skip to content
ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ 25 დეკემბერს თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ორგანიზაციის გამგეობამ საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

საკითხის შესწავლის შემდეგ, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობამ განაცხადა, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი „ადამიანური შეცდომაა“, ხოლო ამ შეცდომის შესახებ საზოგადოების დაგვიანებით ინფორმირებაზე პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება.

გამგეობის წარმომადგენლებმა 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გამგეობის წევრებს, „სამართლიანი არჩევნების“ გუნდსა და თავად დირექტორს შორის მიღწეული კონსენსუსის საფუძველზე გადადგა. თავად ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვება გამგეობის შეფასების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. მანვე გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციისთვის რეპუტაციის შენარჩუნებაც დაასახელა.

იმავე პრესკონფერენციაზე გამგეობის თავმჯდომარემ, თამარა სართანიამ განმარტა, რომ ხმების პარალელური დათვლა პროგრამულად ხორციელდება, რომელიც ბოლოს სერბულ მეთოდზე დაყრდნობით განახლდა, სადაც საერთო მაჩვენებლებში ბათილი ბიულეტენებიც ითვლება, რაც ქართულ რეალობაში არ ხდება და არჩევნების შედეგების დაანგარიშებისას ბათილ ბიულეტენებს არ ითვლიან.

გამგეობის თქმით, ქართული ფორმულის შესახებ „სამართლიანმა არჩევნებმა“ არ მიაწოდა მკაფიო ინფორმაცია ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ მეთვალყურეობით ასევე მონაწილეობდნენ ხმების პარალელურ დათვლასა და შედეგების ანალიზში.

„ჩატარებული გასაუბრებების და დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზი არის ადამიანური შეცდომა, რომლის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის ISFED-ის PVT კოორდინატორს/დირექტორის მოადგილეს და NDI ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს“, – აღნიშნეს გამგეობის წევრებმა.

„სამართლიანი აჩევნების“ გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა, ბაია პატარაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ შეცდომის შესახებ პირველად ნოემბრის შუა რიცხვებში, მას შემდეგ შეიტყო, რაც ამის შესახებ ინფორმაცია ეუთოს „საერთაშორისო ექსპერტმა“ მიაწოდა. მისივე თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ შემდგომი შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ განცხადების გაკეთება ნოემბრის ბოლომდე, აუდიტის საბოლოო დასკვნის მიღებამდე გადადო. პატარაიას განმარტებით, მოგვიანებით, ხელმძღვანელობამ საზოგადოების ინფორმირება შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე კიდევ ერთხელ გადაავადა, ვინაიდან სამი პარტიის ხმებში არსებული ცდომილება უმნიშვნელოდ მიიჩნია, რაც მანდატების საბოლოო გადანაწილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა.

გამგეობის განცხადებით, ნიჟარაძემ ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილება 11 დეკემბერს, მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ მმართველი გუნდი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციასთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე PVT-ის შედეგებით მანიპულირებდა.

„კომისიას მიაჩნია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ვერ გაითვალისწინა არსებული პოლიტიკური კონტექსტი და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას, რითაც რისკის ქვეშ დააყენა ორგანიზაციის რეპუტაცია და, ზოგადად, PVT-ის მეთოდოლოგიის სანდოობა“, – განაცხადა ორგანიზაციის გამგეობამ.

„ამასთანავე, კომისიის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არ იკვეთება აღმასრულებელ დირექტორზე ზეწოლის ან დაშინების მცდელობა, რაც მას ამ ინფორმაციის დამალვას აიძულებდა“, – დასძინა მან.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორიციული ნაწილის ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები 11 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით, 45.8%-დან 47.6%-მდე გაიზარდა. მაშინ „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში დისბალანსი აღმოჩნდა.

თუმცა, ხმების პარალელური დათვლის შედეგების გარშემო უთანხმოება პირველად დაზუსტებული მონაცემების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, 9 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ოპოზიცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. მაშინ „სამართლიან არჩევნებში“ კობახიძის ეს განცხადება ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის გამგეობამ განაცხადა, რომ მათ არ იციან, როგორ გაჟონა ინფორმაციამ მმართველ პარტიაში. გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ის შემაჯამებელი ოქმები დამოუკიდებლად გაეანალიზებინა, რომელთაც პარალული დათვლა დაეფუძნა. ორგანიზაციაში არც მათი სატელეფონო საუბრების მოსმენების შესაძლებლობა გამორიცხეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button