რესპუბლიკა 100

წითელი ვაშლი აგორდა… ანუ, რა მოხდა ელბაქიძის დაღმართზე?!


დავით ხვადაგიანი

დავით ხვადაგიანი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

„…მე მიყვარს ხელში წითელი ვაშლი, იმისი გორვა, მისი გრიალი…“

ხალხური ლექსი – არსენა ჯორჯიაშვილი  

 „ბატონი ჯუღელი – ქართული ეროვნული გვარდიის პრეზიდენტი. 36 წლის, გურიიდან. იგი ენერგიული მამაკაცია, თავისუფალი მოსაუბრე, ბრძენი, ამბიციური – თავის შეხედულებებში და მოწესრიგებული ჩვევებით. ის ძველი ჟურნალისტია და ისევ წერს ტფილისის გაზეთისთვის. ჯუღელი იყენებს ბოლშევიზმს რუსების სიძულვილისთვის. მისი მიზანია ამჟამინდელი მთავრობის დამხობა და სამხედრო დიქტატურის დამყარება. მას დიდი გავლენა აქვს რამიშვილზე, რომელსაც იგი ატერორებს. შესაძლებელია, რომ ის იყოს წამომწყები იმ ბოლშევიკური ტერორისტული აქტისა, რომლის მსხვერპლიც ახლა იყო გენერალი ბარათოვი.“

1919 წლის სექტემბრიდან – „თეთრ გენერალ“ ბარათოვზე თავდასხმის საუკუნის თავზე, ვერის დაღმართის ძველი სახელი – „ელბაქიძის დაღმართი“ ქალაქის მეხსიერებიდან უკვე ნელ-ნელა ქრება და მასთან ერთად უფერულდება უფროსი თაობისათვის აქსიომად ცნობილი „რევოლუციური გმირული ბრძოლის“ ეპიზოდი – როგორ ააფეთქა ბოლშევიკმა არკადი ელბაქიძემ გენერალი ბარათოვი (ქვეტექსტებით – არც ერთი იყო… და ა. შ.).

ვერის დაღმართი, საბჭოთა წარსულისას ელბაქიძის დაღმართად ცნობილი. დღეს ამ ადგილს მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართი ჰქვია.

მარი შარლ ნონაკურის ზემოთ მოყვანილი „ცხელ-ცხელი“ ანგარიში, ერთი შეხედვით, სრულიად აბსურდულ და დაუჯერებელ ინტერპრეტაციას გვთავაზობს – სადაც ის ეჭვს გამოთქვამს, რომ ბარათოვზე თავდასხმის ორგანიზატორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი იყო და ტერაქტი მან ბოლშევიკების ხელით შეასრულა… რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მკვლევრისა და ჩაკირკიტებული მკითხველის კარგი მეგობარია და შესაძლოა, ეს ცნობაც უკანმოუხედავად მაკულატურაში გადასაგდებადაც გამოიყურებოდეს, მაგრამ ალბათ, მაინც ღირს – დოკუმენტის მიღმა მდგომი პერსონაჟების ისტორიას ჩავუღრმავდეთ და „აღიარებული ჭეშმარიტებები“ კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ.

კომანდანტი დე ნონანკური, (de Nonancourt Marie Charles – (1879-1922)) საფრანგეთის არმიის მაიორი, სამხედრო მზვერავი, 1919 წლის მარტიდან კავკასიის სამხედრო მისიის მეთაურ პოლკოვნიკ შარდინის თანაშემწედ დაინიშნა. იგი ტფილისში მაისში ჩამოვიდა, 1919 წლის სექტემბრიდან 1920 წლის მარტამდე იყო საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური, შემდეგ კი – 1920 წლის აგვისტომდე მსახურობდა ახალი მეთაურის ვიცე პოლკოვნიკ კორბელის დაქვემდებარებაში. როდესაც ნონანკური ამ ანგარიშს პარიზში გზავნიდა, აშკარაა, რომ იგი ჯერ კიდევ არ იყო კარგად გარკვეული საშინაო საქმეებში იმ ქვეყნისა, სადაც სამუშაოდ გამოაგზავნეს; ტექსტი ფაქტობრივი და ტერმინოლოგიური შეცდომებითაა სავსე.

