ახალი ამბები

სირიამ და სოხუმმა დაუბეგრავი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

Tags

სირიის მთავრობამ 6 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც დამასკოსა და სოხუმს შორის დაუბეგრავი ვაჭრობის შემოღებას ითვალისწინებს.

შეთანხმებას ხელი აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას დამასკოში ვიზიტის დროს სირიის ეკონომიკის მინისტრმა მოჰამად სამერ ალ-ხალილმა და მისმა კოლეგამ სოხუმიდან ადგურ არძინბამ მოაწერეს.

სირიის ხელისუფლების თქმით, შეთანხმება „ორ მეგობარ ქვეყანას შორის“ ვაჭრობის გაცვლას შეუწყობს ხელს.

თავის მხრივ, სოხუმის ხელისუფლებამ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება აფხაზეთის ბიზნეს კომპანიებს გარე ბაზრებზე წვდომაში და სირიასთან ვაჭრობის გაღრმავებაში დაეხმარება.

„სირია აქტიურად ავითარებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და ