ახალი ამბები

ქვეყნის პირველმა პირებმა არჩევანი გააკეთეს

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და მოქალაქეები მომდევნო 4 წლით საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ წარმომადგენელებს ირჩევენ. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „მე მივეცი ხმა, ისევე როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას – თავისუფლად, მშვიდად. დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ, იმისთვის, რომ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ – ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ პანდემიის რთულ პირობებში. მიუხედავად ამისა, ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს უბნებზე. ყველა პირობა დაცულია. დაიცავით დისტანცია, თქვენ თვითონაც და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი: „წინასაარჩევნო კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნას. შესაბამისად, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი და ღირსების ფასი. მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღეს. ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, ამიტომ მე ხმა მივეცი მომავალს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და მთავარია, რომ ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვას. მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი სინდისის, თავისი ოჯახის მომავალს მისცენ ხმა. ჩვენ მუდამ ვაცხადებთ, რომ გვექნება არანაკლებ 55%-ისა და არაუმეტეს 60%-ისა. სხვა კვლევებიც არსებობს, გარდა შიდაპარტიულისა. 2-3 ტელეარხი სიცრუეზეა აგებული და მათ ანგარიშს არ ვუწევთ, სხვა დანარჩენი კვლევები კი, სწორედ ამაზე მიუთითებს. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. მე ვფიქრობ, რომ 100 მანდატი ექნება ქართულ ოცნებას, საშუალოდ“.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ფოტო: Facebook/Georgian Dream
კახა კალაძე – თბილისის მერი: „მოსახლეობას მადლობა მინდა გადავუხადო, იმისათვის, რომ ყველა იხდის თავის მოქალაქეობრივ ვალს. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით საარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ეს განწყობები, რაც არის ჩვენი გუნდის მიმართ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში გავიმარჯვებთ. ასევე საფუძველს მაძლევს თუნდაც ის კვლევები, რომლებიც გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა ტელევიზიებში. თუმცა, ეს არ არის მთავარი – მთავარი არის საზოგადოების განწყობა. მე გუშინ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რეალურად ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს ხედვა როგორ განავითაროს ქვეყანა, როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა, არის ქართული ოცნება“.

თბილისის მერი კახა კალაძე, ფოტო: facebook.com/kakhakaladzeofficial/
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მე ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. ყველა ავტორიტეტული კვლევებით ქართული ოცნების მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 55%-დან 60%-მდე იყო. შესაბამისად, ჩვენ მოველით, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის“.

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფოტო: facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial

    This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

    მსგავსი/Related

    Back to top button