skip to content
ევროპამათი თვალით

ვარშავიდან: საით მიდის პოლონეთი?

პოლონელი ექსპერტები და პოლიტიკოსები თავისი ქვეყნის მდგომარეობაზე მსჯელობენ.

პოლონეთი საბჭოური პოლიტიკისკენ მიდის და არა მემარჯვენეობისკენ, ფიქრობს ადამ ზამოისკი (Adam Zamoyski), პოლონური წარმოშობის ბრიტანელი ისტორიკოსი:

„კანონისა და სამართლიანობის” პარტიის გამარჯვების შემდეგ დასავლური გაზეთები ხშირად წერენ, რომ პოლონეთი მემარჯვენეობისაკენ გადაიხარა. ეს შეხედულება მცდარია.

ამ პარტიის ლიდერები კომუნისტური ეპოქოს პოლიტიკურ კულტურას განასახიერებენ. საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეების დანიშვნის გარშემო გაშლილი ინტრიგები, მედიის მოგუდვა – ყველაფერი ეს საბჭოური პოლიტიკის თარგზეა მოჭრილი. კრაკოვის „სტარი თეატრში” რა სპექტაკლები გავიდეს, თურმე ამასაც ძველებურად კულტურის სამინისტრო დაადგენს.

მემარჯვენეობისა არც პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას სცხია რამე. ისინი საბაზრო ეკონომიკას ემტერებიან, ბიზნეზმენებს „სპეკულიანტებს” უწოდებენ, მთავრობა ყველაფრის – მათ შორის საკუთრების უფლების – მართვას ცდილობს. არც ფინანსური პოლიტიკაა მემარჯვენე: ხალხს ბანკებისთვის ხელის მოჭერას, საპენსიო ასაკის დაწევას და თოთოეული ბავშვის ყოლისთვის უზარმაზარი დახმარებების გაცემას ჰპირდებიან.

მათი კონსერვატიზმი თავისუფლების მოყვარული (ლიბერალური) იდეებისადმი – და საერთოდ, თანამედროვე სამყაროსადმი – ეჭვით შემოიფარგლება. ამგვარი „კონსერვატიზმი” თავისი არსით პროვინციალიზმია, მმართველი პარტიის პოლიტიკა კი პოპულიზმი. ისინი პატრიოტიზმის ნაღარას სცემენ და ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე გაჰყვირიან, მაგრამ პატრიოტიზმი მათთვის მეორე მსოფლიო ომში წამებულის მოსასხამის მორგებით შემოიფარგლება, სუვერენიტეტზე საუბარი კი ქსენოფობიას ნიღბავს.

“პოლონური ღირებულებების” შერჩევისას ისინი ისეთივე ზიზღით ეკიდებიან ომამდელ ელიტასა და არისტოკრატიას როგორც მათი კომუნისტი წინამორბედები. ამასწინათ, საგარეო მინისტრი ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ  „ველოსიპედისტებსა” და „ვეგეტარიანელებზე” ისეთი ტონით ისაუბრა, თითქოს ისინი რაღაცნაირად ანტი-პოლონელები იყვნენ.

შარშანდელ არჩევნებში მათი წარმატება ამომრჩევლის მარჯვნივ გადახრას არ ნიშნავს. არჩევნების შედეგი წინა მთავრობის არაკომპეტენტურობით, სიყოყოჩითა და ხალხის მოთხოვნილებებისაგან სიშორით ამომრჩევლის იმედგაცრუებას ასახავს. ხალხმა „კანონსა და სამართლიანობას” მისცა ხმა, რადგან მათ ცვლილება სურდათ. მაგრამ იმავე ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ ისინი ახალი მთავრობის მოქმედებებს მხარს არ უჭერენ. პოლონეთში საკმაოდ ბევრი ველოსიპედისტი და ვეგეტარიანელია.

პოლონეთი ამომრჩევლების წინაშე აგებს პასუხს და არა „ევროპული ღირებულებების” წინაშე, ამბობს მარეკ მაგიეროვსკი (Marek Magierowski) პოლონეთის პრეზიდენტის, ანდრჟეი დუდას წარმოადგენს პრესასთან. ამ წერილში ის პირად მოსაზრებას გამოთქვამს.

თანამედროვე ევროპა პასუხისმგებლობის ნაკლებობით იტანჯება

თუკი რთულ გადაწყვეტილებებს გაურბიხარ, მთელ კონტინენტს კი არა, ერთ ქვეყანასაც ვერ გაუძღვები. დამთრგუნველია, რომ ევროკავშირს პასუხესმგებლობის გრძნობის მქონე მმართველები ასე აკლია. როგორც კი ზოგიერთები – მაგალითად ანდჟეი დუდა პოლონეთში – ცდილობენ საქმეს პასუხისმგებლობთ მოეკიდონ და ემსახურონ თავიანთი მოქალაქეების სურვილებსა და მოთხოვნებს, ბრუსელიდან, ბერლინიდან და ვენიდან აღშფოთებული ხმები ისმის და „ევროპული ღირებულებების ღალატზე” საშინელი ზღაპრების მოყოლა იწყება.

