამუკა კომახია „რონდელის ფონდის“ მკვლევარია

 

რუსეთი: ვინ იქნება 2024 წლის შემდეგ

ვლადიმერ პუტინი (მარცხნივ) და მიხაილ მიშუსტინი (მარჯვნივ). იანვარი, 2020. ფოტო: Alexei Nikolsky / TASS via Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წელსაც არ უპასუხა მთავარ კითხვებს: თუ რას აპირებს იგი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ვინ იქნება მისი პოლიტიკური მემკვიდრე. წლის დასაწყისში მან ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც პოლიტიკური მემკვიდრის საკითხში კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შეიტანა. პუტინმა მისი დიდი ხნის თანამებრძოლი დიმიტრი მედვედევი საპენსიო თანამდებობაზე – უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა. მის შემცვლელად კი საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი დანიშნა. ამ სვლამ მისი მოკავშირეებიც კი დააბნია და მიშუსტინის მომავლის შესახებ ცხოველი სჯა-ბაასი გამოიწვია.

მთავრობის შეცვლის გარდა, პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა. არაა გასაკვირი, რომ ამ ინიციატივამ რეფერენდუმზე მხარდაჭერა მოიპოვა, რაც პუტინს საშუალებას მისცემს საპრეზიდენტო ვადები გაანულოს და 2036 წლამდე გაიხანგრძლივოს საკუთარი საპრეზიდენტო ვადა, რომელიც 2018 წელს დაიწყო და 2024 წელს იწურება. მსგავსი ცვლილება მიუთითებს, რომ 68 წლის პუტინი მინიმუმ კიდევ ერთი ვადით შეიძლება ფიქრობდეს პრეზიდენტობაზე, მაგრამ ამ მხრივაც იგი არ ჩქარობს და საკუთარ მომავალზე სასაუბროდ შესაფერის დროს ელოდება. დეკემბრის ბოლოს, დუმამ სასწრაფო წესით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რუსეთის ყოფილ, ახლანდელ და მომავალ სახელმწიფოს მეთაურებს თანამდებობის დაკავებისას და ამის შემდეგაც თითქმის ყველა დანაშაულის ჩადენისათვის იმუნიტეტს ანიჭებს (გამონაკლისია მკვლელობა და სამშობლოს ღალატი). ამასთან ყოფილი მეთაურები სამუდამოდ სენატორები გახდებიან და კიდევ 30 სენატორის (170-დან) დასახელების უფლება მიენიჭებათ, ამათგან შვიდისა – სამუდამოდ.

წელი რუსეთს სპეცსამსახურების აღზევებული პირმშოსათვის ცუდად დასრულდა – სწორედ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის იუბილეს დაემთხვა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის მცდელობაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის სკანდალური გამოძიება, რომელმაც პუტინის საამაყო მზვერავები მსოფლიოს დასაცინი გახადა. არაა გასაკვირი, რომ დეკემბერშივე მიღებული კანონები ცენზურას – მათ შორის, ინტერნეტშიც – კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ბელარუსი: ლუკაშენკოს შემოდგომა

ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა პოლიციის კორდონის წინაშე. ფოტო: tut.by

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იოლ გამარჯვებას მეექვსედაც გეგმავდა. ოფიციალური მონაცემებით, წინა არჩევნების მსგავსად, მან ხმების 80%-ზე მეტი მიიღო. ლუკაშენკოს ვარაუდით, კონკურენტი, წინდახედულად ციხეში გამწესებული ოპოზიციონერის მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და არც დასავლეთი გამოიდებდა დიდად თავს გაყალბებული არჩევნების გამო, რადგან ბოლო პერიოდში ლუკაშენკოს ანტირუსული რიტორიკის ფონზე, დასავლეთთან ურთიერთობა ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდებოდა.

ბელარუსის რიგითმა მოქალაქეებმა ყველას იმედები „გაუცრუეს“. 9 აგვისტოდან მოყოლებული, ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. სახელმწიფო ყოველდღიურად ძალადობს რიგით მოქალაქეებზე. გახიზნული ანდა დაპატიმრებული ლიდერების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, რეპრესიების შიშის მიუხედავად, აქციებს არ წყვეტს და პროტესტის სიმბოლოდ ისტორიული დროშის თეთრ-წითელ ფერებს იყენებს.

