ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 10 ივლისი

🇪🇸 ესპანეთში კოალიციური მთავრობის მომცრო ჯგუფს, მემარცხენე „უნიდას პოდემოსს“ წინადადება წამოუყენებია, ქვეყანაში მცხოვრებ 600 000 უსაბუთო ემიგრანტსა და თავშესაფრის მაძიებელს ლეგალური სტატუსი მიანიჭონ. „პოდემოსს“ ასევე სურს კოვიდის პანდემიის პერიოდში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოს შემსრულებელ, — მაგალითად მოხუცებულთა მომვლელ — ემიგრანტებს ესპანეთის მოქალაქეობა მისცენ. პარტიის წარმომადგენელ პაბლო ეჩენიკეს სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით უთქვამს, ემიგრანტებისათვის სტატუსის მიცემა ქვეყნის ბიუჯეტს გადასახადების გზით 1,5 მილიარდ ევროს მოუტანსო. სოციალისტებს – მთავარ კოალიციურ ძალას – უთქვამს, რომ წინადადებას მხარს არ დაუჭერს.

🇪🇺 🐝 ევროპის აუდიტორთა სასამართლოს გუშინ ანგარიში წარმოუდგენია, რომელშიც წერია, ევროკავშირის პოლიტიკა საკმარისი არაა ფუტკრებისა და დამმტვერავი მწერების გადაშენების შესაჩერებლადო. სახუმარო არ გვეგონოს ეს ამბავი. ბოლო პერიოდში ფუტკრებისა და სხვა დამმტვერავების რაოდენობის შემცირების გამო ევროპასა და სხვა ადგილებშიც განგაშის ზარები შემოჰკრეს. საქმე ისაა, რომ თუ ფუტკრები შემცირდება, მთელი რიგი საკვები პროდუქტების მოსავალიც მოიკლებს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, დამმტვერავების არსებობაზე მსოფლიო კვებითი მრეწველობის 35%-ა დამოკიდებული.

🇪🇺🇮🇪 ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა ევროჯგუფის თავკაცად ირლანდიის ფინანსთა მინისტრი პასკალ დონოჰი აირჩიეს. დონოჰის კონკურენტები ლუქსემბურგელი პიერ გრამენა და ესპანელი ნადია კალვინო იყვნენ. ამ უკანასკნელს გერმანია და საფრანგეთი უჭერდნენ მხარს. ბატონი დონოჰი ევროზონის პრეზიდენტობის ორწელიწადნახევრიან თავგადასავალს ორშაბათს შეუდგება. ამ კორონავირუსით შერყეული ეკონომიკის ჟამს, ფრიად რთული დრო კი ელოდება წინ პატივცემულ ირლანდიელს.

მსგავსი/Related

Back to top button