საიდან მოდის ეს აღშფოთება? პასუხი მარტივია.

პოლონეთის პრეზიდენტმა მძიმე რეფორმები იტვირთა, რითიც მისი მლანძღველი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობა და უსაქმურობა ნათელი გახადა.

როცა დუდა პოლონელების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ კანონებს ხელს აწერს, ბევრი ევროპელი ლიდერი სირცხვილით იწვის, რომ უკვე წლებია თავის ამომრჩეველს მოლოდინს უცრუებს. ხოლო როცა დუდა იმიგრაციის უკონტროლო ტალღების საშიშროებაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, მის ევროპელ კოლეგებს ურჩევნიათ უსაქმოდ დადგნენ და პირში წყალი ჩაიგუბონ.

ჩვენს ქვეყანას დღეს მართავენ პოლიტიკოსები, რომლებიც პოლონელ ამომრჩევლებს ჩააბარებენ ანგარიშს და არა გერმანელ, ბრიტანელ თუ ფრანგ მემარცხენე ინტელექტუალებს.

არადა, თურმე ზოგი ევროპელი კომენტატორის თვალში, თურმე პოლონეთი „აზარალებს დემოკრატიის საფუძვლებს”.

ევროკრატებმა ლტოლვილების გადანაწილებაზე ცხარე კამათი კარგად იციან, მაგრამ საზღვრებს ცუდად იცავენ. მათ ტერორიზმის წინააღმდეგ მარშებში მონაწილეობა ეხერხებათ, მაგრამ თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა – არა, როგორც კიოლნში ბოლოხანს მომხდარმა უმსგავსო მოვლენებმა დაგვანახა.

სხვებისთვის დემოკრატიაზე ლექციების კითხვა კარგად გამოსდით, მაგრამ საკუთარი ამომრჩევლების ეშინიათ. როდის მივიდნენ ისინი პოლოს პარტიულ მიტინგზე? როდის ეწვივნენ ღარიბ ევროპულ სოფელს, სიტყვაზე, აღმოსავლეთ პოლონეთში?

დემოკრატია პოზებში ჩადგომა და თითის ქნევა არაა. დემოკრატია პასუხისმგებლობაა. ჩვენს ქვეყანას დღეს მართავენ პოლიტიკოსები, რომლებიც პოლონელ ამომრჩევლებს ჩააბარებენ ანგარიშს და არა გერმანელ, ბრიტანელ თუ ფრანგ მემარცხენე ინტელექტუალებს. პოლონური დემოკრატია მშვენიერ ფორმაშია.

ეს არაა დემოკრატიის დასასრული, ამტკიცებს ტომაშ ვრობლევსკი (Tomasz Wróblewski) ყოველკვირეული მემარჯვენე ჟურნალ ვპროსტის (Wprost) რედაქტორია

ჩვენს ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ 2014 წლის ზაფხულის დილა, როცა სპეცსამსახუებმა ჩვენი ოფისი დაარბიეს, კომპიიუტერები და სხვა მოწყობილობები მოითხოვეს, რომლებშიც, მათი აზრით, მაშინდელი მმართველი პარტიის პოლიტიკოსების ჩანაწერები იყო შენახული.

ჩვენმა მოპოვებულმა ჩანაწერებმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შოკისმომგვრელი შემთხვევები გამოავლინა. მათ შორის იყო საუბარი, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის უფროს შეპირდა მისი უფლებების გაზრდას და ფინანსთა მინისტრის მოხსნას, საბანკო განაკვეთების შემცირების სანაცვლოდ.

ჩვენი ოფისი გაჩხრიკეს და მერე კი „პოლიტიკურად დამოუკიდებელი” სპეცსამსახურების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ რედაქტორს. ჩვენთან რეკლამის მომტანებს დაკითხვებზე გაუთავებლად იბარებდნენ და აშინებდნენ. ეს საქმეები მხოლოდ უკანასკნელ ხანებში შეწყდა. ჩვენმა ჟურნალისტებმა არ იცოდნენ, რომ ყველა ჩვენი სატელეფონო საუბარი თვეების განმავლობაში იწერებოდა.

ამიტომ „ვპროსტ”-ის ჟურნალისტებისათვის რთულია სერიოზულად აღვიქვათ წინა მმართველი გუნდის პოლიტიკოსების და მათი დანიშნული რადიო-ტელევიზიის უფროსების ბრალდებები, რომ ახლანდელი მთავრობა სიტყვის თავისუფლებას ებრძვის. ეს ხომ ის ხალხია, რომლებმაც აწ უკვე შერჩცხვენილ პოლიტიკოსებთან ერთან „ვპროსტს” უსამართლოდ დააბრალეს სისხლის სამართლის დანაშაული – „არალეგალურად” ჩაწერილი საუბრების გამოქვეყნება.

