არჩევნები 2018ახალი ამბები

არასამთავრობოები: სააკაშვილის განცხადებები „ქსენოფობიურია“

12 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 6 ნოემბერს განცხადება გამოქვეყნა, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გმობს და „ქსენოფობიურს“ უწოდებს.

4 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სააკაშვილმა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეა, ბანგლადეშელი და ინდოელი ვიზიტორების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. მისი თქმით, მათ ტურისტულ ინდუსტრიაში დიდი შემოსავალი არ შეაქვთ.

არასამთავრობოების თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი „სიძულვილის ენას“ იყენებს და რომ მისი 31 ივლისის, 31 აგვისტოს, 1 სექტემბრის და 9 სექტემბერის განცხადებები ასევე ქსენოფობიური იყო.

„სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ქსენოფობიური შინაარსის შემცველ განცხადებებს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები ელექტორალური მობილიზაციის მიზნით იყენებენ და ამ გზით ხელს უწყობენ სოციალური კონფლიქტების და საზოგადოებაში ისედაც არსებული ქსენოფობიური, რასისტული განწყობების გაძლიერებას და პოლიტიკურ სივრცეში ღია შემოტანას, რაც ცხადია, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ საჯარო განცხადებებში და ამომრჩეველთან შეხვედრების დროს უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე და სანაცვლოდ მხარი თანასწორობის პრინციპს დაუჭირონ.

სააკაშვილის ბოლო ვიდეომიმართვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ცალკე განცხადებაშიც დაგმო და კანდიდატებს და მათ მხარდამჭერებს მეორე ტურის წინ საჯარო განცხადებებში სიძულვილის ენის გამოყენებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მქონე განცხადებების ტირაჟირებას ახორციელებენ“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, „კონკრეტული ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მოხსენიება ნეგატიური ლექსიკით წარმოადგენს ქსენოფობიური ხასიათის სიძულვილის ენას. ამგვარი განცხადება ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას და, საბოლოო ჯამში, ახდენს სიძულვილის ტირაჟირებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button