თუმცა ამ ზედაპირულ მიმოხილვაში ისიც ჩანს, რომ ნონანკურმა ჩამოსვლისთანავე აქტიურად დაიწყო მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მამოძრავებელი ძაფების სათავეთა ძებნა და მის თვალწინ დაიხატა თბილისური დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სამხედრო მისიების დერეფნებსა თუ შეხვედრების დარბაზებში მოარული უამრავი ჭორითა და სინამდვილით შეზავებული სურათი – ვალიკო ჯუღელის პიროვნული დახასიათება, მისი ბოლშევიკური წარსული და გავლენები ყოფილ თანაპარტიელებზე, სახალხო გვარდიის როლი ქართულ რეალობაში, ჯუღელის არცთუ მშვიდი ურთიერთობა ასევე დიდი გავლენის მქონე შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან, რაც მაშინდელ ქართულ პრესაშიც და ეროვნული საბჭოს სხდომების ოქმებშიც კი დღესაც მარტივად აღმოსაჩენია. თუმცა, ამ ანგარიშის ყველაზე უცნაური ელემენტი – ბარათოვზე თავდასხმის უკან ჯუღელის ლანდის დანახვა უფრო ჩახლართული კვანძების ძიებისკენ გვიბიძგებს.

13 – შავი რიცხვი „თეთრი გენერლისთვის“

1919 წლის 13 სექტემბერს, შაბათს, დღის 12 საათზე საქართველოს სამხედრო საბჭოს წევრი, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე სოლოლაკში, რტიშევისა და ბებუთოვის (დღევანდელი ასათიანის და იაშვილის) ქუჩების კუთხეში, სადაც მოხალისეთა არმიის წარმომადგენლობის შტაბი იყო განთავსებული, მოსალაპარაკებლად  ეწვია რუსეთის მოხალისეთა არმიის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში – კავალერიის გენერალ ნიკოლოზ ბარათოვს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, ბარათოვმა კიროჩნი (დღევანდელი მარჯანიშვილის) ქუჩაზე გადაწყვიტა წასვლა, სადაც ის დროებით ცხოვრობდა, მაგრამ გენერლისთვის გამოყოფილი სამთავრობო მანქანა იგვიანებდა.

ბარათოვი ფრთხილობდა, რადგანაც ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად ყოფნისას, ბაქოში მის საცხოვრებელ სახლთან, სადარბაზოში საათის მექანიზმიანი ბომბი – ე.წ „ჯოჯოხეთის მანქანა“ (адская машина) – აღმოაჩინეს. მძღოლის დაუდევრობით განაწყენებულმა გენერალმა, სახლამდე მიყვანა ოდიშელიძეს სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და გენერლები ქუჩაში მდგომ სამხედრო სამინისტროს კუთვნილ N 20 ავტომობილის უკანა სავარძელში ჩასხდნენ, რომელიც ილია ოდიშელიძეს ემსახურებოდა. მათთან ერთად იმყოფებოდა ბარათოვის ადიუტანტი პოლკოვნიკი სელიმ ალხავი, რომელიც წინ მძღოლისა და მისი თანაშემწის გვერდით დაჯდა. ავტომობილი ბარათოვის სახლისკენ ყოველდღიურად განსაზღვრული მარშრუტით წავიდა, გაიარა რუსთაველის პროსპექტი და ვერის დაღმართისკენ დაეშვა.

ავტომობილი თბილისში, სოლოლაკში, სახლთან, რომელშიც განლაგებული იყო ბრიტანული მისია. ფოტო ეროვნული არქივიდან.

