ახალი ამბები

ვენეციის კომისიის დასკვნას პოლიტიკოსები და არასამთავრობოები აფასებენ

საერთო სასამართლოების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც 16 აპრილს გამოქვეყნდა, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფასებენ.

Civil.ge ამ შეფასებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდის შეფასებები

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. არის წარმოდგენილი რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია. ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციის უდიდესი ნაწილის გაზიარება. მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება, მაგალითად ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ასევე ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს. გაიმართება [შეხვედრები] დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ასევე, გაიმართება უმრავლესობის შეხვედრაც, სადაც მე ვეცდები დავარწმუნო ჩემი კოლეგები იმაში, რისიც შეიძლება ბოლომდე მეც არ მჯეროდეს, მაგრამ შევეცდები დავარწმუნო ისინი, რომ კონტექსტის გათვალისწინებით, გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება საჭიროა. რაც შეეხება პოლიტიკურ რეკომენდაციებს ამაზეც, რა თქმა უნდა, გვექნება მსჯელობაც, თუმცა ასეთი რეკომენდაციები ბუნებრივია არ ექვემდებარება ასახვას ორგანული კანონის პროექტში“.

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „დასკვნა არის პოზიტიური იმ კრიტიკის მიუხედავად, რაც ხუთი თვის განმავლობაში გვესმოდა და ალტერნატიული პროექტებიც გვახსოვს. ამ შენიშვნებს, რაც ძალიან ცოტაა მაგრამ არის რეკომენდაციაში, საერთო არ აქვს ალტერნატიული კანონპროექტების პათოსთან. აბსოლუტურად განსხვავებული საკითხებია დაყენებული ამ შენიშვნებში. სულ რამდენიმე შენიშვნაა და მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ისეთი განსაკუთრებულია, რომ არ შეიძლებოდეს მისი გათვალისწინება“.

ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება, როდესაც ჩვენ მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რასაც ჩვენ ვამბობდით აქამდეც, რომ ეს იყო სრულ შესაბამისობაში ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებთან, ვენეციის კომისიამ დადებითი შეფასება მისცა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ძირითადი საკითხი არის პოზიტიურად შეფასებული“.

ოპოზიციის შეფასებები

სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „დღევანდელმა პარლამენტმა არ უნდა დანიშნოს ყველა მოსამართლე, ყველა ვაკანსიაზე, რომელიც დღეს არსებობს უზენაეს სასამართლოში. ეს არის პირდაპირი განაცხადი ვენეციის კომისიის, რომ მათთვის ნათელია, დღევანდელი პარლამენტის პირობებში დამოუკიდებელ მოსამართლეებს უზენაეს სასამართლოში უმრავლესობა არ დანიშნავს. ეს არის რეალურად განაცხადი ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციის, რომლითაც არის ყველაფერი ნათქვამი, შეფასებულია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით… ვენეციის კომისიამ, ფაქტობრივად, ვიტყოდი, რომ ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას“.

ოთარ კახიძე – ევროპული საქართველო: „ნდობა იუსტიციის საბჭოს მიმართ არის დაბალი, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მათ [ვენეციის კომისიამ] მიიღეს. აქედან გამომდინარე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ამ პარლამენტმა არ დააკომლექტოს უზენაესი სასამართლო და მოსამართლეების ნახევარი მაინც ასარჩევად შემდეგ პარლამენტს დაუტოვონ. ეს პრაქტიკულად არის პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელიც აქვს საზოგადოებას, ის რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დისკრედიტებული, ის რომ ამ პარალმენტს არ უნდა ჰქონდეს მანდატი, რომ ყველა მოსამართლე აირჩიოს. ეს არის, ალბათ, საკვანძო საკითხი ამ დასკვნაში“.

ეკა ბესელია – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი: „ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის, ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო პირდაპირი და მკვეთრი გაკრიტიკება იმ პროექტის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვაკრიტიკებთ და ვაკრიტიკებთ სამართლიანად, წარმოუდგენელია. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან იუსტიციის საბჭოს, რომ რეკომენდაციაც კი არის გადმოცემული რომ ამ პარლამენტმა არ მიიღოს გადაწყვეტილება ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი ეს ნიშნავს არამხოლოდ იმას, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს ნდობა, ამ პარლამენტსაც არ ააქვს ნდობა, იმიტომ რომ პარლამენტი ირჩევს საბოლოოდ და ამაზე უფრო პირდაპირ მართლაც ალიყული წარმოუდგენელია“.

არასამთავრობო სექტორის შეფასებები

სულხან სალაძე – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“: „იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია არ შეეცდება იმის ძებნას და იმის კითხვას რაც არ წერია ამ დოკუმენტში და არ შეეცდება საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, არ დაარქმევს ამ ტიპის ჩანაწერებს პოლიტიკურ რეკომენდაციას და რეალურად თვალს გაუსწორებს არსებულ გამოწვევას და კონტექსტს“.

გიორგი მშვენიერაძე – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“: „ეს დასკვნა არის ძალიან კრიტიკული ხელისუფლებისადმი და ის რასაც ამდენი ხანი ხელისუფლება ცდილობდა, რომ საკუთარი შექმნილი კანონპროექტი წარმოედგინა, როგორც უპრეცედენტოდ გამჭირვალე, რეალურად, ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ის ძალიან ბევრ ფუნდამენტურ პრობლემას შეიცავს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button