skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ შმაგი მუთოშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 

პანკისის ხეობაში, ნოემბერში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი (ასლან) მუთოშვილი, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით 18 სექტემბერს დააკავეს. მას სასამართლომ 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდება დუისში ივლისში მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილის სავარაუდო მონაწილეობას უკავშირდება, როდესაც ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს. სახლს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც თავდამსხმელებმა თავიანთ სამიზნეს, მურად ქავთარაშვილს ააცილეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სახლს შეაფარა თავი, სადაც მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

მუთოშვილის დაპატიმრებას 20 სექტემბერს სოფელ ჯოყოლოში პროტესტი მოჰყვა, სადაც დაკავებულის ნათესავები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ნათესავები მიიჩნევენ, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გამოგონილია. მათივე თქმით, საქმეზე მტკიცებულება არ არსებობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლა ოჯახებს შორის არსებულ დაპირისპირებას მოჰყვა.

ადრინდელი მოვლენები

ივლისის ინციდენტს წინ მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების ოჯახებს შორის დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ადგილობრივებს შორის ჩხუბი მოხდა. შედეგად, ერთი პირი, დაკავებულის ძმა, 37 წლის ვისური (ვისო) მუთოშვილი გარდაიცვალა, სამი პირი კი – დაშავდა.

ინციდენტში მონაწილე ორი პირი – 27 წლის არბი ქავთარაშვილი და 30 წლის რამაზ ხანგოშვილი მალევე დააკავეს და აგვისტოში გაასამართლეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ქავთარაშვილს მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების, შენახვისა და შესყიდვის ბრალდებით 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხანგოშვილი კი -მკვლელობის ბრალდებით ციხეში 9 წელს გაატარებს. გავრცელებული ინფორმაციით, არბი ქავთარაშვილი მურად ქავთარაშვილის ძმისშვილია, რომელიც ივლისში, სავარაუდოდ, გარდაცვლილის ძმის, შმაგი მუთოშვილის სამიზნე გახდა.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, ქავთარაშვილებმა მუთოშვილებთან შერიგება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. მოკლულის ოჯახისა და გვარის წარმომადგენლები სასამართლო პროცესებში არ მონაწილეობდნენ. მათ ჩვენება არც გამოძიებისთვის მიუციათ. ამავე ინფორმაციით, ისინი შეეცდებიან, რომ საქმე შარიათის წესით გაარჩიონ.

ვრცელდება ოჯახებს შორის დაპირისპირების ორი ვერსია. პირველი ვერსიით, ქავთარაშვილები და მუთოშვილები ერთმანეთს ხეობაში, მდინარე ხადორზე ჰესის მშენებლობაზე დაწყებული დავის გამო დაუპირისპირდნენ, რასაც 2019 აპრილში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოჰყვა. მუთოშვილები პანკისში ჰესების მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მეორე ვერსიით კი – მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს უთანხმოება სხვადასხვა საკითხზე ჰქონდათ, რაც მუდმივად ჩხუბით სრულდებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button