ახალი ამბები

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციურ გეგმაზე საუბრობს

Tags

5 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელ ფონტელესის შეხვედრისას, ამ უკანასკნელს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო უწყებათა პირველმა პირებმა ერთობლივი განცხადება გააცნეს, რომელშიც ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი მინისტრები ევროკავშირში კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ამბიციურ გეგმებზე საუბრობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მისმა მოლდოველმა კოლეგამ აურელიუ ჩოკოიმ და უკრაინელმა კოლეგამ ვადიმ პრისტაიკომ ერთობლივი განცხადებაში თქვეს, რომ სამ ქვეყანას გააჩნია „ამბიციური მიზანი,“ მიაღწიოს „ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომას თანდათანობით ინტეგრაციის გზით“.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თქვეს, რომ ახალი შესაძლებლობები უნდა მოიძებნოს, რათა ევროკავშირის ოთხი თავისუფლება ამ უკანასკნელს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორისაც გავრცელდეს, რაც „საფუძვლად დაედება საერთო ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებას“.

ევროკავშირის ერთიანი ბაზარი ე.წ. „ოთხ თავისუფლებაზე“ დგას. „ოთხი თავისუფლება“  გულისხმობს ევროკავშირში საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.

საერთო განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრებმა თქვეს, რომ „როგორც ევროკავშირის საფუძველმდებარე ღირებულებებისადმი პატივისცემით განმსჭვალული ევროპული ქვეყნები, ასოცირების შეთანხმებათა განხორციელების შემდეგ, საკუთარი მოსახლეობის ნების გათვალისწინებით“, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა „განიხილავენ ევროკავშირში გაწევრების განცხადების გაკეთებას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად“.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადებაში ისიც აღნიშნეს, რომ ევროპული ინტეგრაცია მათი ხალხის „თავისუფალი არჩევანია“ და რომ მათ ამ არჩევანს სხვა ძალებმა პატივი უნდა სცენ. მინისტრების თქმით, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ხალხთა არჩევანი მესამე მხარის ზეწოლისაგან თავისუფალი უნდა იყოს.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადებაში ევროკავშირსა და სამ ქვეყანას შორის დიალოგის ერთობლივი ფორმატის საჭიროებაზეც წერია. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირს სთავაზობენ „ევროკავშირს პლუს სამი ასოცირებული პარტნიორის დიალოგის“ ფორმატს, რომელიც მხარეებმა ტრანსპორტის, ენერგიის, მართლმსაჯულებისა და ციფრული ეკონომიკის თუ სხვა სფეროებში ამ ქვეყანათა ევროკავშირში ინტეგრაციაზე მსჯელობისათვის უნდა გამოიყენონ.

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ის სამი ქვეყანაა, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლას მიაღწიეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა 2009 წელს დაიწყო და იგი მიზნად ისახავს ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიეოებსა და ორგანიზაციის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს – საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას – შორის პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების ხელშეწყობას.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის სამიტმა „უნდა განსაზღვროს გრძელვადიანი, სტრატეგიული, მომავალზე ორიენტირებული ისეთი დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ მიზნებსა და  ახალ ამოცანებს დაუსახავს [აღმოსავლეთ] პარტნიორობას, რაც ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს კიდევ უფრო ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაეხმარება“.

განცხადებაში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ამ ქვეყანათა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტები და მოუწოდეს ევროკავშირს უფრო აქტიური როლი ითამაშოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button