skip to content
ახალი ამბები

ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის პროკურატურას გადაეცა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ზაზა სარალიძის საქმეს ზედამხედველობას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა გაუწევს.ამის შესახებ Civil.ge-ს დღეს მთავარ პორკურატურაში განუცხადეს.

„იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას თბილისის პროკურატურის მიმართ კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა“, – განმარტეს საგამოძიებო უწყებაში.

დღესვე, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა, სადაც ის სამართალდამცველების მიერ 26 ოქტომბერს დაკავების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იმყოფებოდა. მან მთავარი პროკურატის გადაწყვეტილება დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა.

„გასაკვირია ჩემთვის, რა თქმა უნდა, რომ რუსთავის პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე, მაგრამ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელი კუთხის პროკურატურა იქნება… პროკურატურამ უკვე იმხელა შეცდომა დაუშვა ჩემი შვილის საქმეში, აზრი არ აქვს ახლა რუსთავი გამოიძიებს, ზესტაფონი, თუ ჩხოროწყუ,“ – აღნიშნა მან.

ზაზა სარალიძე სამართალდამცველებმა 26 ოქტომბერს, „პოლიციელზე თავდასხმისთვის“ დააკავეს. მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი 28 ოქტომბერს წარუდგინა, თუმცა საპატიმრო ღონისძიება მოუხსნა. პროკურატურის განმარტებით, უწყება პატიმრობის ნაცვლად, სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს. სარალიძის დაცვის მხარე, ბრალდების ფორმულირებას, არ დაეთანხმა რომლის მიხედვითაც, სარალიძემ „პოლიციელს ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება“.

„პროკურატურა აფიქსირებს, რომ იგი არ შევა პატიმრობის მოთხოვნით [სასამართლოში] და გირაოს ითხოვს. ზაზა დარჩება თავისუფლებაში, მაგრამ თავისუფლება არ გულისხმობს იმას, რომ ბრალდებას უხსნიან, ბრალდება მას წარდგენილი აქვს და სასამართლო პროცესები გაიმართება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ბრალის წარდგენის შემდეგ.

ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის 31 მაისს, საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. თითქმის ორკვირიანი პროტესტის შემდეგ, ზაზა სარალიძემ ხელისუფლებას საქმის სათანადო გამოძიებისთვის გარკვეული დრო მისცა და საპროტესტო აქციების დროებით შეწყვიტა.

ზაზა სარალიძემ აქციები 11 სექტემბერს განაახლა. აქციების დროს, ზაზა სარალიძემ რამდენჯერმე კარვის გაშლა სცადა, თუმცა სამართალდამცველები მას ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ყოველი ასეთი მცდელობა მასსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებით სრულდებოდა. 26 ოქტომბერს ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება ზაზა სარალიძის დაკავებით დასრულდა. შსს-მ სარალიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატირმრობას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button