ახალი ამბები

საია: აბაზოვის საქმეზე გადაწყვეტილებები „საეჭვო და დაუსაბუთებელია“

Tags

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის გამართლების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ „სასამართლოსა და პროკურატურის გადაწყვეტილებები საეჭვო და დაუსაბუთებელია“.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თავდაყირა აყენებს მართლმსაჯულებას ამ ტიპის საქმეზე“,- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძე 13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სულხან სალაძის თქმით, თემურაზ აბაზოვი მარნეულში „არ არის ჩვეულებრივი და ერთი რიგითი ადამიანი, მისი სტატუსის და როლის გათვალისწინებით“, აქედან გამომდინარე სალაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას „გარკვეული საარჩევნო დატვირთვა ჰქონდეს და ხელისუფლება სწორედ ასეთ ადამიანებზე ამყარებდეს გარკვეულ იმედს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“.

საკითხთან მიმართებით დღესვე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რითაც ორგანიზაციისვე შეფასებით, ქვეყანაში „დამამცირებელი მოპყრობის საშიში პრაქტიკა წაახალისა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ საქმეში გამოძიების დაწყების დღიდან დაზარალებულის ინტერესებს იცავდა, შესაბამისად საია-ს ადვოკატს გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდა. საია-ს განცხადებით ორგანიზაცია დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ, საზოგადოებას დამატებით შეფასებას გააცნობს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს პროკურატურის მიერ თემურ აბაზოვისთვის რამდენიმე დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების მოხსნას, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას გულისხმობდა. ორგანიზაციის აღნიშვნით, ამ მუხლში თეიმურაზ აბაზოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც პროკურატურა მარნეულის ერთ-ერთი მკვიდრის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ასევე პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფას ედავებოდა (აღნიშნული ბრალი აბაზოვს პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუხსნა), რუსთავის საქალაქო სასამართლომ 12 თებერვალს გაამართლა.

აბაზოვი მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის ივნისში დააკავეს. მოგვიანებით, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აბაზოვი 2018 წლის დეკემბერში, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მარნეულის აწ უკვე ყოფილი მერის დაკავება სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა. ფილმში ჩანდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის გინებისთვის ბოდიში მოახდევინეს და ზეწოლის შედეგად, სავარაუდოდ, სახეზე შარდი წაასმევინეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button