არასამთავრობოები: „საგანგაშოა“, რომ სახელმწიფო ინსპექტორს 20-21 ივნისის ამბების გამოსაძიებლად უფლებამოსილება არ გააჩნია
არასამთავრობო ორგანიზაციები „საგანგაშოდ“ აფასებენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც, ფინანსური რესურსების არარსებობის გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს – სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს – საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება ოთხი თვის დაგვიანებით, 1 ნოემბრიდან შეეძლება.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სახელით 3 ივლისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „დროულად და ეფექტიანად ამოქმედების უპირობო აუცილებლობა“ კიდევ უფრო ნათელი გახდა „2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებისას და დაკავების შემდგომ სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების ფონზე“.
არასამთავრობოების თქმით, „საზოგადოებაში არსებული უნდობლობისა და სამართალდამცავთა დაუსჯელობის გამო“ ისინი წლებია ითხოვენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას. მათივე განმარტებით, ფინანსური რესურსების დროულად გამოყოფის შემთხვევაში, 20-21 ივნისს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, რასაც ახლა საქართველოს პროკურატურა აწარმოებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეეძლებოდა.
[box type=”shadow” align=”” class=”” width=””]„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი 2018 წლის ივლისში მიიღეს. მისი ამოქმედება თავდაპირველად 2019 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა ეს ვადა ჯერ 1-ელ ივლისამდე, შემდეგ კი 1-ელ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორი 11 ივნისს, 6 წლის ვადით აირჩია.[/box]
არასამთავრობოები მოითხოვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „დროულად ამოქმედებას“ და საქართველოს ხელისუფლებას „კიდევ ერთხელ ახსენებენ“ ამ ორგანოს მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს:
- მათი თქმით, 20 ივნისის მოვლენების ფონზე, „დაუსაბუთებელი და ალოგიკურია“, რომ ინსპექტორს არ შეუძლია შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, „რომელთა ხელშიც ყველაზე მეტი ძალაუფლება არის კონცენტრირებული და შესაბამისად, მაღალია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოძიებაზე ზემოქმედების რისკები“.
- არასამთავრობოები იმასაც აღნიშნავენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა კვლავ პროკურატურის უფლებამოსილებაა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ოპერაციულ დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად ასუსტებს“. განცხადების თანახმად, აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას საპროკურორო ზედამხედველობის გარეშე წარმართავდეს.
- განცხადების ავტორთა თქმით, ასევე აუცილებელია, გაფართოვდეს დანაშაულთა წრე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო უფლებამოსილება გავრცელდება.
[box type=”info” align=”” class=”” width=””]გენერალურმა პროკურატურამ 24 ივნისს განაცხადა, რომ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცველების მხრიდან ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.
2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველმა გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების „მიმდინარე რეჟიმში“ შესწავლა დაიწყო.
20-21 ივნისის მოვლენების შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ. [/box]
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)