ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საშინაო და საგარეო საფრთხეებზე ანგარიშს აქვეყნებს

Tags

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის წინაშე არსებულ საშინაო და საგარეო საფრთხეებს აფასებს და სამსახურის პრიორიტეტებს მიმოიხილავს.

ანგარიშში მთავარ გამოწვევევად რუსული ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება, საქართველოში ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან გამოყენებული ჰიბრიდული ომი, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, აგრეთვე ტერორიზმია დასახელებული.

ამასთან, ახალი ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, დოკუმენტში კიბერთავდაცვისა და კონტრდაზვერვითი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, სტრატეგიულ მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეა საუბარი.

ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი

ანგარიშში, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის „ეგზისტენციალურ საფრთხედ“ კვლავ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტის უკანონო განთავსებაა დასახელებული.

„ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისევე რეგიონის და ევროპის უსაფრთხოებას“, – ხაზგასმულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული „ოკუპაციის ანექსიური პროცესებით ჩანაცვლების პოლიტიკა“; ოკუპირებული ტერიტორიების „მზარდი მილიტარიზაცია“; ინტენსიური სამხედრო წვრთნები; ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია; თავისუფლად გადაადგილების „ფუნდამენტური“ უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი.

„ანექსიური პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სუს-ი საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის „მკაფიო დინამიკაზეც“ მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი „საოკუპაციო ძალების მიერ დე-ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული“.

„2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიმართეს უკიდურესად შემაშფოთებელ და სახიფათო ქმედებებს, რამაც სერიოზულად დააზიანა უსაფრთხოების გარემო და დამატებითი პრობლემები შეუქმნა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას“, – აცხადებს სუს-ი.

დოკუმენტში გასულ წელს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების ირაკლი კვარაცხელიასა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებებზეც არის ყურადღება გამახვილებული. ანგარიშში სუს-ი ირაკლი კვარაცხელიას დაკავებიდან მცირე დროის შემდეგ, მის გარდაცვალებაზე (ოკუპირებული აფხაზეთის ვერსიით, იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს) პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ მისი გარდაცვალება „უკანონო დაკავების შედეგია“.

სახელმწიფო უსაფრთხოება და კონტრდაზვერვითი საქმიანობა

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს უწყების საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, მისი სუვერენიტეტესა და ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის, სახელმწიფო საიდუმლოებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის, ეროვნული უსაფრთხეობისთვის საფრთხის შემცველი დანაშაულების წინააღდეგ ბრძოლის, ასევე შიდა და გარე საფრთხეების შემცირებისკენ იყო მიმართული.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ძირითადი მიზანი საქართველოზე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება იყო. ამ კონტექსტში ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მხრიდან „სხვადასხვა სახის ფარული და კიბეროპერაციები“, ასევე „მედიამანიპულაციებია“ დასახელებული.

სუს-ი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეებს ასახლებს და ამ მხრივ ხუთ ძირითად ინსტრუმენტს გამოყოფს. ესენია: საოკუპაციო ძალები და დე-ფაქტო რეჟიმები, ე.წ. საინფორმაციო ომი, ე.წ. რბილი ძალა, ეკონომიკური ბერკეტები და ფარული ოპერაციები.

საინფორმაციო ომის თვალსაზრისით, ანგარიშში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიებია დასახელებული, რომელთა მიზანიც დემოკრატიული ღირებულებების დაკნინება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და დასავლეთის კრიტიკა და ამ გზით მოსახლეობის პოლარიზაცია იყო.

სუს-ი დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს და ამბობს, რომ 2019 წლის დასაწყისში კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მიიღო.

„კვლევით ცენტრზე მასშტაბური საინფორმაციო თავდახმები, ისევე, როგორც ვაქცინაციისა და ჯანდაცვის სხვა ეროვნული პროგრამების წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდა, სხვადასხვა გამოწვევის გარდა, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ე.წ. ჰიბრიდული ომის ფარგლებში, სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან დაფიქსირდა ტენდენცია, რომ თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. „ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას“.

აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტროს კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა“.

სუს-ი 2019 წლის ერთ-ერთ ურთულეს გამოწვევად 20 ივნისის მოვლენებს და მის თანმხლებ შედეგებს ასახელებს და განმარტავს, რომ „აღნიშნულმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო“.

„აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩელბლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის მიღებულ ნორმად დამკვიდრების მცდელობები მნიშნველოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის“, – ხაზგასმულია ანგარიშში.

სუს-ი დოკუმენტში გასულ წელს საქართველოში საჯარო და კერძო უწყებებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა, მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება და „სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით, საზოგადოებაში მღელვარების დათესვა“ იყო.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

სუს-ის განმარტებით, მსოფლიოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების „მნიშნველოვნად“  გააქტიურების ფონზე,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წელს „აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირებას, ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მოქმედებდა ტერორიზმის პრევენციისა და საფრთხესთან გამკლავების გზების გაუმჯობესების მიმართულებით“.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება და ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიულ ანგარიშებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button