skip to content
ახალი ამბები

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული ორთვიანი მკაცრი შეზღუდვები 24 დეკემბირიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, გეგმისამებრ არ მოიხსნება და ისინი მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდება.

22 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3 064 -ით – 212 526-მდე გაიზარდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი – 21 910-ია.

22 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა ქვეყანაში ინფექციის გავრცელების შენელებაზე „პირდაპირი გავლენა იქონია“ და ამ შედეგს „გაფრთხილება“ სჭირდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან:

  • თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება;
  • ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრასპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა;
  • არ გაიხსნება ბაზრობები. მუშაობას წესების დაცვით მხოლოდ აგრარული ბაზრები გააგრძელებენ;
  • წესების დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები.

საკოორცინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ობიექტებისთვის დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდება. კერძოდ:

  • მაღაზიები 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე იმუშავებენ;
  • სავაჭრო ობიექტების შიდა და გარე სივრცეებში სავალდებულო იქნება რიგებისა და ნაკადების მართვა, აგრეთვე დისტანციის დაცვისა და პირბადეების სწორად ტარების კონტროლი;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები დაკეტილი უნდა იყოს;
  • მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2ზე მხოლოდ 1 ადამიანი დაიშვება;
  • ფასდაკლებების აქციები ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გატანის სერვისით.

ქყვეყნის მასშტაბით, ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც მხოლოდ ახალი წლისა (31 დეკემბერი) და შობის (6 იანვარი) ღამეებში მოიხსნება. აგრეთვე, რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობას მვლავ მხოლოდ გატანის სერვისზე გააგრძელებენ.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასტუმროების რესტორნები 21:00 მდე პერიოდში იმუშავებენ, 21:00-დან კი – დასაშვები იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

არსებული ინფორმაციით, 3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, უქმე დღეები გამოცხადდება და არ იმუშავებენ საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. 16 იანვარიდან 31 იანვარის ჩათვლით პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება. ყველა შეზღუდვა სრულად 1 თებერვლიდან უნდა მოიხსნას.

ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი დამატებითი მკაცრი შეზღუდვები მთავრობამ 28 ნოემბერს აამოქმედა. მაშინ, პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დაწესებული შეზღუდვები დიდწილად მოიხსნებოდა, მათ შორის, აღდგებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button