ახალი ამბები

HRW: საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიხედოს შრომით უფლებებსა და უსაფრთხოებას

Tags

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოში შახტებსა და მაღაროებში მომუშავეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა არასაკმარისი სახელმწიფო რეგულაციების გამო საფრთხეშია. ორგანიზიის მიერ 22 აგვისტოს გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე დერეგულაციის პოლიტიკამ მშრომელთა უსაფრთხოების სერიოზული რისკის ქვეშ დამყენებელ სამთო-მომპოვებელ პრაქტიკას დაუდო სათავე.

60 გვერდიანი ანგარიში – „არცერთი წელი სიკვდილის გარეშე: წლების განმავლობაში წარმოებული დერეგულაციის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მაღაროელებს“ – მუშებთან და შრომის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტორთან ჩაწერილ 80 ინტერვიუს ეფუძნება. კვლევა  ყურადღებას, მეტწილად, იმერეთის ორ ქალაქში, ტყიბულსა და ჭიათურაში სამთო-მომპოვებელ წარმოებაში დასაქმებულთა მდგომარეობაზე ამახვილებს.

ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ მათი მიზანი „საქართველოსთვის ასე ძალიან საჭირო შრომითი კანონმდებლობის რეფორმის ყურადღების ცენტრში დაბრუნებაა“. ისინი დანანებით აცხადებენ, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოება ხშირად ძალზე ვიწროდ, შრომითი უფლებების საკითხისაგან განცალკევებულადაა გაგებული.

მაღაროებსა და შახტებში არსებული მძიმე სამუშაო პირობები

ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2006 წელს გააუქმა შრომის ინსპექცია და მკვეთრად შეამცირა შრომითი უფლებები. „წლების განმავლობაში წარმოებულმა დერეგულაციის პოლიტიკამ მშრომელები ადეკვატური დაცვის გარანტიების გარეშე დატოვა“, ნათქვამია კვლევაში.

ანგარიშში ყურადღება ექცევა სხვადასხვა პრაქტიკას, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს არღვევს. ასეთ მაგალითებად კვლევაში განხილულია ხანგრძლივი სამუშაო საათები ყოველკვირეული დასვენებების თუ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურების გარეშე, წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობა და მენეჯმენტის მიერ ხელფასების დაქვითვა.

ჭიათურაში, მანგანუმის მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშებმა HRW-ს განუცხადეს, რომ „მიწის ქვეშ, 12 საათიანი ცვლებით, ზედიზედ 15 დღე მუშაობენ“.

ანგარიშის თანახმად, მეშახტეები და მაღაროელები „ხშირად უჩივიან გადაღლას. ამასთან, თუ დაგეგმილი კვოტით გათვალისწინებულ რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, მათ ჯარიმების გადახდასაც აიძულებენ“. ორგანიზაციის თქმით, გეგმის სწრაფად შესრულების იძულების თუ არასაკმარისად დასვენების გამო, მშრომელები „ღებულობენ ღრმა ჭრილობებს, სახურავების ჩამოქცევის გამო კლდეების ქვეშ ექცევიან, კარგავენ კიდურებს, ემართებათ კანტუზია, ზოგჯერ კი მცირედით იცილებენ თავიდან სერიოზულ ინციდენტებს“.

ამასთან, კვლევის მიხედვით, „ცვლების პერიოდში კომპანია მუშებს თხოვს საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას, სადაც მათ დაბალი ხარისხის, არასაკმარისად კალორიული საკვები ეძლევათ და ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება“.

რე-რეგულაციის ბოლომდე არმიყვანილი პროცესი

„მშრომელთა დაცვა და მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის საჭირო შრომითი პირობების გაუმჯობესება თავიდან ბოლომდე საქართველოს კომპეტენციაა“, თქვა კორინა აიდერმა, ანგარიშის ავტორმა Human Rights Watch-დან.

„ვაცნობიერებთ, რომ 2013 წლიდან საქართველომ დადებითი ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით“, თქვა აიდერმა პრეზენტაციისას და ყურადღება გაამახვილა 2019 წლის თებერვალში შრომის ინსპექციის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე. თუმცა, მკვლევრის თქმით, „სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა ის ვითარება, რომელშიც მუშები იმყოფებიან“. ეს კი საქართველოსგან მოითხოვს ამ თანდათანობითი, ეტაპობრივი მიდგომის უარყოფას და პრობლემის საჩქაროდ, მყისიერად გადაწყვეტას.

ხელისუფლების ამჟამინდელი „ეტაპობრივი მიდგომა“, როგორც აიდერი ანგარიშში წერს, იმაზე მიუთითებს, რომ „საქართველოში შრომის ბაზრის მოქნილობის დაცვაზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე მყისიერი ყურადღების მისაქცევ შრომით უფლებებზე“.

სასიკეთო ძვრების მიუხედავად, კვლევაში წერია, რომ შრომის ინსპექციის მანდატი კვლავაც შეზღუდულია. HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია აღნიშნავს, რომ ისევ და ისევ პრობლემად რჩება შრომითი უფლებების შრომის უსაფრთხოების საკითხიდან განცალკევებულად განხილვა. იგი ამბობს, რომ „შრომის ინსპექცია უსაფრთხოების საკითხს ვიწროდ უყურებს. მას ავიწყდება, რომ სწორედ სამუშაო საათების პრობლემას, მშრომელთა გადაღლას თუ სხვა საკითხებს მივყავართ ასეთ ტრაგედიებამდე“.

მინიმალური ხელფასის საკითხი, ზეგანაკვეთური შრომის თუ შვებულების ანაზღაურების სტანდარტის არარსებობა, ღამით მუშაობაზე შეზღუდვების არარსებობა და წერილობითი კონტრაქტების არარსებობა HRW-მა ქართული კანონმდებლობის იმ ხარვეზებს შორის დაასახელა, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს.

ქვეყნის მიერ შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები

„შრომის ინსპექციის შეზღუდული ფუნქციებით არსებობა არ  შეესაბამება საქართველოს მიერ ევროპის სოციალური ქარტიითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, იგი არ პასუხობს არც ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს“, ნათქვამია ანგარიშში.

HRW ხაზს უსვამს მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოებისათვის საჭირო რეფორმების მყისიერად გატარების აუცილებლობას და მოუწოდებს მთავრობას რეფორმები შრომის საერთაშორისო სტანდარტებსა და ქვეყნის მიერ აღებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს შეუსაბამოს.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას, სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და შესაფერისი ტექნიკური პერსონალით აღჭურვილი შრომის ინსპექცია შექმნას, რომელიც დაიცავს შრომის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს შრომით პირობებს.

HRW მოუწოდებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ევროპულ კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქტიურად განაგრძონ საქართველოს მთავრობის წახალისება, რათა მან ქვეყნის შრომითი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბროს.

წაიკითხეთ ასევე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button