skip to content
ახალი ამბები

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ფილმის ჩვენება რადიკალური ჯგუფების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

კინოთეატრებში გეი თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება რადიკალური ჯგუფების პროტესტისა და საპოლიციო კორდონის ფონზე მიმდინარეობს.

შვედეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს იმართება.

ფილმი 2020 წლის ოსკარების დაჯილდოების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაზეც არის წარდგენილი. ფილმი გეი მოცეკვავეების ისტორიას ასახავს და მისი პრემიერა 2019 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი სარაევოს, გენტის, ოდესისა და კარლის კინოფესტივალების რამდენიმე მთავარი ჯილდოს მფლობელი უკვე გახდა.

ფილმის მიმართ პროტესტით განწყობილმა რადიკალურმა ჯგუფებმა მობილიზება, თანამოაზრეებთან ერთად, დღეს დილიდანვე დაიწყეს.

მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კინოთეატრი „ამირანი“ იყო. ფილმის ჩვენების მოწიანააღმდე რადიკალური ჯგუფები, სწორედ მის მიმდებარედ, ვერის ბაღსა და ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და კინოსეანსის ჩაშლისთვის მზადება დაიწყეს. 

რა ხდებოდა დღის განმავლობაში?

რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლება და ცალკეულმა სასულიერო პირებმა სააგენტო „კვირის“ პრესცენტრში ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ფილმის ჩვენება არ შედგებოდა. ულტრაკონსერვატული და ნაციონალუსტური ორგანიზაციის „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, რომელიც 2014-2016 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, თქვა, რომ ისინი „გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებას“ ეწინააღმდეგებოდნენ.

მანვე მისი და მისი თანამოაზრეების ერთგვარი სამოქმედო გეგმაც გაახმოვანა და თქვა: „განვთავსდებით კინოთეატრის მიმდიბარე ტერიტორიაზე, გავაკეთებთ ერთგვარ ჯაჭვს და სირცხვილის კორიდორს, რომელშიც მოუწევს გავლა თითოეულ ფილმის მესვეურს“.

„ქართული მარშის“ კიდევ ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი ფილმის ჩვენების არდაშვება ან მინიმუმ გაპროტესტებაა, რათა „მთელმა საზოგადოებამ ნახოს, რომ 100-200 ნაძირალა არ არის საქართველო“. „რითაც შევძლებთ, ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს ჩვენებები არ ჩატარდეს“, – განმარტა მანვე.

ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კი ლევან აკინის ფილმში „პორნოგრაფიული“ შინაარსი დაინახა და შესაბამისი რეაგირებისთვის შსს-სა და პროკურატურას მიმართა.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ გურამ ფალავანდიშვილმა კი, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ისინი კინოპრემიერის „არაძალადობრივად“ ჩაშლას გეგმავდნენ. „მაგალითად მივიწევ კამერებისკენ, თავში მხვდება ჯოხები [სავარაუდოდ პოლიციისგან], მე ხელს არ ვანძრევ, იმდენნი ვართ, რომ ხელს ვერ გვირტყამენ, ვაღებთ მშვიდად, ლამაზად კარს და შტეფცელიდან ვრთავთ დენს“, – თქვა მან მედიასთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ჰქონდა მას სხვის კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება, ფალავანდიშვილმა უპასუხა: „თუ კერძო საკუთრება ემუქრება ჩემს ფასეულობებს, ეკლესიას, შვილების მომავალს, როგორ არის ძალადობა?“. 

საპროტესტო აქციები

რადიკალური ჯგუფები კინოთეატრ „ამირანის“ სიახლოვეს, საღამოს დაახლოებით ხუთი საათიდან გამოჩნდნენ. ვერის ბაღში საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე და „ევრაზიონისტულ“ მოძრაობასა და მის ლიდერთან, ალექსანდრე დუგინთან, დაკავშირებული ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. ფილარმონიასთან კი, „ქართული მარში“ და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ლგბტ+ დროშა დაწვეს. 

მოგვიანებით ისინი, შეძახილებით კინოთეატრ „ამირანისკენ“ დაიძრნენ და მისი ხელმძღვანელობისგან ჩვენების გაუქმება მოითხოვეს. „ამირანთან“ მალევე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სავალი გზა გადაკეტეს და კინოთეატრის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მისვლაც გახდა საჭირო. სეანსის ჩვენება ისე დაიწყო, რომ ადგილზე არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა კინოთეატრში შესვლა ვერ შეძლო.

ამ წუთებში „ამირანში“ ფილმის ჩვენება რადიკალურად განწყობილი ჯგუფების პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს. 

თბილისთან ერთად, დღეს ფილმის ჩვენების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია ქალაქ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთანაც“ იმართება. სადაც ასევე ფილმის პრემიერა მიმდინარეობს.

სამართალდამცველები არიან მობილიზებულები ყველა სხვა კინოთეატრთანაც, სადაც აკინის ფილმს უჩვენებენ. რამდენიმე კინოთეატრთან ასევე მისულები არიან რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია

რადიკალური ჯგუფების პარალელურად, კინოთეატრ „ამირანთან“ დილიდანვე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ კახა ბუხრაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პოლიცია ადგილზე ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას დაიცავდა. მანვე აქციის ორგანიზატორებს მართლწესრიგის დაცვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დამორჩილებისკენ მოუწოდა. „სამართალდარღვევის შემთხვევაში, მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას“, – დასძინა მანვე. 

დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც განმარტეს, რომ უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფდა.

„მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – განმარტეს უწყებაში, სადაც ასევე აღნიშნეს, რომ ფილმში პორნოგრაფიული ელემენტების არსებობის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას შეისწავლიდნენ. 

რეჟისორის გამოხმაურება

საქართველოში ფილმის პრემიერას მისი რეჟისორი ლევან აკინი Instagram-ის საშუალებით გამოეხმაურა. მისი თქმით, ზოგიერთმა რადიკალურმა ჯგუფმა და ეკლესიამ მისი ფილმი დაგმო და გეგმავენ ხალხს მის ნახვაში ხელი შეუშალონ. აკინის შეფასებით, აბსურდია, როდესაც ადამიანებს ფილმის სანახავად გამბედაობის გამოჩენა და რისკის გაწევა უხდებათ.

„ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით გადავიღე. ეს არის ჩემი სიყვარულის წერილი საქართველოს და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბით მსურდა, რომ აღმედგინა და გადამეფასებინა ქართული კულტურა. მაგრამ, სამწუხაროდ, რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ „ბნელ ძალებთან“ დაპირისპირება ისე, როგორც შეგვიძლია“, – წერს იგი. 

ლევან აკინის ფილმის საქართველოში ჩვენებას რადიკალურმა ჯგუფებმა პროტესტი პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუცხადეს და წინასწარვე თქვეს, რომ ისინი „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას“ არ დაუშვებდნენ. ისინი ფილმის ჩვენების ჩაშლითაც დაიმუქრნენ. 

ფილმისადმი უარყოფითი პოზიცია საქართველოს საპატრიარქომაც გამოხატა. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 6 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე წაიკთხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button