Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო აშშ-ის ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის შესახებ ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში „ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ“ ნათქვამია, რომ საქართველო ტრანსნაციონალური ნარკოტრეფიკინგისა და ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებული ფულის გათეთრების მიმართ მოწყვლად ქვეყნად რჩება.

ორნაწილიანი ანგარიში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა 28 მარტს გამოაქვეყნა, 2018 წლის მოვლენებს ასახავს და მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ათეული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მიერ ნარკოტიკების კონტროლისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას მიმოიხილავს.

ანგარიშის იმ ნაწილის თანახმად, რომელიც საქართველოს ეხება, ქვეყნის „ადგილმდებარეობა კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტებზე ხელს უწყობს მის მოწყვლადობას ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც განაგრძობენ ოპიუმისა და ჰეროინის წარმოებისთვის საჭირო მთავარი ქიმიკატის – ძმარმჟავას ანჰიდრიდის ტრანსპორტირებას“.

ანგარიშის ავტორები საქართველოს მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ნარკოტიკისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევაა. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში აკრძალული ნარკოტიკის დაახლოებით 50 000 მომხმარებელია, ხოლო სინთეტიკური და კლუბური ნარკოტიკი ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკებად რჩება. დოკუმენტის თანახმად, 2016 წლიდან საქართველოში ნარკოტიკის ამოღების მაჩვენებლები შემცირდა.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს აქტორების ფართო სპექტრთან ნარკოვაჭრობისა და მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ზომების შემუშავების მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

ანგარიში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ფულის გათეთრების საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზგასმულია, რომ „ვინაიდან საქართველო ნარკოტრეფიკინგისთვის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში მდებარეობს, დიდი რაოდენობის ფულის კონტრაბანდა და ფულის გათეთრება სავსებით შესაძლებელია“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ნაკლები მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ „აკრძალული ნარკოტიკების მნიშვნელოვანი მოცულობის გათეთრება ოფიციალური ფინანსური სისტემის მეშვეობით ხდება“, თუმცა აღნიშნულია, რომ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების დასადგენად, ხელისუფლების მეტი ძალისხმევაა საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button