12 საათსა და 55 წუთზე „ზემელის“ მიდამოები აფეთქებების ხმამ შეძრა. მეორე უბნის კომისარმა ახვლედიანმა თავისი მილიციონერებით სასწრაფოდ ალყა შემოარტყა ვერის დაღმართს, სადაც აფეთქებები მოხდა. გაირკვა, რომ ვერის დაღმართის ჩასასვლელში – „ბირჟის მოედანთან“ – უცნობმა თავდამსხმელებმა ზედიზედ ორი ყუმბარა ესროლეს სწორედ იმ ავტომობილს, რომელშიც ბარათოვი და ოდიშელიძე ისხდნენ. შემთხვევის ადგილი საზარლად გამოიყურებოდა: როგორც ჩანდა ორივე ყუმბარა მანქანის ქვეშ, წინა ნაწილისკენ გასკდა, რის გამოც ავტომობილის წინა ნაწილი მთლიანად დამსხვრეული იყო. აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ყუმბარების დაცემის ადგილზე ქვაფენილი ამოგლეჯილი და ახლომახლო შენობების შუშები მთლიანად ჩალეწილი იყო. უგონოდ მყოფები, მძღოლი ვასილ ჟუჟიაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე და ბარათოვის ადიუტანტი პოლკოვნიკი სელიმ ალხავი გამვლელებმა სასწრაფოდ გადაიყვანეს იქვე მდებარე იტალიურ ამბულატორიაში, მაგრამ რამდენიმე წუთში ექიმმა კუბმა მათი გარდაცვალება დაადასტურა. ასევე სასიკვდილოდ დაიჭრა შემთხვევით გამვლელი მტვირთავი. დაიჭრნენ გენერლები – ბარათოვი და ოდიშელიძე. ბარათოვი უფრო მძიმედ – მას ყუმბარის ნამსხვრევები ფეხსა და თავში ჰქონდა მოხვედრილი, ხოლო ოდიშელიძე შედარებით იოლად გადარჩა – მას ყუმბარის ნამსხვრევი სახის არეში, ნიკაპთან მოხვდა. მძიმედ დაჭრილი ბარათოვი და დაღუპულები შემთხვევით გამვლელი ინგლისელების სატვირთო ავტომობილით სასწრაფოდ გადაიყვანეს მიხეილის საავადმყოფოში, ხოლო ოდიშელიძემ თავისი ფეხით შეძლო იქვე ზემელის აფთიაქში შესვლა მსუბუქი ჭრილობების გადასახვევად. ნახევარ საათში შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი, თბილისის მილიციის უფროსი ვალოდია სულაქველიძე და თბილისის ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი მივიდნენ.

ილია ოდიშელიძე. ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

მეორე უბნის კომისარი ახვლედიანი თავის მოხსენებაში, რომელიც ხელმძღვანელობას წარუდგინა წერდა:

„…მეორე ყუმბარის გავარდნის შემდეგ მე მილიციონერების თანხლებით გავეშურე იქეთ, საიდანაც მოისმა ყუმბარის ხმა. მივედი რა იმ ადგილას, ვერის დაღმართზე, სადაც ეს მოხდა, მე განკარგულება გავეცი, ალყა შემოერტყათ იმ დიდი სახლისთვის, რომელიც გამოდის ვერის დაღმართზე და მოედანზე. გავიგე, რომ ამ მოედნიდან ზევით აღმართისკენ გაეშურა ვიღაც უცნობი კაცი შავ ტანსაცმელში. მაშინვე დავადევნე მას ჩემი მილიციონერები – უფროსი მილიციონერი ჩხარტიშვილი და უმცროსი გელოვანი, რომელნიც დაედევნენ უცნობს ყორღანოვის ქუჩით იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიისკენ, მილიციონერებმა მალე დაინახეს, რომ ის უცნობი კაცი დაეშვა ეკლესიიდან დაბლა მდ. მტკვრის მიმართულებით, მას პიჯაკის კალთის ქვეშ უჩანდა რევოლვერი, მილიციონერთა განკარგულებაზე „შეჩერდი“, უცნობი უფრო ჩქარის ნაბიჯით გაეშურა მდინარისკენ, მილიციონერმა გელოვანმა ისროლა ერთხელ თოფიდან ჰაერში და როდესაც დაინახა რომ ის არ შეჩერდა, მაშინ მეორედ ესროლა თვით მას, ამის შემდეგ უცნობი მდინარის ნაპირათ იყო მისული, ჩავარდა შიგ, საიდანაც ის ამოიღეს მკვდარი, მას ტყვია აღმოაჩნდა შუბლში.“  

1 2 3 4 5 6შემდეგი გვერდი
Back to top button