skip to content
ახალი ამბები

Facebook-მა პატრიოტთა ალიანსთან და „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ქსელები წაშალა

სოციალური ქსელების გიგანტის, Facebook-ის მიერ 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ნათქვამია, რომ ოქტომბრის თვეში პლატფორმამ ორი ქართული ქსელი წაშალა, რომელთაგანაც ერთი პოლიტიკურ პარტიებთან – პატრიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან, ხოლო მეორე ინტერნეტგამოცემა „ალტ-ინფოსთან“ იყო დაკავშირებული. საერთო ჯამში, პლატფორმიდან მათთან კავშირში მყოფი Facebook-ის 104 ანგარიში, 63 გვერდი, 6 ჯგუფი, 8 ღონისძიება და Instagram-ის 40 ანგარიში წაიშალა.

დოკუმენტის თანახმად, აქედან 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და Instagram-ის 21 ანგარიში პატრიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან დაკავშირებული ქსელის ნაწილი იყო, რომლებიც „ჯერ კიდევ აუდიტორიის მოზიდვის ადრეულ ეტაპზე იმყოფებოდნენ“.

„ქსელი საქართველოში არსებულ სიახლეებსა და პოლიტიკურ მოვლენებზე მასალებს ძირითადად ქართულ ენაზე აქვეყნებდა, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე პატრიოტთა ალიანსისა და ქართული ოცნების მხარდამჭერ კომენტარებს, ოპონენტებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების კრიტიკას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება მეორე ქსელს, რომელსაც დოკუმენტის თანახმად, ინტერნეტგამოცემა „ალტ-ინფოსთან“ ჰქონდა კავშირი, Facebook-ის 50 ანგარიშს, 49 გვერდს, ოთხ ჯგუფს, რვა ღონისძიებასა და Instagram-ის 19 ანგარიშს აერთიანებდა. ანგარიშის თანახმად, ქსელი „ალტ-ინფოს“ მასალებისთვის უფრო მეტი პოპულარობის შესაძენად ყალბ ანგარიშებს იყენებდა. დოკუმენტის მიხედვით, Facebook-დან თავად „ალტ-ინფოც“ წაიშალა.

Facebook-ის განცხადებით, ქსელი მასალებს ძირითადად საქართველოში არსებული სიახლეებისა და მიმდინარე მოვლენების, ასევე ევროკავშირის და რუსეთის პოლიტიკის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, პოლიტიკოსების შესახებ აქვეყნებდა და სხვა ადგილობრივ მედიასაშუალებებს, ასევე ლიბერალ პოლიტიკოსებს, ემიგრანტებს, უმცირესობებსა და ლგბტ თემს აკრიტიკებდა. „ამგვარი საქმიანობა მოიცავდა სიძულვილის ენის გამოყენებას და ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც ადგილობრივმა ფაქტების გადამოწმების ჯგუფებმა ყალბად შეაფასეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button