ინტერვიუ

სომხური რევოლუციის ახალგაზრდული ოპტიმიზმი

Tags

სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. 2018 წლის აპრილის საპროტესტო მოძრაობა, რომელიც პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მესამე ვადით, ახლა უკვე პრემიერად დანიშვნას მოჰყვა, რამდენიმედღიანი მასშტაბური გამოსვლების შემდეგ, სარგსიანის გადადგომით და ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის გაპრემიერებით დასრულდა.

რევოლუციიდან ერთი წლის თავზე, ხელისუფლების ცვლილებას მოსახლეობის უმრავლესობა კვლავაც დადებითად აფასებს. ამაზე მიუთითებს აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2019 წლის მაისის კვლევაც, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობა ოპტიმისტურადაა განწყობილი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების მიმართაც; რესპონდენტთა 59% მიიჩნევს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს.

პოსტრევოლუციური ვითარების გასაცნობად, „სამოქალაქო საქართველო“ პროტესტის რამდენიმე აქტიურ მონაწილეს ესაუბრა. მათი უმეტესობა მთავრობისადმი კეთილგანწყობილია, ზოგიც ზომიერი კრიტიკით აფასებს ფაშინიანის მთავრობის ერთწლედს, თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ რევოლუციამ სომხეთის მოქალაქეებს ცვლილებებისადმი და სახელმწიფოს ინსტიტუტებისადმი რწმენა დაუბრუნა.

ნდობის დაბრუნება

26 წლის სონა ღაზარიანი ანტისახელისუფლებო მოძრაობაში 2012 წლიდან ჩაერთო, 2018 წლის მარტში კი, მეგობრებთან ერთად სამოქალაქო ინიციატივა „უარყავი სერჟი“ დააფუძნა, რომელიც საპროტესტო მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ის დღეს პარლამენტის წევრია, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „ჩემი ნაბიჯის“ ფრაქციიდან.

ღაზარიანის თქმით, რევოლუციის უმთავრესი მონაპოვარი დემოკრატია, გამჭვირვალე არჩევნები და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაა. „მოქალაქეებს სწამთ, რომ სახელმწიფო მათ ეკუთვნით. სწორედ ეს იყო ნიკოლ ფაშინიანის მთავარი გზავნილი; მან მოქალაქეებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა“, – ამბობს ღაზარიანი.

„ჩემი ნაბიჯის” ფრაქციის რიგებში მოხვდა 30 წლის სოს ავეტისიანიც, რომელიც რევოლუციამდე ღია საზოგადოების ფონდში მუშაობდა. ავეტისიანის თქმით, ის პროტესტს უკეთესი მომავლის იმედით შეუერთდა – „სომხეთის, სადაც ყველას უფლებები დაცულია, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ისეა განვითარებული, რომ უკუსვლა შეუძლებელია.“

პროტესტის წარმატების მიზეზად, ავეტისიანი სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფების კოორდინირებულ მოქმედებას მიიჩნევს, მთავარ მიღწევად კი, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ხელისუფლებისადმი ნდობის დაბრუნებას ასახელებს. „ეს იყო გულწრფელი პროტესტი… რევოლუციის შემდეგ, ჩვეულებრივ ადამიანს აღარავის ეშინია“, – აღნიშნავს ავეტისიანი.

საპროტესტო მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა 23 წლის ნარეკ სუკიასიანიც. სხვების მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ რევოლუციამ სომხეთის მოქალაქეებს სამართლიანობის და ღირსების განცდა დაუბრუნა. „ადამიანებმა იწამეს, რომ ძალაუფლება მათ ხელშია“, –  ამბობს სუკიასიანი.

შეფასებებს იზიარებს 33 წლის ანნა გევორგიანიც, რომელიც კულტურათა და ცივილიზაციათა შესწავლის ცენტრში საქმიანობს. ის აქციებში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად იღებდა მონაწილეობას, რევოლუციის შემდეგ კი, მცირე ხნით ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა.

