ახალი ამბები

ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოს მოქალაქეს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს, რომელიც 3 ივლისს, „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის დააკავეს, 21 აგვისტოს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სააგენტო „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოკუპირებული ცხინვალის მტკიცებით, მღებრიშვილი რეგიონში გადასვლას ლუგარის ლაბორატორიისთვის ღამურების შეგროვების მიზნით ცდილობდა.

მღებრიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს და „უკანონო ქმედებაზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს“ აკისრებს.

„აღნიშნული ე.წ. „გადაწყვეტილება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“, – აცხადებენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად და „აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე“ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას განაგრძობს.

საქართველოს მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანიც გამოეხმაურა და ცხინვალის გადაწყვეტილებას „უკანონო“ უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა „გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“ ძალისხმევას არ იშურებს.

„ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით“, – დასძინა ახვლედიანმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button