ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელურ დათვლაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 10 დეკემბერს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის 9 დეკემბრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ოპოზიცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

ორგანიზაციის შეფასებით, კობახიძის განცხადება „ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორე მხრივ, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება“. ორგანიზაციის თქმით, მან პარალელური დათვლის „მრავალშრიანი აუდიტი“ ჩაატარა და უახლოეს დღეებში, შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს, რომელშიც აუდიტისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაცია იქნება ასახული.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“, დასავლურ ინსტიტუტებს თავს „გახშირებულად“ ესხმის. ამ კონტექსტში მან ოპოზიციის მიერ „ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედი“ ორგანიზაციის – „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგების „უხეში მანიპულაცია“ დაასახელა. კობახიძის გნცხადებით, აღნიშნული ოპოზიციის მიერ „რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იყო მოაზრებული“. „რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად [არასამბთავრობო] სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან“, – დაამატა მან.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული ნაწილის ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები 1 ნოემბერს წარმოადგინა. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი შედეგები, ცესკოს მიერ იმ დროისთვის დათვლილი უბნების მონაცემებს დაახლოებით 3%-იანი ცდომილებით, დიდწილად დაემთხვა. მიუხედავად ამისა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ არჩევნების შედეგებზე აღნიშნული ტენდენციის გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button