ახალი ამბები

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობაზე

კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 6 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ორი „ობიექტური და მიუკერძოებელი“ მედიაპლატფორმის – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციისთვის „სახელმწიფო კვლავაც  იყენებს თავის ბერკეტებს“.

კოალიციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას პატივი სცეს მედიის მუშაობას და უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები „პოლიტიკური თავდასხმების და დისკრედიტაციის“ სუბიექტები არ გახდებიან.

კოალიციის განცხადებას ერთი დღით ადრე წინ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული პლატფორმის „მედიაკრიტიკის“ სტატია უძღოდა, რომლის თანახმადაც „ნეტგაზეთი“ და სხვა მედიასაშუალებები „დეზინფორმაციასა და ფეიკნიუსს“ ავრცელებენ.

„მედიაკრიტიკის“ სტატია, „ნეტგაზეთის“ მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებულ მასალას პასუხობს, სადაც ონლაინგამოცემა იმ მიზეზებს განიხილავს, რის გამოც კომუნიკაციების კომისიამ 47 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მიერ Facebook-ისთვის გაგზავნილი ღია წერილის ზოგიერთი ხელმომწერი საჯაროდ გააკრიტიკა.

კომისია „ორმაგ სტანდარტებზე“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც Facebook-ს პოლიტიკური რეკლამების გამჭირვალობისკენ მოუწოდებენ, თავად არიან მაუწყებლების გამჭირვალობის წინააღმდეგ და მაუწყებლობის შესახებ 2013 წელს მიღებული საქართველოს კანონის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.

დღევანდელ განცხადებაში, კოალიციამ ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც კომუნიკაციების კომისია „მედიაკრიტიკის“ პლატფორმას დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე „თავდასხმისთვის“ იყენებს, ეს თავად „მედიაკრიტიკის“ სარედაქციო დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ.

გვჭირდება თუ არა სახელმწიფოსგან ზურგგამაგრებული მედიაკრიტიკა?

კოალიციის თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების წევრის, ლადო მგალობლიშვილის  მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი „ნეტგაზეთთან“ დაკავშირებული გამოცემა – „ბათუმელები“ გახდა. მგალობლიშვილმა მედიასაშუალება მისი ინტერვიუსთვის „ხმაურიანი სათაურის“ შექმნაში დაადანაშაულა.

ივნისში მან „ბათუმელების“ ერთ-ერთ ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს „ფეიკნიუსის შემქმნელი“ და „სამარცხვინო არაადამიანი“ უწოდა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი მსგავსია და რომ კომუნიკაციების კომისიას და მმართველი პარტიის დეპუტატს „ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების“ დისკრედიტაცია სურთ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button