skip to content
ახალი ამბები

ბაღდათის ტრაგედიას უფლებადამცველები და პოლიტიკოსები ეხმაურებიან

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის გახსნისას, წუთიერი დუმილით მიაგო პატივი გუშინ ბაღდათში გაჩენილ ცეცხლს შეწირული ექვსი ადამიანის ხსოვნას. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ხანძრის გამო დაღუპვის ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.

ბაღდათში, ხის სახლში, ცეცხლი 3 თებერვალს, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძარს დედა და ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ასევე ოჯახის ახლობელი ქალი ემსხვერპლა. მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბი დედა ოთხ ბავშვთან ერთად აღნიშნულ სახლში დროებით იყო შესახლებული. მედიისვე ცნობით, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი დახმარება შეჩერებული ჰქონდა.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა დღეს მედიას განუცხადა, რომ „მათ [ხანძარს შეწირულ ოჯახს] არ შეჩერებიათ მიმდინარე ეტაპზე სოციალური დახმარება… ერთადერთი სტატუსის ცვლილება ოჯახისთვის იყო ოქტომბრიდან დეკემბრის თვემდე, როცა მოხდა ოჯახისათვის აბონენტის ნომრის მინიჭება. შესაბამისად, [ოჯახმა] სამი თვის განაცდური ერთად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს აიღო – 2040 ლარის ოდენობით.“

ოპოზიციამ, რომელიც დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად პროპორციული სისტემის მიღების მოთხოვნით აქცია-პიკეტის გამართვას გეგმავდა, ტრაგედიის გამო პროტესტი 5 თებერვლისათვის გადადო. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტს მოუწოდა მომხდარის გამო სესიის გახსნაც მეორე დღისთვის გადაეტანა.

„ამის დაკავშირება სესიასთან არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან არაფერი კავშირი არა აქვს,“ – განუცხადა უგულავას მოწოდების პასუხად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

ბაღდათში მომხდარ შემთხვევას უმრავლესობისა და ოპოზიციის სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. „ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური“, – განაცხადა სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ სესიის 5 თებერვლისათვის გადადება რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თუ რას აკეთებს ხელისუფლება, რომ ბავშვებს არ შიოდეთ, მდინარაძემ თქვა: „ეს ტრაგედია შიმშილთან რა შუაშია? ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაშია“.

„ამ უბედურებამ, რაც ბაღდათში დატრიალდა, აჩვენა, რომ არავინ არ არის გამკითხავი, როდესაც ასე უჭირს ოჯახს და ბავშვებს – შიმშილობდნენ და … ეს არ იყო დამალული ფაქტი… საჯაროდ, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ამ ოჯახის გაჭირვება სულ ცოტა ხნის წინ“, – თქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

ბაღდათში მომხდარს არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) განაცხადა, რომ ბაღდათის ამბავი „ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომლებსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის“.

სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობასთან ერთად ორგანიზაციამ უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაზეც ისაუბრა. EMC-მ აღნიშნა, რომ „სათანადო საცხოვრისის არქონის უკიდურესად მწვავე პრობლემის მიუხედავად, საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხო და ადეკვატური საცხოვრებლით“, ასევე „მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემით უზრუნველყოფა“ სახელმწიფოს პრიორიტეტი არასდროს ყოფილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button