skip to content
ევროპამათი თვალით

როგორ გვეხმარება მობილურის მონაცემები პანდემიის ახსნაში?

კოვიდ-19-ის პანდემია მასზე გლობალური რეაგირების მასშტაბით გამოირჩევა. მის გამო მილიარდობით ადამიანი ახლა სახლშია გამოკეტილი, ანდა ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ნაკლებს მოძრაობს. ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ვირუსთან საბრძოლველად რადიკალური ზომების მიღებისთანავე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ავტორიტარული მთავრობები მობილური ტელეფონებიდან შეგროვებულ მონაცემებს ადამიანების სათვალთვალოდ ანდა მათ მიერ კარანტინის დაცვის გასაკონტროლებლად იყენებდნენ. ევროპაში პიროვნული თავისუფლებების ასეთ დარღვევას კანონი კრძალავს. თუმცა მობილური ტელეფონებიდან შემოსული ანონიმური ინფორმაციაც მრავალმხრივ შეიძლება იყოს სასარგებლო.

ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, საფრანგეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (ინსერმი) მობილურ ოპერატორ “ორანჟთან” (Orange) თანამშრომლობს. მობილურების მომხმარებლებისაგან შეგროვილი ინფორმაციით ინსტიტუტს იმედი აქვს, რომ საგრძნობლად გააუმჯობესებს ეპიდემიების გავრცელების შესწავლას.

საქმე ისაა, რომ ეპიდემიის გავრცელების წინასწარმეტყველებისათვის ექიმები დღესაც იმ სტატისტიკურ მოდელებს იყენებენ, რომლებიც საუკუნის წინ გამოიყვანეს. მართალია, ეს მოდელები შემდეგ მნიშვნელოვნად დაიხვეწა, მაგრამ ყველას ერთი სისუსტე აქვს: ნაკლებად იღებენ მხედველობაში მოსახლეობის გადაადგილების ფაქტორს.

ვიტორია კოლიზზა, ეპიდემიოლოგიისა დარგში ინსერმისა და სორბონის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ მოქალაქეთა გადაადგილებას კოვიდ-19-ის გავრცელებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო.

ის უკვე რამდენიმე კვირაა “ორანჟის” მონაცემებს სწავლობს, რომლის თანახმადაც საფრანგეთში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი ზომების შემოღების პერიოდში, 13-დან 20 მარტამდე მარტო პარიზი 1.2 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამ პირობებში, ამბობს კოლლიზა, ეპიდემიის ტრადიციული სტატისტიკური მოდელები უვარგისია – გადაადგილების ფორმის (მანქანით, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით) და მიმართულებების ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეპიდემიის გავრცელების ვექტორისა და მასშტაბის დასადგენად.

“ასეთი ტიპის პანდემიის დროს მობილობის სურათი მკვეთრად იცვლება,” ამბობს მკვლევარი, თუკი თავიდან ხალხი მასობრივად გავიდა ქალაქებიდან, ახლა “მობილურობის უკიდურესი შეზღუდვის პირობებში ვართ: ხალხი ნაკლებს მგზავრობს, მატარებლების მოძრაობა შეზღუდულია, ფრენები – გაუქმებული. ნორმალური ცხოვრებისათვის დადგენილი სტატისტიკური მოდელები აქაც უვარგისია და მათზე დაყრდნობა მცდარ შედეგებს მოგვცემს. აუცილებელია [მობილური ოპერატორებისაგან მიღებული] მონაცემებით სრულვყოთ ჩვენი ხედვა და რეალურ დროში მივსდიოთ მობილურობის დონის ცვლილებებს.”

ამგვარი მიდგომის ერთ-ერთ შედეგი შეიძლება გადაადგილების აკრძალვების ეფექტურობის დონის შეფასებაც გახდეს. ეგებ აღმოჩნდეს, რომ ხალხი თავიდან დაემორჩილა სახლში დარჩენის მოთხოვნას, მაგრამ ნელნელა სულ უფრო აქტიურად არღვევს ამ წესს? ეგებ ვირუსი ნაკლებად ვრცელდება და საჭიროა აკრძალვების სისტემის მოდიფიცირება? სწორედ ამის შეფასებას ცდილობენ მკვლევარები.

მათი თქმით, საფრანგეთში საუბარი კერძო პირების გადაადგილებაზე დაკვირვება აკრძალულია. “ინსერმი” მხოლოდ განზოგადებულ ინფორმაციას იღებს, რომელიც მოსახლეობის ნაკადების გადაადგილების შესახებ სურათის დასანახადაა საჭირო. კვლევის მიმართულებით ამ ინსტიტუტის დირექტორი ნოელ იეგო-ლავესიერი ამბობს: “ამ მონაცემებით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორია გადაადგილების ინტენსიურობა და სიმჭიდროვე საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე. შევხედოთ დღე-ღამის დინამიკას, დავადგინოთ, თუ არის კიდევ დარჩენილი ქალაქები სადაც ადამიანები ინარჩუნებენ საქმიანობის ჩვეულ რიტმს. ჩვენთვის არაა მნიშვნელოვანი, აქვთ ამ ადამიანებს გადაადგილების ნებართვა თუ არა. მნიშვნელოვანი ისაა, თუ რამდენად სერიოზულია ვირუსის გავრცელების რისკები ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქალაქში.”

ვიტორია კოლიზზა ამბობს, რომ მათი დაკვირვებების შედეგებს მთავრობა გამოიყენებს იმის განსასაზღვრად, თუ როგორ მოიქცეს 15 აპრილის შემდეგ, როცა დღეს მოქმედ აკრძალვებს მოქმედების ვადა გაუვა. “ეგებ აღმოჩნდეს, რომ 23 მარტს, ზომების გამკაცრებას შედეგი არ მოუტანია? ეგებ ხალხი თვით-რეგულირებას უფრო სცემს პატივს, ვიდრე იძულებას, ანდა პირიქით? ყველაფერ ამას მოკვლევა სჭირდება,” ამბობს ის.

კვლევით ინსტიტუტსა და მობილური კავშირის ოპერატორს შორის თანამშრომლობა მხოლოდ საფრანგეთში არ მიმდინარეობს. ამასწინათ, ევროკომისიამ მთელი ევროპის მობილურ ოპერატორებს მიმართა თხოვნით, გადასცენ მას მომხმარებლების გადაადგილების ანონიმური, განზოგადებული მონაცემები, რათა ეპიდემიის ევოპლუცია მეცნიერებმა ერთად, ევროპის მასშტაბით შეისწავლონ.

პირველწყარო
Pourquoi les données téléphoniques aident à comprendre la pandémie de Covid-19

მსგავსი/Related

Back to top button