ახალი ამბები

შსს: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ინციდენტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაზარალდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაზარალდა, რომელიც მკურნალობისთვის, შემთხვევის ადგილთან მდებარე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

უწყებისვე განმარტებით, პაციენტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს.

„აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტის შედეგად, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს მოხდა, მწყემსია დაშავებული. „მთავარი არხის“ ცნობით, იგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს ცხვარს მწყემსავდა და მას ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაქცეული შინაური ცხოველის მოსაბრუნებლად გადასვლის დროს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ესროლეს.

ამავე არხის მიერვე გავრცელებული მეორე ვერსიის მიხედვით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ძაღლს დაუმიზნეს და ტყვია მწყემსს შეთხვევით მოხვდა. იმავე შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ც. მათივე ცნობით, დაშავებული მწყემსი განჯის საავადმყოფოში მკურნალობს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button