Placeholder canvas
ახალი ამბები

საბრძოლო მასალის „მართლსაწინააღმდეგო“ გაყიდვისთვის თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით უწყების სამი პირი, მათ შორის უწყების ორი თანამშრომელი დააკავეს.

ამის შესახებ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების განმარტებით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილე ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებით, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან „მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ“ საბრძოლო ვაზნებს ყიდდნენ.

„ბრალდებულების ბინიდან, დამხმარე სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებში.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი, მათ 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ზემოთ ხსენებული პირები აგვისტოში დააკავა, თუმცა ამბავს მალავდა. მათივე განცხადებით, ფაქტზე რუსთავი 2-ის მიერ დაწყებული გამოძიების შემდეგ, უწყება „იძულებული გახდა“, რომ „ტყვია-წამლით უკანონო ვაჭრობის“ შესახებ ინფორმაცია დაედასტურებინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button