ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს

Tags

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 29 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში ხანგრძლივი მოსმენა გაიმართა.

ნაციონალური მოძრაობის კითხვები ქვეყანაში სიღარიბის „გაუარესებულ“ მაჩვენებლებს და ამ მიმართულებით კრიზისიდან გამოსვლის სამთავრობო გეგმას ეხებოდა. ევროპული საქართველოს კი აინტერესებდა, რატომ არ ამცირებს მთავრობა გადასახადებს და ბიუროკრატიულ ხარჯებს, ასევე რატომ არ აძლევს მოქალაქეებს საპენსიო ფონდში შეტანილი თანხების კრიზისის დროს გამოყენების შესაძლებლობას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით კითხვა რომან გოცირიძემ დასვა. გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ერთადერთი ხელისუფლებაა მსოფლიოში, რომელიც პანდემიისას საკუთარ მოქალაქეებს არ დაეხმარა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაცემული დაპირებები სინამდვილეში „კორუფციული გეგმებია“, რომლებიც სინამდვილეში ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის „ფულის შოვნის სქემას“ წარმოადგენს.

პასუხად გიორგი გახარიამ თქვა, რომ სიღარიბე ქვეყნის ეკონომიკის „სტრუქტურული პრობლემაა“, თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ამ მხრივ არსებული მდგომარეობა უმჯობესდება. მან მოქალაქეების დასახმარებლად მთავრობის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სოციალურ პროგრამაზეც (უფასო სახელმძღვანელოები, საყოველთაო ჯანდაცვა და სხვ.) გაამახვილა ყურადღება.

„ვიცით, რომ საკმარისი არ არის, მაგრამ ყველაფერი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა იყო ადამიანის ინტერესებსა და ზრუნვაზე ორიენტირებული“, – განმარტა გიორგი გახარიამ.

მან რომან გოცირიძე ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ უკვე 25 მაისიდან საქართველოს 427 206 მოქალაქემ მთავრობის მიერ დაპირებული სოციალური დახმარება „საკუთარ ანგარიშებზე უკვე მიიღო“.

პრემიერმა ევროპული საქართველოს კითხვები „ემოციურ პოლიტიკური ლოზუნგებებად“ და „პოლიტიკური პოპულიზმად“ შერაცხა და თქვა, რომ გადასახადების დაწევის შესახებ მათი ეკონომიკური გეგმის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, „ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჩამოინგრევა“.

ამასთან, პრემიერის თქმით, საპენსიო ფონდი „მოქალაქის ხანდაზმულობის ნორმალურად უზრუნველყოფის გარანტი“ იქნება და მისი გამოყენება „მოულოდნელი კრიზისის“ დროს არ უნდა ხდებოდეს.

„სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უფრო კომპეტენტურ და უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს“, – თქვა პრემიერმა ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ.

პოლიტიკური შეფასებები

მმართველ გუნდში ოპოზიციის მიერ ინტერპელაციის წესით დასმული კითხვები დაიწუნეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციამ ქვეყანაში არსებული სიღარიბე „პიარსტრატეგიად“ აირჩია. „წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობის ჩათვლით, ეს არის ცალკე მავნებლობა“, – მიმართა მან ოპონენტებს.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა კი აღნიშნა, რომ ოპოზციის წევრების გამოსვლები „ყალბი პათოსითა“ და „ფარისევლობით“ იყო განმსჭვალული. „დღემდე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხი [ხართ]. საზოგადოებამ გამოგიტანათ განაჩენი და კიდევ არა ერთგზის გამოგიტანთ“, – უთხრა მან ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებს.

„პრემიერს 8 სიმართლე ესროლა რომან გოცირიძემ და რვავე გაარტყა შუბლში“, – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ და ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ქვეყანაში გაიზარდა ბავშვთა, პენსიონერთა და, ზოგადად, მთელი მოსახლეობის სიღარიბე.

პრემიერის მიერ ევროპული საქართველოს დასმული კითხვის პასუხს „პოლიტიკური უსინდისობის მაგალითი“ უწოდა ევროპული საქართევლოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა კი – აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს განსხვავებული აზრი არ სჭირდება და თავს მარტოც კარგად გრძნობენ. „ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button