Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო 

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი განიხილა და 81 ხმით, ერთხმად მიიღო. საკითხი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა.

„ეს რეზოლუცია ეყრდნობა სწორედ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ არჩევანს და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალებს ხელისუფლების ყველა შტოს, რომ იმუშაონ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისთვის“, – განაცახდა სამხარაძემ.

დოკუმენტი, რომელიც ახალმა პარლამენტმა 25 დეკემბერს მიიღო, 2013 და 2016 წლებში მიღებულ რეზოლუციებს ეფუძნება და 16 პრიორიტეტულ მიმართულებას გამოყოფს, რომელთა შორისაც დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზნად ცხადდება.

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება არის პრიორიტეტი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის კიდევ ერთი პრიორიტეტი ნატოს წევრობაა, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნება და ალიანსთან თავსებადობის გაუმჯობესება, რაც წევრობისთვის სტრატეგიულ მზადყოფნას უზრუნველყოფს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს აშშ-თან, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, კერძოდ შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის ჩართულობის ზრდისა და მასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების გზით.

რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს ევროპის უსაფრთხოების ხელშეწყობას გერმანიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებთან ერთად.

რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს, საქართველოს აპირებს შეინარჩუნოს მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა და გააღრმავოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, რაც დროსაც თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე სომხეთთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე და ბულგარეთთან, რუმინეთთან და უკრაინასთან არსებულ ურთიერთობებში სტრატეგიული პოტენციალის სრულ რეალიზებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

რუსეთთან ურთიერთობების კუთხით დოკუმენტი აღნიშნავს, რომ საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან „პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის“ წარმოებას, რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცება.

რეზოლუციის თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება იქნება. ამას გარდა, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ საერთაშორისო დავებზე აქტიურ მუშაობას მანამ, სანამ საბოლოო წარმატება არ იქნება მიღწეული. ასევე გაგრძელდება მუშაობა უკვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო, საერთაშორისო პარტრიორებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კვლავაც შეუწყობს ხელს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან ბრძოლის გზით.

საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის ასევე დასახელებულია ისრაელთან, ჩინეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ინდოეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, მრავალმხრივ ფორმატებში მუშაობაზე ფოკუსირება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button