მართალია, წინა მთავრობის ერთგული მხარდამჭერებს არ ესიამოვნებათ სამსახურის დაკარგვა, მაგრამ ეს არაა დემოკრატიის აღსასრული პოლონეთში. პოლონეთის მედიის ბაზარზე მხოლოდ სახელმწიფო მედია როდი მუშაობს. რაც ახლა ხდება, ვერც შეედარება იმ საპოლიციო დაშინებას, რაც მემარჯვენე ჟურნალისტებმა გადაიტანეს.

პოლონური მედიის მრავალფეროვნების წყალობით, ვპროსტ-მა რთული პერიოდი უკვე გადალახა. სახელმწიფო მედიიდან გაგდებულმა მემარჯვენე ჟურნალისტემბა ახალი გაზეთები, ინტერნეტ-გამოცემები და რადიოსადგურები შექმნეს.

სანამ მედია ბაზარს ვერც სახელმწიფო აკონტროლებს და ვერც რომელიმე ერთი გამომცემელი, სიტყვის თავისუფლებას პოლონეთში არაფერი დაემუქრება.

პოლონეთის ნამდვილი პრობლემა კანონიერებაა და არა პრესის თავისუფლება, თვლის ვოიცეხ პრიბილსკი (Wojciech Przybylski), ევროზინის (Eurozine) მთავარი რედაქტორი და რეს პუბლიკა ფონდის (Res Publica Foundation) თავმჯდომარე.

ჩვენი დემოკრატია ჯანსაღადაა. აი კანონიერების მხრივ კი გვიჭირს. თუკი მთავრობა ჯერ მხოლოდ მის გეგმებსა და სურვილებში მყოფ კანონების დამტკიცებას მოახერხებს – კონსტიტუციის ცვლილებების ჩათვლით – პოლონეთი სავალალო დღეში აღმოჩნდება.

2015 წლის დეკემბერში მიღებული კანონი საკონსტიტუციო ტრიბუნალის ძალაუფლებას ზღუდავს, რითაც ევროპის დემოკრატიული მმართველობის კულტურაში მყარად ფეხმოკიდებულ დაწესებულებას აფერხებს. ამ ცვლილებით „კანონისა და სამართლიანობის” პარტიამ იმაზე მეტი ძალაუფლება აიღო ხელში, ვიდრე მას ოქტომბრის არჩევნებში ხალხმა ჩააბარა.

ამ მიზანს მმართველმა პარტიამ სიცრუით მიაღწია. პრეზიდენტ ანდრჟეი დუდას ნამუსს ვეღარ მოიწმენდს მას შემდეგ, რაც შუაღამისას დაამტკიცა [საკონსტიტუცუი ტრიბუნალის] ახალი მოსამართლეები. მისივე პარტიის მიერ პარლამენტში მათი წამოყენების შემდეგ სულ რამოდენიმე საათი იყო გასული. წინა პარლამენტის მიერ შეთავაზებული მოსამართლეების ბედი ჰაერში გამოეკიდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყნის იურისტები აღუდგნენ წინ და ის კონსტიტუციის დარღვევად შერაცხეს.

ახლა მმართველ პარტიას ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, კერძო ცხოვრებისა და ადამიანის უფლებების შემზღუდველი წესების, ომბუდსმენის და გენერალული პროკურორის უფლებების შემზღუდავი კანონების მიღება სურს. უკვე დამტკიცებული კანონებით პოლიცია ინტერნეტში პირად მონაცემებს საკმარისი სამართლებრივი ზედამხედველობის გარეშე შეაგროვებს, მმართველი პარტია კი მას-მედიის მარეგულირებელ საბჭოებს მოიცილებს თავიდან.

ყველაზე დიდი საფრთხე მაინც კონსტიტუციის დაგეგმილი ცვლილება იქნება. ამგვარ გადაწყვეტილებას პარლამენტში დამსწრე დეპუტატების ორი მესამედი სჭირდება, ოღონდ კენჭისყრაში არჩეული დეპუტატების ნახევარი მაინც უნდა იღებდეს მონაწილეობას. ეს ნიშნავს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილება გავიდა ან მმართველმა პარტიამ ხრიკებს მიმართა [კანონის და სამართლიანობის პარტიას არა აქვს ორ-მესამედიანი უმრავლესობა] ანარადა მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ პირი შეკრეს.

პირველ შემთხვევში  პოლონეთის დემოკრატიას საფრთხე დაემუქრება. მმართველი პარტიის ლიდერები იფიცებიან, კონსტიტუციას არ შევცვლითო, მაგრამ უკვე სახიფათო გზაზე კი არიან შემდგარი.

Politico.eu-ს მასალებზე დაყრდნობით
Back to top button