ახალი ამბები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

6 აგვისტოს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა ახვლედიანი წარადგინა.

45 წლის თეა ახვლედიანი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში 1997 წლიდან მსახურობდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2014-19 წლებში იგი ესტონეთში საქართველოს ელჩად მუშაობდა.

2008-14 წლებში ახვლედიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამ პერიოდში იგი მას წამყვანი როლი ეკისრებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მომზადებისა და მოლაპარაკების პროცესში.

მანამდე, 2004-08 წლებში ახვლედიანი ბრიუსელში საქართველოს საელჩოში მრჩევლადაც მუშაობდა.

ხუთშაბათის სამთავრობო სხდომაზე ახვლედიანის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ახალ მინისტრს აქვს „დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგებლობაში, როგორც ევროპის მიმართულებით ასევე კონფლიქტების მიმართულებით“.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე, ამიტომ ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი პირველ რიგში მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება“, დაამატა პრემიერ-მინისტრმა.

თავის ახალ ამპლუაში პირველი პრეს-ბრიფინგისას ახალმა მინისტრმა თქვა, რომ „ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი და ჩვენ ვართ დაინტერესებული მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით და პირდაპირი კონტაქტების დამყარებით“.

ახალი მინისტრის თქმით, „მე მჯერა, რომ არსებობს არსებული გამოწვევების ისეთი გადაწყვეტა, რომელიც აუცილებლად შეეხმიანება როგორც აფხაზური და ოსური, ასევე ქართული საზოგადოებების საერთო ინტერესებს. მე მჯერა, რომ ჩვენ წარმატებით გავართმევთ ამას თავს და ვიპოვით აუცილებლად ამ გზებს. […].. ჩვენი ეს მისწრაფება მიმართულია მავთულხლართების და ფიზიკური ბარიერებით იზოლირებული მოსახლეობის დეიზოლაციისკენ“.

ახვლედიანის სიტყვებით, „ამ პროცესში ჩვენ ვიქნებით ღია დიალოგისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მხარდაჭერით და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობით“.

თეა ახვლედიანის წინამორბედი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც მინისტრის პოზიციას 2016-20 წლებში იკავებდა, საქართველოს ელჩად დაინიშნა ავსტრიაში და ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button