skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან 

ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „ევროპელმა დემოკრატებმა“, „გამარჯვებულმა საქართველომ“, „ერთიანმა საქართველომ“ და მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, სადაც ისინი პირობას დებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

30 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებით, ოპოზიციური პარტიები აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ:

  • „მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ძალაუფლების ერთპიროვნული და უკონტროლო კონცენტრაციით, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირებით და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმების სრული მორღვევით; მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზირებით და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით“;
  • „ჩრდილი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და შეაფერხა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში“;
  • „ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებით და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით“;
  • „ნორმალიზების პოლიტიკის საფარქვეშ შეასუსტა საქართველოს სამომლაპარაკებლო პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დეოკუპაციის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით“.

„პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია შეთანხმებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button