ახალი ამბები

პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პარლამენტმა 29 დეკემბერს 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელსაც ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამაც დაუჭირა მხარი, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის „უალტერნატივო პრიორიტეტად“ აცხადებს. ამასთან, პარლამენტი ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე განაცხადს აკეთებს, რომ „საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ“.

ამავე დროს, 12-პუნქტიანი დოკუმენტი რუსეთთან „რაციონალური და პრინციპული“  პოლიტიკის გაგრძელებაზეც მიუთითებს დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და „საფრთხეების მინიმიზაციის“ მიზნით. 

რეზოლუციის საბოლოო ვარიანტს ასევე დაემატა 2013 წელს ორპარტიული თანხმობით მიღებულ წინა ანალოგიურ რეზოლუციაში ნახსენები დებულების მსგავსი ჩანაწერი, რომ "საქართველო არ გახდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, რომელთა პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს".

პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც მესამე პოლიტიკური ჯგუფია პარლამენტში, განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ქვემოთ მოცემულია დოკუმენტის სრული ტექსტი:

საქართველოს პარლამენტი

ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით;

ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო-პოლიტიკური კურსით, რომლის მიმართ მყარი სახალხო მხარდაჭერა ერთხელ კიდევ გამოიხატა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში;

ითვალისწინებს რა “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში ასახულ ძირითად მიდგომებს;

აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს:

1. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;

2. საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელების მიზნით, საქართველო უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განმტკიცებას. ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც სტაბილური, უსაფრთხო და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით რეგიონის ლიდერის ავტორიტეტის განმტკიცებისკენ;

3. საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, და ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას. საქართველოს ხელისუფლება გააღრმავებს ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას ევროპის ქვეყნებთან. საქართველო განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. ასოცირების შეთანხმება არ არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საბოლოო მიზანი. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე, საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ;

4. საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტია ნატოში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მიზანმიმართულ მუშაობას, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“. უზრუნველყოფილი იქნება ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში არსებული ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“) და ინსტიტუციური მექანიზმის გამოყენება. ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების გზით, გაგრძელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება;

5. საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად;

6. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების განვითარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში; საქართველო არ გახდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, რომელთა პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს;

7. საქართველო, როგორც თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი, სრულად გაიზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას ცივილიზებული მსოფლიო. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის, ჩვეულებრივი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკონტროლო გავრცელების პრევენციას;

8. საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ და პრინციპულ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო-პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას, დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას;

9. ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით, მათ შორის, უშუალო მეზობლებთან თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას;

10. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გაფართოება აღმოსავლეთის ქვეყნებთან;

11. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის განმტკიცება და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია;
 
12. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში. განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვისკენ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებაში ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნებას.  

დებატები 

დებატებში, რომელიც რეზოლუციის მიღებას უძღოდა წინ, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ადა მარშანიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნატოში სწრაფვასთან ერთად რუსეთთან „რაციონალური“ პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა და მოუწოდა  ხელისუფლებას იყვნენ „ადეკვატურები“, არ შეეშინდეთ „იარლიყების მიკერების“ და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების გასარკვევად შეხვდნენ „ოკუპანტი“ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელიც, მისი თქმით, „გველეშაპი არ არის“.

„ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა მან, „ჩვენი მიზანი რა არის: ნატოში შესვლა თუ სოხუმში შესვლა? ნატო რად გვინდა ჩვენ, ქვეყანა რომ გავამთლიანოთ? თუ როგორღაც შევიდეთ და მერე, ჯანდაბას, როდესმე გამთლიანდება?“ 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც საკითხზე მომხსენებელი იყო, უპასუხა: „რა თქმა უნდა, ნატოში ინტეგრაცია არის ქვეყნის უალტერნატივო პრიორიტეტი“.

„ჩვენ არ ვიყავით პროვოკაციულები, ჩვენ ვცდილობდით, რომ ვყოფილიყავით პრაგმატულები რუსეთთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ერთი წუთითაც არ შეგვიცვლია ნატოში ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, გეგმები და ის ტემპი, რა ტემპითაც ხორციელდება რეფორმები; პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევებიც იქნა ამ პერიოდში [ქართული ოცნების მმართველობის პირველ 4-წლიან ვადაში]“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მართალია განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ რეზოლუციას, თუმცა ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ტექსტში ასახულ მიმართულებებს, როგორც დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ თქვა, „არ მოყვება რეალურად ქმედითი, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა“. მისი შეფასებით, ხელისუფლება რუსეთის მიმართ „გაჩუმებულ პოლიტიკას“ ატარებს, აშშ-სთან ურთიერთობებში კი „პასიურობა და ინერტულობა“ შეიმჩნევა.

ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ უმცირესობა იძულებული გახდა მხარი დაეჭირა ამ „სწორი და გამართული“ რეზოლუციისთვის, თუმცა მათ გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დოკუმენტის მიღება.

„თქვენთან ერთად საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტის მიღება, თუნდაც კონსენსუსით, არ მსიამოვნებს“, – განაცხადა დეპუტატმა გია ვოლსკიმ ქართული ოცნებიდან  და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობის პრეტენზია „პროდასავლურობაზე“, რომელმაც „საქართველოს [ტერიტორიების] დიდი ნაწილი ჩააბარა“, არის არასწორი. 

მსგავსი/Related

Back to top button