რესპუბლიკა 100

წითელი ვაშლი აგორდა… ანუ, რა მოხდა ელბაქიძის დაღმართზე?!

დასკვნის მაგიერ

ნიკოლოზ ბარათოვზე თავდასხმის საქმეს – „თაროზე შემოდებულსაც“ ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი ამსახველი დოკუმენტური მასალა ათწლეულების მანძილზე „საიმედოდ“ გაიფანტა და დაილექა ქართული არქივებისა თუ პერიოდიკის ფსკერზე. თავის დროზე ძალზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ასი წლის თავს ისევ საბჭოთა ჰეროიკაში შემორჩენილი ერთი აბზაცის ამარა შეხვდა. თუმცა, დღეს ქართულ თუ უცხოურ არქივებსა და პერიოდიკაში შემონახული მასალების საფუძველზე შესაძლებელია გენერალ ბარათოვის საქართველოში ვიზიტის და მასზე თავდასხმის სურათის ნაწილობრივ აღდგენა:

  1. რუსეთის მოხალისეთა არმია და მისი მეთაური გენერალი ანტონ დენიკინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფაქტობრივ აღიარებასაც კი არ განიხილავდა და მას სხვა, ახლადწარმოქმნილი დამოუკიდებელი რესპუბლიკების მსგავსად რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. დენიკინი საქართველოს მიმართ მუდმივად აგრესიულ ნაბიჯებს დგამდა, იქნებოდა ეს პირდაპირი სამხედრო აგრესია, განსაკუთრებით – აფხაზეთის მხრიდან, თუ საიდუმლო ომი, რომელიც კარგად ჩანდა მისივე ემისრის, გენერალ ნათიშვილის მოქმედებებში – აჭარაში. გენერალ ნათიშვილის მკვლელობის შემდეგ, გენერალ ბარათოვის მისიას სამხრეთ კავკასიაში ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სამშვიდობოს, რადგან მისი ვიზიტი იდეოლოგიურად კარგად იყო მომზადებული და ამას მოხალისეების საინფორმაციო საშუალებები არც მალავდნენ. გენერალ ბარათოვის ჩამოსვლას არ მოჰყოლია სამხედრო ზეწოლის შერბილება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით აფხაზეთის მხარეს და არ შეწყვეტილა კავკასიონის გადმოსასვლელებზე მცირე საბრძოლო შეტაკებები რუსულ და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის, რასაც ბარათოვის მისიის მიერ მეფის რუსეთის არმიაში აღზრდილი კვალიფიციური ქართველი ოფიცრების გადაბირება და რუსეთის სამოქალაქო ომში გადინება დაემატა.
  2. გენერალ ბარათოვზე თავდასხმის დღემდე დამკვიდრებული ვერსია შემდეგნაირ სცენარს გვთავაზობს: სამოქალაქო ომში ჩართული რუსეთის კომუნისტური პარტია შეაშინა საქართველოსა და მოხალისეებს შორის მოლაპარაკებამ, რის შემდეგაც მათ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტში დაგეგმეს გენერალ ბარათოვის მკვლელობა, რასაც ერთი მხრივ მოსალოდნელი შეთანხმება უნდა ჩაეშალა და მეორე მხრივ, მოსალაპარაკებლად ჩამოსული მნიშვნელოვანი პირის მკვლელობით გაემწვავებინათ საქართველოსა და მოხალისეთა არმიის შორის ურთიერთობა. თუმცა, გაურკვეველია, მეტად როგორ უნდა გამწვავებულიყო ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფი მხარეების ურთიერთობა. ბოლშევიკური ტერორისტული თავდასხმა ისედაც ვერანაირად ვერ დაბრალებოდა ოფიციალურ ქართულ ხელისუფლებას. 1919 წლის აგვისტო-სექტემბერში, როდესაც საქართველოში გენერალი ბარათოვი ჩამოვიდა, ბოლშევიკური იატაკქვეშეთი ფაქტობრივად სულს ღაფავდა. 1918 წლიდან მოყოლებული ქართული სპეცსამსახურებისა და სახალხო გვარდიის ძალისხმევით ისედაც მცირერიცხოვანი ბოლშევიკური ჯგუფები დაპატიმრებულნი, განადგურებულნი ან საქართველოს საზღვრებიდან გაძევებულნი იყვნენ. საქართველოში დარჩენილი მცირე ძალები კი მთლიანად კონტროლქვეშ ჰყავდა ქართულ სპეცსამსახურებს. საქართველოში ბოლშევიკური იატაკქვეშეთის გამოცოცხლება და გააქტიურება 1919 წლის შემოდგომიდან იწყება, მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა რუსეთის სამოქალაქო ომში გადამწყვეტ წარმატებებს მიაღწიეს. თუმცა, 1919 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ბოლშევიკური გამოსვლებიც ძალიან სუსტი და განწირული იყო, მათი გეგმები წინასწარ ცნობილი გახდა ქართული სპეცსამსახურებისთვის და ხელისუფლებას აჯანყების ლიკვიდაცია არ გასჭირვებია. აქედან გამომდინარე, ბოლშევიკური ტერორისტული ჯგუფისთვის წარმოუდგენლად რთული იქნებოდა მსგავის მასშტაბის საქმის წამოწყება, ისე რომ ქართული სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. მითუმეტეს, ძველი გამოცდილი ტერორისტები კარგად იცნობდნენ მათი მოწინააღმდეგეების კონსპირაციული მუშაობის დიდ შესაძლებლობებს და თავიანთი მწირი და არასაიმედო ბაზაც არ მისცემდათ საქმის შესრულების საშუალებას. თავდამსხმელების ჯგუფში ქართული სპეცსამსახურების გამოცდილი და მნიშვნელოვანი აგენტის ყოფნა მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთათვის თავიდანვე ცნობილი იყო ბოლშევიკების განზრახვა და ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა თუ ადგილსამყოფელი, რაც მას თავდამსხმელების თავიდანვე განეიტრალების საშუალებას აძლევდა, თუმცა ეს ასე არ მომხდარა. აღნიშნული გარემოებები ტოვებს ორ შესაძლებლობას:

