ახალი ამბები

ნიკა გვარამიას თქმით, ხელისუფლებას არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება სურს

Tags

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლების მხრიდან არხზე შეტევის ახალ ფაზაზე საუბრობს და ამბობს, რომ „ეს იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი“ ბრძოლა არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ისთვის, არამედ ქვეყნისთვის.

ნიკა გვარამიამ აღნიშნულის შესახებ, ტელევიზიაში 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცადა, სადაც განმარტა, რომ გუშინ „რუსთავი 2“-ში ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი შევიდა ტელეკომპანიის სხვა მეწილეებისა და გაყიდვების სახლის წინააღმდეგ, რომელითაც „დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს”.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40%-იან წილს ძმები ყარამანიშვილები ფლობენ, 51%-ინი წილი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ აქვს, 9% კი ნინო ნიჟარაძეს ეკუთვნის.

გვარამიას თქმით, ნიჟარაძე „რუსთავი 2“-ის გაყიდვების სახლისგან „გამქრალ 10 მილიონ ლარს ითხოვს“, რაც „სრული აბსურდია და არავითარი 10 მლნ არ გამქრალა“. ასევე, მისივე განმარტებით, ნიჟარაძე პირადად მისგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ გაზარდა მან უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოდ, რითაც, ნიჟარაძის მტკიცებით, კომპანიას ზიანი მიადგა. გვარამიას განმარტებით, ლიმიტი არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების სასარგებლოდაც გაიზარდა და ეს „კანონით ნებადართული საქმიანობაა“.

გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ 9%-იანი წილის მფლობელი, უკვე „პირადად მისთვის“, კომპენსაციის სახით, 1.6 მლნ ლარს ითხოვს, რადგანაც სხვა მეწილეებმა მას წილის გაყიდვის შესაძლებლობა არ მისცეს და წილის მათზე გაყიდვა შესთავაზეს, რაც წესდებით გათვალისწინებულია, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება სწორედ მათ აქვთ. „მაშინ ამაზე უარი ითქვა და სხვა მეწილე არ იქნა კომპანიაში შემოსული მეწილეების გადაწყვეტილებით, რომლებსაც ამის აბსოლუტური უფლება აქვთ“, – განმარტა გვარამიამ.

„ჯამში ითხოვს 26 მლნ ლარს დაახლოებით და ითხოვს სოლიდარულად ჩემგან და მეწილეებისგან. დავა არის სრულიად აბსურდული, სარჩელი არის სარჩელისთვის, დაყრდნობილია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და საგადასახადო დავალიანებების ინფორმაციებს“, – აცხადებს გვარამია.

გვარამიასვე მტკიცებით, ნინო ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას და მისი წილები უკვე კარგა ხანია, „მართვაში გადაცემული აქვს ხელისუფლების ხელის ბიჭს, ე.წ. რიჟას, რომელიც ყველა ბინძურ საქმეს“ აგვარებს.

მისივე თქმით, დაწყებული პროცესის „მიზანი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა“, „ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხის გაჩერება“, მისთვის დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება და ტელეკომპანიაში დროებითი მენეჯმენტის დანიშვნაა. გვარამიას განმარტებით, მსგავსი რამ ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ბევრჯერ სცადა, მაგრამ „საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლოს დამსახურებით ეს ვერ მოხერხდა“.

გვარამია აცხადებს, რომ ეს არის „იზოლაციონიზმისკენ მიმავალი გზა“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუწოდებს, რომ უწყებამ თავი შეიკავოს „დროებითი მმართველის უკანონოდ დანიშვნისგან” და „გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიება“.

გვარამიას თქმით, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, იგი ქართულ სასამართლოს არ ენდობა და მოსარჩელეს სარჩელის გამოტანასა და დავის არბიტრაჟში გაგრძელებას სთავაზობს. „ამ წუთში ქართული სასამართლო აპრიორი არასანდოა ამ დავის განხილვისას… განვიხილოთ ეს დავა არბიტრაჟში, ჩვენ დავემორჩილებით ნეიტრალური სასამართლო შემადგენლობის გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოცხადებული ახალი ომის საპასუხოდ, ტელეკომპანია „თავდასხმის მდგომარეობაზე“ გადადის, რადგან „ლოკალური თავდაცვა და ლოკალური გამარჯვება არ იქნება საკმარისი“.

„თავდასხმა უნდა იყოს ხელისუფლებაზე და ეს ხელისუფლება ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“-მა რამდენი ეპიზოდური ბრძოლაც არ უნდა მოიგოს, ომს ვერ მოიგებს“, – აცხადებს გვარამია და განმარტავს, რომ „რუსთავი 2“ მუშაობის საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვლმა Civil.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ ერთი სარჩელია წარმოდგენილი, სადაც რამდენიმე მოთხოვნაა დაზუსტებული.

მანვე ნინო ნიჟარაძის მიერ კომპენსაციის სახით მოთხოვნილი თანხის დეტალებიც დააზუსტა. მისი განმარტებით, 10 მლნ ე.წ. გამქრალი თანხა, რომელსაც მოსარჩელე ასახელებს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2015 წლის ანგარიშში იყო აღნიშნული, სადაც განმარტებული იყო, რომ სარეკლამო ბაზრის გათვალისწინებით, „რუსთავი 2“-ს უფრო მეტი შემოსავალი უნდა ჰქონოდა, რასაც ტელეკომპანია არ დაეთანხმა. 1.6 მლნ ლარს ნიჟარაძე პირადი კომპენსაციის სახით ითხოვს. დანარჩენი თანხით კი, ის ტელეკომპანიის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანებების დაფარვას ითხოვს.

სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ის გარშემო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთერთმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელევიზიის წილებს 2004-2006 წლებში ფლობდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს წილის დაბრუნების თხოვნით 2015 წლის აგვისტოში მიმართა. მაშინ სასამართლომ უზრუნველყოფის ზომის სახით, „რუსთავი 2“-ის ქონება დააყადაღა, რასაც ორი თვის შემდეგ, ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღებაც მოჰყვა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება 2015 წლის ნოემბერში მიიღო და საქმე ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა. საქმეზე დავა მომდევნო ინსტანციებში გაგრძელდა. საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 2 მარტს მარტს მიიღო, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები მის ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშ მიაკუთვნა.

უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილების საპასუხოდ, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა მენეჯმენტმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2017 წლის 3 მარტს მიიღო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე ძალაშია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button