ახალი ამბები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა

Tags

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20-24 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იაპონიას სტუმრობდა. დღეს, ვიზიტის შეჯამებისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე დასწრებით, მან „ამ უძველესი ქვეყნის მიმართ“ საქართველოს პატივისცემა გამოხატა.

„იაპონიაში მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს და ჩემი ვიზიტის მიზანი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან მაქსიმალური კონტაქტების დამყარება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების ხელშეწყობა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტოკიოში.

ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შინძო აბესთან, პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტთან აკიკო სანტოსთან, ასევე იაპონიის პოლიტიკური, ბიზნეს, სპორტისა და კულტურის წრეების წარმომადგენლებთან.

ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თავის სომეხ და ავსტრიელ კოლეგებს – არმენ სარქისიანს და ალექსანდერ ვან დერ ბელენს შეხვდა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა სარქისიანმა განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი „ძალიან კარგი მეზობლები“ არიან და რომ „მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა“.

ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ავსტრიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აქვთ და რომ ავსტრია მზად არის რეფორმების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button