Placeholder canvas
Newsახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი დანიშნა

23 იანვარს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზურაბ აზნაურაშვილი ხუთწლიანი ვადით ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშნა.

საბჭოს ინფორმაციით, აზნაურაშვილის კანდიდატურას 15-დან 9 წევრმა მხარი ღია კენჭისყრით დაუჭირა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე მათ წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს.

ინსპექტორს საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმება/გამოკვლევის უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური 2019 დეკემბერიდან გახდა. ქეთევან ცინცაძე, რომელსაც მანამდე ეს პოსტი ეკავა, პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლედ უვადოდ დაამტკიცა.

მომდევნო დღეს, 13 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა და საბუთების მიღების ვადად 17-26 დეკემბერი განსაზღვრა. კანდიდატებთან ინტერვიუები 14-15 იანვარს ჩატარდა. 

კვირის დასაწყისში, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, რომ შეაჩეროს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი და ამის მიზეზად შერჩევის პროცესის გაუმჭირვალობა დაასახელა.

გასულ წელს, აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატს შორისაც იყო. 2019 წლის ზაფხულში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაწევრი მოსამართლე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი მიუთითებდა, რომ აზნაურაშვილი ამავე საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის მაზლი იყო. ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ საქმე ინტერესთა კონფლიქტთან გვქონდა. თამარ ონიანი კი, რომელიც ამჟამადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, მაშინ აცხადებდა, რომ ის და აზნაურაშვილი ერთმანეთთან ნათესაურად დაკავშირებულნი აღარ იყვნენ.

ზურაბ აზნაურაშვილი 2013-2019 წლებში აუდიტის სამსახურში მუშაობდა. აზნაურაშვილის ბოლო დამსაქმებელი კი იუსტიციის უმაღლესი სკოლაა. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button