უწყვეტი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთის ზეწოლის პირობებში ლუკაშენკოს მსხნელად ისევ რუსეთი მოევლინა, რომელმაც ამ ეტაპზე ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ოღონდაც, მოსკოვში კარგად უწყიან ლუკაშენკოს ორპირობის შესახებ. მინსკის თავკაცი წლებია რუსეთს ძმობას ეფიცება, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ ცდილობს პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელის მიღებას. ამჯერად, როგორც ჩანს, მოსკოვი ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან „ღირსეულ“ წასვლაზე იზრუნებს და ლუკაშენკოს ვითარებიდან თავის დაძვრენის შესაძლებლობას აღარ მისცემს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაწყებული საუბრებიც იმის მანიშნებელია, რომ 2021 წელს ლუკაშენკოს გაცილებისთვის ამზადებენ. ამ დღეებში, მედიაში ინფორმაციამ გაჟონა, რომ კრემლი ლუკაშენკოს პოლიტიკურ ალტერნატივას უკვე ამზადებს და ისეთი პოლიტიკური ჯგუფის გაძლიერებას ცდილობს, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციისკენ აიღებს გეზს. თუმცაღა ინტრიგებში გამოცდილი ლუკაშენკოც არ აპირებს დანებებას და, ზოგიერთი მკვლევარის თქმით, შეეცდება თავისთვის სსრკ-ს პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მსგავსი თანამდებობა შემოიღოს – თითქოსდა სიმბოლური ხასიათისა, მაგრამ რეალური ძალაუფლებით აღჭურვილი.

უკრაინა: ზელენსკის მარცხი

2020 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩევლებისგან „ყვითელი ბარათი“ მიიღო. 2019 წელს ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში გაუგონარ წარმატებას მიაღწია. მან უკრაინის თითქმის ყველა ოლქში გაიმარჯვა, საპარლამენტო არჩევნებში კი მისმა პარტიამ – „ხალხის მსახური“ უმრავლესობა მოიპოვა, რაც ასევე იშვიათი მოვლენაა უკრაინული პოლიტიკისთვის. ზელენსკის ტრიუმფი ტრადიციული პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების მიმართ უკრაინელების სამართლიანმა უკმაყოფილებამ განაპირობა. ახალგაზრდა, თუმცა გამოუცდელი ლიდერისგან, ხალხი ოლიგარქიული მმართველობის  დასრულებას, კორუმპირებული ჩინოვნიკების დასჯას და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შეწყვეტას ელოდა.

ზელენსკიმ თავისი მმართველობის პირველ წელს ვერც ეკონომიკური გარღვევის მოახდენა მოახერხა და ვერც კორუფციისა და ოლიგარქების წინააღმდეგ წარმატების მიღწევა. არცაა გასაკვირი, რომ იმედგაცრუებულმა ამომრჩეველმა 25 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, ზელენსკის გუნდს  ზურგი აქცია. პრეზიდენტის პარტიამ ვერ მოიგო მერის არჩევნები ვერცერთ დიდ ქალაქში, მათ შორის ვერც კიევში. სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში წარმატებას მიაღწია პრორუსულმა, ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში კი – პროდასავლურმა ოპოზიციამ. არჩევნების არასახარბიელო შედეგებისა და რეიტინგის ვარდნის პირობებში, 2021 ზელენსკისთვის რთული იქნება. მას შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის მეტი ძალისხმევის გაღება მოუწევს და შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც მოუწიოს.

მოლდოვა: პირველი ქალი პრეზიდენტი

პრეზიდენტ სანდუს ინაუგურაცია. ფოტო: presidente.md

24 დეკემბერს მოლდოვაში პირველი ქალი პრეზიდენტის, მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა. სანდუმ 2016 წლის მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღო. არჩევნების მეორე ტურში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხმების 57,71%-ით დაამარცხა. დოდონის დროს მოლდოვა რუსეთთან დაახლოებას ცდილობდა, ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსიც კი მიიღო. რაც შეეხება სანდუს, იგი დასავლეთთან დაახლოების მომხრეა  და კორუფციის დამარცხების დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში. მან უკვე მოითხოვა დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანა, რითაც რუსეთთან ურთიერთობის მომავალი მიმართულებები განსაზღვრა.

