ახალი ამბები

კობახიძე: ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება

ქართული ოცნება 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს, თუმცა, შესაძლოა, მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს. საკუთარ პოზიციას მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატების სრულად დასახელების შემდეგ დააფიქსირებს.

ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართული პოლიტიკური საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრის შემდეგ, პარტიის პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას ჰყავს პრეზიდენტობის „არაერთი“ კანდიდატი, რომელსაც „არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვება შეუძლია“, თუმცა არჩევნებში კანდიდატის წარდგენაზე „უარს ამბობს“.

კობახიძის განმარტებით, საქართველო ახალი კონსტიტუციით საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტი უნდა იყოს „პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული, უმაღლესი თანამდებობის პირი“, პრეზიდენტის პოსტზე კი, პოლიტიკური კანდიდატის არჩევის პირობებში მას „გაუჭირდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება“.

„პრეზიდენტის პოსტზე ქართული ოცნების პარტიული კანდიდატის არჩევა, მით უფრო არასასურველია დღეს იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობით ორგანოებში და ფლობს პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების ძლიერ ბერკეტებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნება აცნობიერებს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას და „უსათუოდ“, „მკაფიო“ პოზიცია ექნება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და არჩევნებში მხარს რომელიმე „უპარტიო და დამოუკიდებელ“ კანდიდატს დაუჭერს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, პარტიამ უარი თქვას რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, „თუ აშკარა“ იქნება, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა“.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „მყარად ამკვიდრებს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს“ და ეს გადაწყვეტილებაც პრეზიდენტის ინსტიტუტის სწორი განვითარების ჩამოყალიბებაში „უმნიშვნელოვანეს წვლილს“ შეიტანს.

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. აქამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი არჩევნებზე სწორედ დამოუკდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდა მხარს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button