ახალი ამბები

უსაფრთხოების სამსახური საგარეო და საშინაო საფრთხეებზე ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას და სამსახურის პრიორიტეტებს და კონტრზომებს მიმოიხილავს.

დოკუმენტს, რომელიც პარლამენტს გასულ თვეს წარედგინა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დეპუტატებს მაისის შუა რიცხვებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.

ანგარიშში საქართველოს წინაშე არსებული რამდენიმე საფრთხეა ჩამოთვლილი, მათ შორის ოკუპირებული რეგიონებიდან გამომდინარე საფრთხეები, საერთაშორისო ტერორიზმი და კონტრდაზვერვითი საქმიანობა.

ოკუპირებული ტერიტორიები (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი) 

ანგარიშის თანახმად, რუსული ოკუპაცია და მისი შეიარაღებული ძალების არსებობა ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს სახელმწიფოსთვის „მთავარ საფრთხეს“ წარმოადგენს.

„ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ისე ევროპის უსაფრთოებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

გასული წლის მსგავსად, წლევანდელ ანგარიშში „მზარდი“ მილიტარიზაცია, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, მათ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „არაფორმალური ანექსია“ „მთავარ გამოწვევად“ არის დასახელებული.

ანგარიშის თანახმად, ორ რეგიონში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს სრულად საოკუპაციო ძალა აკონტროლებდა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში პროცესების სამართავად საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ხელოვნურად შექმნილ „პოლიტიკურ-ეკონომიკურ“ არასტაბილურობას და დე-ფაქტო რეჟიმს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. ცხინვალის რეგიონში მოქმედი დე-ფაქტო რეჟიმი კი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს რუსეთი ორ ტერიტორიას, ასევე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს „საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა“.

ტერორიზმი

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად გამოწვევას ისლამური სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ. უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ 2018 წელს ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა „კიდევ უფრო შემცირდა“.

„ტერორისტული ორგანიზაციის იდეების ადგილობრივ მხარდამჭერებს არ აქვთ ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედების შესაძლებლობა და არ ჰყავთ ე.წ. ლიდერი. წარსულში „დაეშის“ იდეების მიმართ მოწყვლადი ახალგაზრდები ამჟამად აღარ ინტერესდებიან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიით. ტერორისტული ორგანიზაციის წევრების თავისუფალი გადაადგილებისა და ფულადი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობის შეზღუდვის შედეგად „დაეშის“ იდეოლოგიის ადგილობრივი მხარდამჭერები მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს განიცდიან“, – ნათქვამია ანგარიშში.

უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირთა ჯგუფების მიზანს „ამ ეტაპზე“ სახელმწიფოსთან დაპირისპირება არ წარმოადგენს. თუმცა. „გამორიცხული არ არის, რომ მომავალში მათ საკუთარი კავშირები და ფინანსური შესაძლებლობები სხვადასხვა ექსტრემისტული ან/და ტერორისტული ჯგუფისა თუ ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოიყენონ“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების მხარეს 20 პირი იბრძოდა. წინა წელს, მათი რაოდენობა 30-ს შეადგენდა. დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, „გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს“.

კონტრდაზვერვა

სუს-ის განმარტებით, 2018 წელს უწყების კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, დაინტერესების სფეროების, მათ მიერ გატარებული მეთოდებისა და საშუალებების დადგენის და შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებების გატარებისკენ იყო მიმართული.

დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები იყო. ამასთან, უწყების განმარტებით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის, საგარეო კურსის შეცვლის, დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნის და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, ასევე ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს, რომლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ყალბი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია იყო.

სუს-ის განმარტებით, წარმოებული კამპანიის მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირება, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, რეგიონის და სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს იმიჯის შელახვა და ურთიერთობების გაუარესება, ასევე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება იყო.

კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ, უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივის ჯგუფების გამოყენებით, სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა ხდებოდა.

ასევე, უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, უცხო ქვეყნების მიერ საქართველოში არსებული ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეც გამოიკვეთა. „უცხო ქვეყნების კომერციული ორგანიზაციები ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირებისთვის გამოეყენებინათ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button