სანდუს გამარჯვების მიუხედავად, პრეზიდენტის გავლენა მოლდოვაში სუსტია. სანდუს პარტიას – „მოქმედება და სოლიდარობა“ პარლამენტში მცირე წარმომადგენლობა აქვს. დაპირებული რეფორმების შესასრულებად კი მას საპარლამენტო მზარდაჭერა ჭირდება. სანდუ თავისი გამარჯვების ფონზე ეცდება დროულად დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტში დოდონის პრორუსული სოციალისტური პარტიის გავლენა შეასუსტოს. ვადამდელი არჩევნების მიღწევის ერთადერთი შანსი სხვა საპარლამენტო პარტიებთან გარიგებას მოითხოვს, რაც მოლდოველ ოლიგარქებთან – ვლადიმირ პლახატნიუკსა და ილან შორთან შეთანხმების გარეშე არ გამოვა. გულხელდაკრეფილი არც დოდონის მომხრე დეპუტატები არიან – სანდუს არჩევამდე დაიწყო და მისი არჩევის შემდეგ გაათკეცდა საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ მომუშავე უწყებებში დოდონის ხალხის დაწინაურება. ვადამდელი არჩევნებისა და მასში დამაჯერებელი გამარჯვების გარეშე სანდუს პრეზიდენტობას არაერთი გამოწვევა ელის.

საქართველო: პარლამენტი ოპოზიციის გარეშე

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, 1 ნოემბერი, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს ისტორიაში პირველად ერთმა პოლიტიკურმა ძალამ – საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით შექმნილმა „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად საკმარისი მანდატები მიიღო. 150-კაციან პარლამენტში 60 მანდატი ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს, თუმცა ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. დასავლეთელი დიპლომატების შუამავლობით უკვე გაიმართა მოლაპარაკების ოთხი რაუნდი, თუმცა უშედეგოდ. დიპლომატები და დასავლეთელი პოლიტიკოსები ოპოზიციას პარლამენტის კედლებში ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. თუმცა უკვე ნათელია, რომ პარლამენტი ახალ წელს ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე შეხვდება. მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება და პანდემიის ფონზე მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი 2021 წლისთვის არაერთ გამოწვევას გვპირდება.

აზერბაიჯანი და სომხეთი: გამარჯვებულები და დამარცხებულები

ყარაბაღის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი შუშა/შუში, რომელზედაც კონტროლი აზერბაიჯანის ძალებმა ომის ბოლო დღეებში აიღეს. უკან ჩანს დაბომბილი ყაზანჩეცოცის ტაძარი. ფოტო: Karen Minasyan – AFP – Getty

პოსტსაბჭოთა სივრცეში წლის მთავარი მოვლენა, უდავოდ, მთიანი ყარაბაღის მეორე ომია. 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 44 დღე გაგრძელდა და 9 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. სამხედრო უპირატესობის, რუსეთის ნეიტრალიტეტისა და დასავლეთის პასიურობის ფონზე, აზერბაიჯანმა სრულ სამხედრო ტრიუმფს მიაღწია, ბრძოლით დაიბრუნა ქ. შუშა და სომხური მხარის მიერ 1990-იან წლებში დაკავებული ოთხი აზერბაიჯანული რაიონი, კიდევ სამი რაიონი კი შეთანხმების ძალით, მშვიდობიანად გადმოიბარა.

რუსეთმა ამ კონფლიქტში უარი თქვა სტრატეგიული მოკავშირის, სომხეთის სამხედრო დახმარებაზე, იმ მოტივით, რომ საომარი მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა. მოსკოვმა აზერბაიჯანის სამხედრო წინსვლა მხოლოდ მაშინ შეაჩერა, როდესაც შუშის აღების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის დანარჩენი ტერიტორიის დაკავებაც აზერბაიჯანისთვის უკვე დროის ამბავი იყო. შეთანხმების შედეგად, მთიან ყარაბაღში ხუთი წლის ვადით 2000-მდე რუსი სამშვიდობო განთავსდა.

კონფლიქტის დასრულების შედეგად, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა გაიზრდება, აზერბაიჯანი კი წარმატებული ომის შედეგად მიღებული უპირატესობის შენარჩუნებას და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმის გავლენის კიდევ უფრო შესუსტებას შეეცდება. რთული წელი ელით სომხეთში, სადაც 10 ნოემბრის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო გამოსვლები არ წყდება. შიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევა ფაშინიანის გადადგომით ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება მოხერხდეს, სადაც გამოჩნდება, თუ მხარდაჭერის რა რესურსი შეინარჩუნა 2018 წელს ხელისუფლებაში ტრიუმფით მოსულმა ფაშინიანმა. ომში დამარცხებული ფაშინიანი ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ სომხეთის მოქალაქეებს ხელისუფლებაში არც ძველი ელიტის დაბრუნება სურთ.

