Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ აშშ–ის ანგარიშში

საქართველოს ხელისუფლება „სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს“, ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ 25 ივნისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ სერიოზულ ძალისხმევას მიმართ ტრეფიკინგის აღმოფხვრის და მსხვერპლთა დაცვის კუთხით. შესაბამისად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ ჯგუფში სამჯგუფიან სისტემაში, რაც მართალია, იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს მთავრობამ „მეტი ეჭვმიტანილის დევნა განახორციელა, მეტი მსხვერპლი გამოავლინა და მათ მეტი დახმარება აღმოუჩინა;“ ამას გარდა, მობილური საიდენტიფიკაციო ჯგუფების რაოდენობა ოთხიდან ექვსამდე გაიზარდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია ხელისუფლება მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მან „უცხოელ მსხვერპლებს სასამართლო პროცესის დასრულებამდე ქვეყანაში დარჩენა სთხოვა, რამაც შეაფერხა თანამშრომლობა მსხვერპლთა მხრიდან, კერძოდ იმ უცხოელ მსხვერპლთა მხრიდან, რომელთაც ნელი სასამართლო პროცესის გამო სამშობლოში დაბრუნება სურდათ“.

ანგარიშის თანახმად, მსხვერპლის ოფიციალური სტატუსის მიღება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ხუთწევრიანი მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან „სულ უფრო რთული ხდებოდა“.

„მართალია მთავრობამ გააფართოვა შრომის ინსპექციის მანდატი და მასში დაუგეგმავი ინსპექციების ჩატარებაც შევიდა, შრომის ინსპექციას არ ყავს საკმარისი თანამშრომლები, რესურსების და ტრენინგების ნაკლებობას განიცდის იმისათვის, რომ თავისი საზედამხედველო პასუხისმგებლობები სრულად შეასრულოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ადამიანით მოვაჭრეები საქართველოში ადგილობრივ და უცხოელ მსხვერპლთა ექსპლოატაციას ეწევიან; ამას გარდა, ისინი ადგილობრივ მსხვერპლთა ექსპლოატაციას ეწევიან საზღვარგარეთ.

ანგარიშის თანახმად, ქალები და გოგონები საქართველოდან, ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში და გარკვეულწილად, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. ამას გარდა, საქართველო „სატრანზიტო ქვეყანაა“ ქალებისთვის ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან, რომელთა ექსპლოატაციაც თურქეთში ხორციელდება.

დოკუმენტის თანახმად, როგორც მამაკაცები, ისე ქალები იძულებითი მუშაობის მსხვეპლნი ხდებიან საქართველოში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებული საამიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსში და ერაყში. ქართველ, ბოშა და ქურთ ბავშვებს საქართველოში იძულებით მათხოვრობას, ან დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას აიძულებენ.

აღნიშნავს რა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ანგარიში მოუწოდებს მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დევნილები ოკუპირებული რეგიონებიდან „განსაკუთრებით მოწყვლად მოსახლეობად მიიჩნიონ ტრეფიკინგთან მიმართებით“ განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ზოგიერთი დამკვირვებელი იძულებითი შრომის სავარაუდო შემთხვევების შესახებ იტყობინება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button