ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქვეყანაში 2016-2020 წლების კორუფციულ გარემოს აფასებს 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ 2016-2020 წლებში ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემოსა და ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „არსებულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელი იქნება ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემის მასშტაბური რეფორმის გარეშე“, ხოლო ამგვარი რეფორმის საკვანძო ელემენტი ფართო უფლებამოსილებებით აღჭურვილი, დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა უნდა იყოს.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, საქართველოში სტაბილურად დაბალია წვრილმანი კორუფციის დონე, თუმცა მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში გავრცელებულია კორუფციის სხვა ფორმები;
  • უკანასკნელ წლებში მკაფიოდ გამოიკვეთა ძალაუფლების კონცენტრაციის, საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების პრობლემები, რაც ართულებს მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების სათანადოდ გამოძიებას და ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებას;
  • შესაბამისად, ეფექტიანი რეაგირების გარეშე დარჩა ამ პერიოდში გამოვლენილი კორუფციის არაერთი შემთხვევა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების საქმიანობას უკავშირდებოდა;
  • შემაშფოთებელია სახელმწიფო შესყიდვებში თანამდებობის პირებთან და მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო წარმატების ტენდენცია – როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე;
  • აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა საქართველოს ქულა კორუფციის აღქმის ინდექსში, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შენელდა ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა. ამავე დროს, პრობლემად რჩება არსებული ანტიკორუფციული ნორმების აღსრულება;
  • მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ნაკისრი ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მხრივ.

ორგანიზაციის თქმით, 2016-2020 წლების ანტიკორუფციული დღის წესრიგის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ სხვა ხარვეზებთან ერთად, პრობლემური იყო 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებაც, რომლის თანახმად, თანამდებობის პირს შეუძლია, რომ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითოს მისი ისეთ კომპანიაში „თანამონაწილეობა“, რომელიც ბოლო 6 ან მეტი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, რაც დარღვევად აღარ ჩაითვლება. „ეს ცვლილება უკიდურესად ართულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და დაინტერესებული მოქალაქეების მიერ თანამდებობის პირების ბიზნესკავშირების მონიტორინგს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა, პრობლემად რჩება აღმასრულებელი შტოს საქმიანობაზე სუსტი საპარლამენტო კონტროლი. „პარლამენტის წევრები არ ავლენენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, ხოლო მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფა. პრობლემური იყო სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების არარსებობის გამო მამხილებელთა დაცვაც.

„მიუხედავად კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, პრაქტიკულად არ ხდება კორუფციის იმ რისკების მართვა, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირების კერძო სექტორში გადანაცვლებას უკავშირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ზოგიერთი მიზანი კვლავ მიუღწეველია. კერძოდ, ეს ეხება მაღალი დონის კორუფციას. ამას გარდა, ნაწილობრივ შესრულდა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კუთხით ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს ევროპის საბჭოს ქვეყნების კორუფციის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფისა (GRECO) და OECD-ანტიკორუფციული ქსელის (OECD ACN) რეკომენდაციების შესრულების მხრივაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკებიც. „ეჭვებს ბადებს ის გარემოება, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების უდიდესი ნაწილი მმართველ პარტიაზე მოდის, ხოლო მმართველი პარტიის შემომწირველები დიდ თანხებს იღებენ სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით“, – ნათქვამია დოკუმენტში. ორგანიზაციისვე თქმით, წინა წლების მსგავსად, კორუფციის სავარაუდო შემთხვევების გამოძიება მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და პარტიებთან დაკავშირებული გავლენიანი პირების ჩართულობით კვლავ პრობლემად რჩება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button