ყირგიზეთი: მესამე რევოლუცია და დემოკრატიის მარცხი

სადირ ჟაპაროვი, ოქტომბერი, 2020. ფოტო: VYACHESLAV OSELEDKO / AFP

2005 და 2010 წლების რევოლუციების შემდეგ, ყირგიზეთი დემოკრატიის მშენებლობის რთულ გზას დაადგა. ეკონომიკური გამოწვევებისა და რუსეთის გავლენის ფონზეც კი, ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტი დაფიქსირდა. ჯერ როზა ოტუნბაევამ (2010-2011 წლები) გადაულოცა პრეზიდენტობა ალმაზბეკ ატამბაევს (2011-2017 წლები), ატამბაევმა ვადის ამოწურვის შემდეგ კი უარი თქვა ხელისუფლებაში დარჩენაზე და მემკვიდრედ, პოლიტიკური მოკავშირე, სოორანბეი ჟეენბეკოვი შეარჩია. მიუხედავად იმისა, რომ ჟეენბეკოვმა ატამბაევი დააპატიმრა, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის შემთხვევები, იმედს აჩენდა, რომ დემოკრატიული ცვლილებები პოლიტიკურ ტრადიციად ჩამოყალიბდებოდა.

დემოკრატიის მშენებლობის იმედი 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასამარდა. არჩევნებში სამთავრობო პარტიებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ქვეყანა მალევე პოლიტიკურ ქაოსში გაეხვია,  რასაც რიგით მესამე რევოლუცია მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დიმიტრი კოზაკის შუამავლობის შედეგად, მოქმედი პრეზიდენტი ჟეენბეკოვი გადადგა, ძალაუფლება კი ციხიდან ახლად განთავისუფლებულმა სადირ ჟაპაროვმა მიიღო. ჟაპაროვი 2021 წლის 10 იანვარს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და მთავარ ფავორიტად ითვლება. ის საპარლამენტო მმართველობის საპრეზიდენტო მმართველობის მოდელით ჩანაცვლებას გეგმავს, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მას გავლენის მეტ ბერკეტებს მისცემს. როგორც ჩანს, ყირგიზეთის დემოკრატიული ექსპერიმენტი სრულდება.

ტაჯიკეთი: ისევ „გამარჯვება“

ემომალი რაჰმონი მექაში პილიგრიმობისას. ფოტო: Azertag.az

2020 წლის 11 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა დამაჯერებელი „გამარჯვება“ მოიპოვა. ზედიზედ მეხუთე არჩევნებში „გამარჯვება“ მას არც ამჯერად გასჭირვებია და ხმების 90%-ზე მეტი მიიღო. 68 წლის რაჰმონი პოსტსაბჭოთა სივრცეში რეკორდსმენია. იგი 1992 წლიდანაა ქვეყნის ლიდერი. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასრულება და სტაბილურობის დამყარება. ამდენი ხნის განმავლობაში ეს მისი ერთადერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა.

რაჰმონი „ერის ლიდერის“ სტატუსს ატარებს და მას განუსაზღვრელი ვადით შეუძლია მართვა, თუმცა უკვე დიდი ხანია ეჭვობენ, რომ რაჰმონი მემკვიდრედ უფროს ვაჟს, რუსტამს ამზადებს. მისთვის სპეციალურად კონსტიტუციაც შეიცვალა და საპრეზიდენტო ასაკი 30 წლამდე შემცირდა. 33 წლის რუსტამი დუშანბეს მერი და პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეა. იყო ვარაუდი, რომ მამა შვილს პრეზიდენტობას უკვე წელს გადაულოცავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, „ტახტის“ მემკვიდრეს ცოტა ხანი მოცდა მოუწევს.

თურქმენეთი: საკონსტიტუციო ცვლილებები და ძაღლის ძეგლი

ძაღლის ოქროს ქანდაკება თურქემენეთში. ფოტო: Independent.co.uk

2020 წელს თურქმენეთში საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს, რომლის მიზანიც გურბანგული ბერდიმუჰამედოვის უვადო პრეზიდენტობის ლეგიტიმაცია და ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის საკონსტიტუციო ჩარჩოს შექმნა იყო. გურბანგული, რომელიც 2006 წლიდან მმართავს ქვეყანას, მხოლოდ 63 წლისაა, თუმცა ხშირია საუბრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გაუთვალისწინებელი მოვლენის შემთხვევაში, ახალი ცვლილებები მის უფროსს ვაჟს, 39 წლის სერდარს, რომელიც მრეწველობისა და მშენებლობის მინისტრია, ძალაუფლების  მემკვიდრეობით მიღების შესაძლებლობას მისცემს.

2020 წელს თურქმენეთში სხვა მოვლენაც არ უნდა გამოგვრჩეს. გურბანგულიმ მის საყვარელ ალაბაის ძაღლის ჯიშს ექვსმეტრიანი ოქროს ქანდაკება დაუდგა, რომელიც ახალთექური ცხენის ძეგლსა და კიდევ მრავალ სხვა, კიდევ უფრო ექსტრავაგენტულ ქმნილებას ამოუდგება გვერდში.

