skip to content
მოსაზრებაწერილები

იუსტიციის სამინისტრო: ომბუდსმენის უყურადღებობა და ზედაპირული განცხადებები ხელყოფს პატიმართა ინტერესებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური

იუსტიციის სამინისტროსათვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ომბუდსმენის მხრიდან გაკეთებული უსაფუძვლო განცხადებები, თითქოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის სამინისტრო ან სპეციალური პენიტენციური სამსახური არღვევს პატიმრისა და ომბუდსმენის შეხვედრის კონფიდენციალურობის პრინციპს საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან შეხვედრის ფაქტის დადასტურებით ან კანონის დაცვით შექმნილი და შენახული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებით.  ეს განცხადებები კიდევ უფრო გაუგებარია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ისინი შეიძლება გახდეს პატიმრის უსაფუძვლო წუხილის მიზეზი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სახალხო დამცველის და მისი აპარატის განცხადებები აზიანებს არა იუსტიციის მინისტრის იმიჯს, არამედ – ნდობას ომბუდსმენის აპარატსა და პატიმრებს შორის.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ნებისმიერი შეხვედრა პატიმრებთან თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალურობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ტარდება. ასე იყო ომბუდსმენის ნებისმიერი ვიზიტის შემთხვევაში და ასე იქნება მომავალშიც, როდესაც მოქმედი ან მომავალი ომბუდსმენი გადაწყვეტს პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრების გამართვას.

რაც შეეხება 2020 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის №9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტს, თავად პატიმართან შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს სისხლის სამართლის გახმაურებულ საქმეებზე. ინფორმაცია, თუ ვის შეხვდა ომბუდსმენი, რომ არ არის კონფიდენციალური, თავად სახალხო დამცველმაც დაადასტურა №9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში. კერძოდ, მან განაცხადა:  „რაც შეეხება, ვის შევხვდი (…), ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“ (ტელეკომპანია პირველი, გადაცემა „რეაქცია“: სახალხო დამცველის სატელეფონო ჩართვა: 21:50-21:51). შესაბამისად, სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლების განცხადება, რომ ომბუდსმენის ციხეში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა  „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19  და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 352-ე მუხლები, მოკლებულია არა მხოლოდ სამართლებრივ საფუძველს, არამედ ლოგიკასაც.

ასევე შემაშფოთებელია, რომ სახალხო დამცველმა პირადად, რამდენჯერმე დაარღვია იუსტიციის მინისტრის უდანაშაულობის პრეზუმფცია და განაცხადა შემდეგი:

  • „დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაარღვია კანონი, ჩაიდინა დანაშაული და მისი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროვა დეტალები ჩემი  შეხვედრისა კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“; (23 იანვარი, 2020 წ. მთავარი არხი, მთავარი 21.00სთ-ზე);
  • დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული, როდესაც მან კანონი დაარღვია და გაასაჯაროვა სახალხო დამცველის შეხვედრის კონფიდენციალობა პატიმრებთან“ (23 იანვარი, 2020 წ; ტელეკომპანია „ფორმულა“, გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“);
  • „იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული“ (24 იანვარი, 2020 წ. სახალხო დამცველის ოფისის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე).
კადრი ომბუდსმენის ფეისბუქის გვერდიდან

ამგვარი დარღვევებისაგან მოქალაქეების დაცვით თავად სახალხო დამცველი უნდა იყოს დაკავებული. ამგვარი დარღვევები სამოქალაქო წესით სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია.

უსაფუძვლოა სახალხო დამცველის ბრალდება იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს ე.წ. პრივილეგირებული პატიმრები ცდილობენ, ომბუდსმენთან სხვა პატიმრების კომუნიკაცია შეაფერხონ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულებები ყოველთვის დაუბრკოლებლად აგზავნიან პატიმრების წერილებს, როგორც ომბუდსმენის აპარატში, ისე სხვა ადრესატებთან − იქნება ეს სახელმწიფო უწყება, არასამთავრობო სექტორი თუ სხვა. ასევე, დაუბრკოლებლად ამყარებენ პატიმრები სახალხო დამცველის აპარატთან სატელეფონო კომუნიკაციას. თუმცა, სახალხო დამცველი, დანიშვნის დღიდან, ცნობილი პატიმრების გარდა, არავის ყურადღებას არ აქცევს. 2019 წელს, ის ერთხელაც არ არის ნამყოფი საპატიმროში რომელიმე პატიმრის მოსანახულებლად ან რომელიმე დაწესებულებაში განხორციელებული რეფორმებისა თუ ცვლილებების სანახავად და შესაფასებლად.

რაც შეეხება ე.წ. ციხის სუბკულტურას, პენიტენციური სამსახურის იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში გადასვლის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება №395 „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც, ნახევრად ღია ტიპის პენიტენციური დაწესებულებების ის მსჯავრდებულები, რომლებიც სხვა პატიმრებზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ, ისჯებიან და დახურული ტიპის დაწესებულებებში გადაყვანას ექვემდებარებიან. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წელს ამგვარი ქმედებისთვის 46 მსჯავრდებულის საშიშროების რისკი გადაიხედა (გამკაცრდა) და აღნიშნული პირები დახურული ტიპის დაწესებულებებში გადაიყვანეს. უცნაურია, რომ ეს ფაქტი, ისევე, როგორც პენიტენციურ დაწესებულებში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები, ვერ მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში.

იუსტიციის სამინისტრო დაბეჯითებით აცხადებს, რომ მიესალმება ომბუდსმენსა და პატიმრებს შორის ინტენსიურ კომუნიკაციას და მზადაა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ამ პროცესს. სწორედ ამიტომ, 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის მინისტრმა შეახსენა ომბუდსმენს, რომ ის 2019 წელს არც ერთხელ არ იყო არც ერთ პანიტენციურ დაწესებულებაში ნამყოფი და მოუწოდა მას, განახორციელოს ვიზიტები თუნდაც გარკვეულ ოდენობასთან იმ პატიმრებისა, რომლებიც თვეობით ელოდებიან მის მისვლას საპატიმროში. ამასთან, მინისტრმა შესთავაზა მას, შეიქმნას სპეციალური ცხელი ხაზი, რომელზეც პატიმრებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ დარეკვა სახალხო დამცველის აპარატში, თუკი მიიჩნევენ,  რომ მათი უფლებები ირღვევა. ამ შემოთავაზებაზე იუსტიციის მინისტრს ომბუდსმენის აპარატისაგან პასუხი დღემდე არ მიუღია.

სახალხო დამცველის აპარატის პოზიციის გასაცნობად, დააჭირეთ აქ.

*ხაზგასმა ეკუთვნის იუსტიციის სამინისტროს.

მსგავსი/Related

Back to top button