Placeholder canvas
ახალი ამბები

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო 6 ივლისს საქართველოს სტუმრობს. იგი პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დროს ჩამოვიდა.

უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ უნგრეთი „არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი“. მან მადლობა გადაუხადა პიტერ სიიარტოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების „მკაფიო მხარდაჭერისთვის“ ნატოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალებზე.

ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას მადლობა პანდემიის დროს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვისაც გადაუხადა.

მინისტრებმა საზღვრების გახსნის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პიტერ სიიარტოს სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება: „სავსებით გვესმის, რომ საქართველომ გაახანგრძლივა ამ მხრივ შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანას წარმატებები გვაქვს ამ სფეროში, ორივე ქვეყანა ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. შევთანხმდით,რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივად გაცვლის ინფორმაციას ამ მიმართულებით“.

ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ პანდემიის დროს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და პარტნიორობის დასტურია.

მინისტრებმა უნგრული ავიაკომპანია „Wizz Air“-ის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც ევროპის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს. პიტერ სიიარტო განაცხადა, რომ მას მერე, რაც კომპანია სრული მასშტაბით ოპერირებას განაახლებს, მისი ერთ-ერთი პრიორტეტული მიმართულება კვლავ საქართველო იქნება.

დღესვე, მინისტრი სიიარტო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს – მიხეილ ჩხენკელს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარს, ილია II-საც შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button