ყაზახეთი: ნურსულთანის ოჯახური დრამა

ნურსულთან ნაზარბაევი. ფოტო: elbasy.kz.

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის, ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახური დრამა 2020 წელსაც კვლავ გაგრძელდა. 16 აგვისტოს ლონდონში გარდაიცვალა ნურსულთანის შვილიშვილი, აისულთანი, რომლის დედა, დარიგა, ნურსულთანის უფროსი ქალიშვილია (ნურსულთანს სულ სამი ქალიშვილი ჰყავს). 29 წლის აისულთანი ნარკოდამოკიდებული იყო და პრობლემები ჰქონდა ლონდონის პოლიციასთან. თებერვალში მან გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფარიც მოითხოვა, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის ხელისუფლება და თავისი ოჯახი კორუფციასა და კრიმინალურ საქმიანობაში დაადანაშაულა. აისულთანის მამა, რაჰათ ალიევი, დარიგას მეუღლე, 2015 წელს ავსტრიის ციხეში მკვდარი იპოვეს. მას ყაზახეთში მკვლელობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა რაჰათის ავსტრიაში ემიგრაციის მთავარი მიზეზი გავლენიან სიმამრთან დაპირისპირება იყო. ცენტრალურ აზიაში ავტორიტარული მმართველები თამაშის წესების დარღვევას ოჯახის წევრებსაც არ პატიობენ. როგორც ჩანს, ამ ოჯახურ დრამას შეეწირა დარიგას საპრეზიდენტო პერსპექტივაც, რომელსაც წელს პარლამენტის ზედა პალატის სპიკერის თანამდებობის დატოვებაც მოუწია.

უზბეკეთი: უზბეკი „პრინცესა“ კვლავ ციხეშია

გულნარა კარიმოვა. ფოტო: Getty images via BBC.com

უზბეკეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილის, უზბეკი „პრინცესას“, გულნარა კარიმოვას ირგვლივ  დრამა 2020 წელსაც გაგრძელდა. კარიმოვი 2016 წელს  გარდაიცვალა და ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე, 2014 წელს, საკუთარი შვილი შინა პატიმრობაში აიყვანა. გულნარა 2019 წლის მარტიდან, შინა პატიმრობის წესების დარღვევის გამო, ტაშკენტის საპატიმროში იხდის სასჯელს და მის წინააღმდეგ ყველა საქმე ჯერ არ დასრულებულა. გულნარა, რომელიც ერთ დროს მამამისის მემკვიდრედაც ითვლებოდა და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ქალი იყო, განსაკუთრებული მასშტაბის კორუფციულ საქმეებშია გახვეული. ეჭვია, რომ მან უზბეკეთის მრავალმილიონიან ტელეკომუნიკაციის ბაზარზე შესასვლელად უცხოური კომპანიებისგან ქრთამი აიღო. უზბეკეთის სახელმწიფო მისგან 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების დაბრუნებას ითხოვს.

გულნარამ მისი განთავისუფლების სანაცვლოდ უზბეკეთის ხელისუფლებას, თებერვალში, შვეიცარიის ბანკში გაყინული მისი ანგარიშებიდან 686 მლნ აშშ დოლარის დაბრუნება შესთავაზა. თუმცა, 18 მარტს უზბეკეთის სასამართლომ მას დამატებით 13 წელი და 4 თვე მიუსაჯა ახალი სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალად სდებენ, რომ მან არალეგალურად შეისყიდა ცემენტის ორი ქარხნის სახელმწიფო წილი, რომელიც შემდეგ უცხოელ ბიზნესმენებს მიყიდა. საერთაშორისო კორუფციულ სქემაში მონაწილეობას მას შვედეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები და აშშ-იც ედავებიან. მიმდინარე წელს უზბეკეთმა მოახერხა გულნარას ქონების ნაწილის დაბრუნება. საფრანგეთმა გულნარას მიერ შეძენილი 10 მლნ აშშ დოლარის ქონება დააბრუნა. შვეიცარია და უზბეკეთი უკვე შეთანხმდნენ გულნარას გაყინული ანგარიშებიდან 130 მლნ აშშ დოლარის დაბრუნებაზეც. გულნარას ისტორია კარგი მაგალითია, რომ ავტოკრატი მმართველის შვილიც უნდა დაემორჩილოს დადგენილი თამაშის წესებს.

მსგავსი/Related

Back to top button