გევორგიანი ფიქრობს, რომ ხავერდოვანმა რევოლუციამ სომხეთის მოქალაქეები საკუთარ თავში დარწმუნებული გახადა. „რევოლუციის უმთავრესი მიღწევა ის იყო, რომ საზოგადოებამ საკუთარ ბედზე და ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღო“, – ამბობს გევორგიანი.

პროტესტის წარმატების ორ მთავარ მიზეზად გევორგიანი წინა ხელისუფლებისადმი უნდობლობას და ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ფაქტორს ასახელებს. გევორგიანის თქმით, „ის ნამდვილად იყო გულწრფელი და მზრუნველი ლიდერის სიმბოლო; ყველა, ვინც რევოლუციაში მონაწილეობდა, გრძნობდა, რომ ის მათთვის ახლობელი იყო“.

ფრთხილი ოპტიმიზმი

პროტესტს სტუდენტის სტატუსით შეუერთდა 23 წლის მიქაელ ნაჰაპეტიანი, რევოლუციის შემდეგ კი, თანამოაზრეებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული პარტია „მოქალაქის არჩევანი“ დააფუძნა. პარტიამ 2018 წლის დეკემბრის ვადამდელ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმების 0.68%-ით პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხა.

ნაჰაპეტიანის თქმით, ის და მისი თანამოაზრეები საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, თუმცა ახალი პარტიის შექმნა ფაშინიანის ბლოკთან არსებული იდეოლოგიური განსხვავებების გამო გადაწყვიტეს. „ისინი მკვეთრად გამოხატული ლიბერალური ეკონომიკის მომხრეები არიან, ჩვენ კი, ამას არ ვიზიარებთ და რევოლუციის შემდეგ ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით.“

ნაჰაპეტიანი აღნიშნავს, „მოქალაქის არჩევანი“ კონსტრუქციული ოპოზიციაა, რომლის ძირითადი მოთხოვნა, სოციალურ რეფორმებთან ერთად, სწრაფი საარჩევნო და პოლიტიკური რეფორმების გატარებაა. „დღეს ერთი ადამიანი განაპირობებს სომხეთში დემოკრატიის არსებობას. ხვალ მას შეიძლება ასეთი რეიტინგი აღარ ჰქონდეს და მისსავე გუნდში გაჩნდეს არჩევნების გაყალბების ცდუნება“, – ამბობს ნაჰაპეტიანი.

საპროტესტო მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული 24 წლის სამოქალაქო აქტივისტი ავნიკ მელიქიანიც. ის დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკურ დიალოგს“ ხელმძღვანელობს, რომლის მიზანიც პოლიტიკაში თემატური განხილვების წახალისებაა.

მელიქიანის თქმით, რევოლუციამ სომხეთის მოქალაქეებში პოლიტიკური ენერგია გამოაღვიძა და უიმედობის განცდა გააქრო. „ზოგჯერ იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი არსებული ვითარებით, რომ სხვაგან საცხოვრებლად წასვლაზე არაერთხელ მიფიქრია… რევოლუციის შემდეგ კი, ვიგრძენი, რომ ეს ქვეყანა მე მეკუთვნის და შემიძლია მისი შეცვლა“, – ამბობს მელიქიანი.

მელიქიანის შეფასებით, წინსვლის მიუხედავად, პოსტრევოლუციურ სომხეთში ბევრი პრობლემა რჩება. მათ შორისაა პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობის დაბალი კულტურა. მელიქიანის თქმით, „დემოკრატია იმისთვის უნდა გვქონდეს, რომ მასზე მოთხოვნა ქვემოდან ზემოთ არის და არა იმიტომ, რომ ზემოდან ქვემოთ არის მასზე მზაობა.“

პრობლემად რჩება ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის არარსებობაც. „ფაშინიანის პარტიამ არჩევნები იმიტომ მოიგო, რომ ის ფაშინიანის პარტია იყო და არა იმიტომ, რომ მათ ისეთი რამ შესთავაზეს, რასაც ამომრჩეველი ელოდა“, – დასძენს მელიქიანი.

სტატია მომზადებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პროექტის „ხმის მიცემა, ცვლილების ინიცირება – დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთის სტეპებამდე“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული ხედვები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პოზიციას და პოლიტიკას.

Show More

Related Articles

Back to top button