ა) ქართულმა მხარემ წინასწარ იცოდა თავდასხმის სამზადისი, ხელი არ შეუშალა მას და პასუხისმგებლობა დევნის დროს ერთ-ერთი თავდამსხმელის მოკვლით აირიდა.

ბ) ქართველი  მაღალჩინოსნები, მათ შორის ნონანკურის მიერ ნახსენები ვალიკო ჯუღელი, თვითონვე გავიდნენ კავშირზე და შეუთანხმდნენ ყოფილ თანამებრძოლ ბოლშევიკებს, ორივე მხარისთვის მეტად არასასურველი და გავლენიანი გენერალი ბარათოვის თავიდან მოსაშორებლად. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება გაცილებით მეტად უფრთხოდა რუსეთის სამოქალაქო ომში მონარქისტულად განწყობილი, რეაქციონერი მოხალისეების გამარჯვებას, რაც საქართველოს გარანტირებულად უქადდა რუსეთის უუფლებო გუნერნიად დაბრუნებას.

ნიკოლოზ ბარათოვმა ოპერაციის შემდგომ მალევე დატოვა საქართველო და მას აქტიური სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებებაც მოუწია. იგი 1920 წლის მარტ-აპრილში ასრულებდა სამხრეთ რუსეთის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას, ხოლო მოხალისეთა არმიის მარცხის შემდეგ, სხვა მეთაურებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და გენერალ ვრანგელის დავალებით დახმარებას უწევდა დევნილ სამხედროებსა და ინვალიდებს. 1920-1932 წლების განმავლობაში ბარათოვი იყო რუსეთის სამხედრო ინვალიდების ორგანიზაციის საზღვარგარეთის კავშირის თავმჯდომარე და ყოველთვიური სამხედრო-სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთის „რუსი ინვალიდის“ მთავარი რედაქტორი. 1931 წლიდან იგი კავკასიის ჯარების ოფიცერთა საზოგადოების თავმჯდომარე გახდა. ნიკოლოზ ბარათოვი გარდაიცვალა პარიზში 1932 წლის 22 მარტს. დაკრძალულია სენტ ჟენევიევ და ბუას რუსულ სასაფლაოზე.

