ახალი ამბები

თბილისში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 27-ე წლისთავი აღინიშნა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 27-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, გმირთა მემორიალთან, დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლებმა – მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან აბაშიძემ, და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც 27 წლის წინანდელ მოვლენებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული „კრემლის ღია აგრესია“ უწოდა.

„ომმა აფხაზეთში მოიტანა მხოლოდ ნგრევა ამ სიტყვის ფართო მასშტაბით. მასში გამარჯვებული კი ქართველებისა და აფხაზების საერთო მტერია, რომელიც ვერაგული მეთოდებით დღემდე აგრძელებს ჩვენი საბოლოო გათიშვისა და აფხაზეთის ანექსიის დანაშაულებრივ პოლიტიკას“, – ვკითხულობთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

აფხაზეთში ომის დაწყების 27-ე წლისთავს, ბაკურიანიდან, ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა. მან 14 აგვისტოს „უახლესი ისტორიის უმძიმესი დღე“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ეს იყო ძმათამკვლელი ომი და ეს არის საერთო ტკივილი, რომელიც ერთობლივად უნდა დავძლიოთ“.

პრემიერის თქმით, „ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო“.

„დარწმუნებული ვარ, მშვიდობით და განვითარებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას“, – აღნიშნა ბახტაძემ.

„მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, – დასძინა მან.

საქართველოს მთავრობამ სამხედრო ძალები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წელს, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, გაგზავნა. თუმცა, სამთავრობო ძალებს 1993 წლის სექტემბერში რეგიონიდან გამოსვლა მოუხდათ. არსებული ინფორმაციით, 13-თვიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000 ადამიანი დაიღუპა.

Show More

Related Articles

Back to top button