Newsახალი ამბები

მედიის კოალიცია შსს-ს პანკისის რადიოს დარბევის მუქარის საკითხზე მიმართავს

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის 2 სექტემბერს გამოეხმაურა პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს გაჟღერებულ მუქარებს. კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს რადიოს დარბევის მუქარებზე, რომლებიც, მათი თქმით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს შეიცავს. 

კოალიციის განცხადება პანკისის სათემო რადიოს გავრცელებულ ვიდეომასალას მოჰყვა, რომელშიც ჩანს, რომ 29 აგვისტოს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ათობით ადამიანი შეიკრიბა ადგილობრივი რადიოს და მისი დამფუძნებლის საქმიანობის გასაპროტესტებლად. პანკისის რადიოს თქმით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამაზ მარგოშვილი, რადიოს დარბევით იმუქრებოდა.   

ვიდეოს თანახმად, მარგოშვილმა თქვა: „ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას (გელა მთივლიშვილს) რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ”.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წერს, რომ პანკისის რადიოს გავრცელებულ ვიდეომასალაში „იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები“.  

პანკისის რადიო ირწმუნება, რომ მათ წინააღმდეგ აქციის ორგანიზებას ქართული ოცნების აქტივისტი და როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელი ლია მარგოშვილი უძღვებოდა. ამასთან, კულისებს მიღმა აქციის ორგანიზებისთვის პანკისის სათემო რადიო ბრალს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და უსაფრთხოების სამსახურს დებს.   

რადიო ამბობს, რომ აქციას მმართველი გუნდის არაერთი წევრი ესწრებოდა. ვიდეოს თანახმად, რადიოს წინააღმდეგ მიტინგზე შეკრებილთა შორის არიან ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ბაღაკაშვილი, ახმეტის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან თამაზ ბორჩაშვილი და როსტომ ალხანაშვილი.  

პანკისის სათემო რადიოს წამყვანმა ლუიზა მუთოშვილმა Civil.ge-ს უთხრა, რომ მათ საქმიანობას მთავრობის მიმართ კრიტიკულად მაუწყებლობის გამო აპროტესტებენ. „რადიო ობიექტურად ფარავს და აშუქებს სახელმწიფო პოლიტიკას პანკისის ხეობაში. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ჩვენი არსებობა არ შედის მთავრობის და სუს-ის ინტერესებში”, თქვა მუთოშვილმა.   

ამასთან, პანკისის რადიოს თქმით, აქციამდე რამდენიმე კვირით ადრე მათ აღმოაჩინეს, რომ როდი სკოტის ფონდი იმ ორსართულიანი შენობის პრივატიზებითაა დაინტერესებული, რომელშიც რადიოს ოფისია განთავსებული. პანკისის სათემო რადიო ამბობს, რომ ოფისით სარგებლობის უფლება ახმეტის მუნიციპალიტეტისგან 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით აქვს აღებული.

ლუიზა მუთოშვილმა განაცხადა, რომ რადიო, მუქარების მიუხედავად, საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვამდე მაუწყებლობის გაგრძელებას გეგმავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button