ილია ებრალიძე 1937 წელს დიდი ტერორის დროს კვლავ დააპატიმრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის  სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილებამ. ამ დროისათვის იგი „მონკავშირის“ საბჭოთა მეურნეობის მომარაგების განყოფილების გამგედ მუშაობდა, მას ბრალად ისევ დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურებში მუშაობა წაუყენეს. ასევე მას ბრალად დასდეს კონტრ-რევოლუციურ ორგანიზაციასთან კავშირი და ურთიერთობა „ხალხის მტრებთან“ – ბესარიონ კვირკველიასთან, ბუდუ მდივანთან, გერმანე მგალობლიშვილთან და კარპე მოდებაძესთან. ილია ებრალიძეს 1937 წლის 28 დეკემბერს შინსახკომის სამეულმა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია მიუსაჯა, რაც მომდევნო დღეებში აღასრულეს კიდეც.

გენერალ ბარათოვზე თავდასხმის სხვა მონაწილეების ბედიც მძიმედ წარიმართა:

პავლე მარდალეიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზურგის სამსახურის უფროს ვალოდია სულაქველიძის ბრძანებით 1921 წლის 10 მარტს დახვრიტეს ქუთაისთან, საღორიის ტყეში, პოლკოვნიკ ივანოვთან ერთად საბჭოთა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშური და დივერსიული მუშაობისთვის. მათი გვამები დაწვეს.

აკაკი დალაქიშვილი ქუთაისის საგანგებო კომისიაში (ЧК) მუშაობისას გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს 1922 წელს, სავარაუდოდ შიდა დაპირისპირების ნიადაგზე.

ლადო დუმბაძე და კოტე ცინცაძე 1926 წელს გადაასახლეს როგორც „ტროცკისტული ოპოზიციის“ წევრები და ორივე მათგანი გადასახლებაში დაიღუპნენ.

ტიტე ლორთქიფანიძე, ვასილ წივწივაძე, ბენო კალანდაძე და გიგო კიკნაძე 1937 წლის განმავლობაში დააპატიმრეს და დახვრიტეს – „კონტრ-რევოლუციონური, დივერსიულ-ტერორისტული და ჯაშუშური საქმიანობის“ ბრალდებით.

გენერალ ბარათოვზე თავდასხმის მონაწილეების 1920-1930-იან წლებში ფიზიკურად განადგურებამ მნიშვნელოვნად დააზარალა მისი საქმის გამოძიების პერსპექტივა და ერთ დროს გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას თითქმის სამუდამო დავიწყების განაჩენი გამოუტანა.

  • ამ ჩახლართული ისტორიის ყველაზე საინტერესო პერსონაჟის – ილია ებრალიძის – შთამომავლების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. მისი 1937 წლის სისხლის სამართლის საქმე 1991 წელს სუკ-ის შენობაში ხანძარს ემსხვერპლა. თუმცა, საქართველოს ეროვნულ არქივში წესით დღემდე ინახება 1950-იან წლებში მისი რეაბილიტაციის საქმე: საქართველოს სსრ პროკურატურის მიერ, ამ დროს საქმის გადასინჯვის მასალა, მიმოხილვა – პროტესტი, რომელიც სასამართლოს ეგზავნებოდა და რეაბილიტაციას ედებოდა საფუძვლად, ასევე მოიცავს მნიშვნელოვან ხელჩასაჭიდ დოკუმენტებს – ცნობებს, ვინ არიან და სად ცხოვრობენ მსხვერპლის ოჯახის წევრები, რომელთაც უნდა ჩაბარდეთ რეაბილიტაციის ცნობა. საქართველოს ეროვნული არქივი „პერსონალური ინფორმაციის“ დაცვის საბაბით, დღემდე არ გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ ამ დოკუმენტებს „დაშტრიხვის“ (რაც დოკუმენტიდან ყველა ადამიანის სახელ-გვარებს აქრობს) გარეშე. შესაბამისად, უახლესი ისტორიის მეხსიერების საცავებში „საბჭოეთი“ ისევ არსებობს და „თაროზე შემოდებული საქმეების“ გადასინჯვის პერსპექტივას ხანგრძლივი დროით კლავს.

სტატიის მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის ავტორი მადლობას უხდის ბექა კობახიძეს, გიორგი ასტამაძეს, გიორგი მამულიასა და ანა ჭეიშვილს.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6
Back to top button