ახალი ამბები

აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 3-4 მარტს ბუქარესტს სტუმრობდა, ორშაბათს თავის აზერბაიჯანელ, რუმინელ და თურქმენ კოლეგებს – ელმარ მამადიაროვს, თეოდორ მელეშკანუს და რაშიდ მერედოვს შეხვდა და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების და გაღრმავების საკითხები განიხილა.

4 მარტს, ოთხმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე ბუქარესტის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

დეკლარაციაში მხარეები ქვეყნებს შორის „დარგობრივ თანამშრომლობას“ მიესალმებიან და „სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებისა და რეგიონული კავშირების გაღრმავებისკენ მოუწოდებენ“.

მათ ასევე დაადასტურეს, რომ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა და ინტეგრაცია შემდგომი ზრდის ფართო შესაძლებლობებს იძლევა და რეგიონში არსებული ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას და განვითარებას დაეხმარება.

მინისტრებს მიაჩნიათ, რომ ახალი დერეფანი სხვა მსგავს რეგიონულ პროექტებთან ერთად, „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კონკურენტული მარშრუტი“ იქნება, რომელთა მიზანიც „აზიის სახელმწიფოებიდან კასპიის და შავი ზღვის გავლით ევროპაში და შემდეგ უკან აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და თურქმენეთის ტერიტორიების გავლით საქონლის ეფექტური ტრანსპორტირებაა“.

საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მინისტრების დონეზე წელიწადში სულ ცოტა ერთხელ მაინც შეიკრიბებიან, რათა პროგრესი შეაფასონ და შავი ზღვა – კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების კუთხით შემდგომი ნაბიჯები დასახონ. შემდეგი მინისტერიალი თურქმენეთში გაიმართება. ასევე ჩამოყალიბდება თანამშრომლობა ექსპერტების დონეზე.

3 და 4 მარტს დავით ზალკალიანმა თავის თურქმენ და რუმინელ კოლეგებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button