skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის დახმარება საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული

აშშ-ის 2021 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, წლიური საბიუჯეტო კანონი, რომელიც სხვადასხვა ფედერალური ორგანოს მიერ გასაწევ ხარჯებს განსაზღვრავს, საქართველოს დასახმარებლად არანაკლებ 132 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს, თუმცა თანხის გაცემა ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი 27 დეკემბერს მოაწერა, წერია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა სახელმწიფო მდივანმა კონგრესის ასიგნებების კომიტეტებს საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ მოხსენება უნდა წარუდგინოს.

აქტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო მდივნის ანგარიში დეტალურად უნდა ასახავდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ ქმედებებს, რომელთა მიზანიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა, მათ შორის, ბოლო არჩევნების გზით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა და საინვესტიციო კლიმატი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

ამავე განმარტებითი ბარათის მიხედვით, „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია და კვლავაც დაუჭერს მხარს ქართველი ხალხის ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია, მმართველობა და კანონის უზენაესობა“.

წინა წლების პრაქტიკის კვალდაკვალ, კანონი კრძალავს იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარეს.

დოკუმენტის თანახმად, „აქტის მიხედვით გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დახმარებას, რომელმაც… აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან“.

კანონი ასევე განსაზღვრავს, რომ აქტის მიხედვით გამოყოფილი თანხები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდაჭერას არ უნდა მოხმარდეს.

აქტის მიხედვით, გათვალისწინებული დახმარება არ უნდა მოხმარდეს „ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თუ მისი მთავრობის რომელიმე ქმედება არღვევს სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელ დირექტორებს უნდა დაავალოს, მხარი არ დაუჭირონ ამ ინსტიტუტების მიერ დახმარების გამოყოფას იმ პროგრამებისთვის (მათ შორის სესხების, კრედიტების ან გარანტიების), რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.

აქტი ასევე შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რომლის ექვსი წევრიდან ერთ-ერთი საქართველოცაა, და აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები ევროკავშირთან ამ ქვეყნების ასოცირების შეთანხმებებისა და სავაჭრო ხელშეკრულებების განხორციელებას უნდა დაეხმაროს, ასევე ხელი უნდა შეუწყოს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიმართ მათი მოწყვლადობის შემცირებას“.

დახმარების დეტალები

132 025 000 აშშ დოლარიდან, რომელსაც საქართველო დახმარების სახით მიიღებს, 88 025 000 აშშ დოლარი ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან გამოიყოფა. საქართველო 35 000 000 აშშ დოლარს საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამიდან მიიღებს, ხოლო დამატებით 5 700 000 აშშ დოლარი ნარკოტიკებთან ბრძოლის მიზნით გამოიყოფა.

გარდა ამისა, სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის საქართველო 2 200 000 აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო 1 100 000 აშშ დოლარი იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლის, განაღმვისა და სხვა პროგრამების ფარგლებში გამოიყოფა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button