skip to content
ახალი ამბები

ქვეყნის პირველი პირები მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 102 წლისთავი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მიულოცეს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სამხედროებისადმი მიმართვისას თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღების საშუალება არ ეძლევა, „ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალები და მათთან ერთად, შეკრული და ძლიერი საზოგადოებაა“.

პრეზიდენტმა ვირუსთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეულ „წარმატებას“ გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სექტორის მხრიდან გაწეულ ძალისხმევას გაუსვა ხაზი. მისივე შეფასებით, „საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა“ და, შესაბამისად, „საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება“.

მანვე კოვიდ-19-ის პანდემიისგან მიღებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად სოლიდარობისა და „პოლიტიკური კონსოლიდაციის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და იგი ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას“.

„ვინც ამ დროს  ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და, მაშასადამე, მის გადარჩენას ებრძვის“, – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავაც საქართველოს პრიორიტეტად რჩება.

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ „პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია“.

მიულოცა რა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე, გიორგია გახარიამ აღნიშნა, რომ „ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას“.

პრემიერმა საუბრისას ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ მიერ გლობალურ უსაფრთხოებასა და პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, ჩვენი ერთიანობა და ჯარის წარმატება ქვეყნის უსაფრთხოებისა და მისი ევროატლანტიკური ორიენტიციის, ასევე აშშ-თან, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის მთავარი გარანტიაა.

საკუთარ სიტყვაში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა: „გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში“.

მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, არის ის, „რითაც ვაგრძლებთ, ჩვენი წინაპრების მიერ დაწყვებულ საქმეს“.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მიულოცა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე და სამხედროების მიერ ქვეყნის „ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში“ გამოჩენილ თავდადებას გაუსვა ხაზი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button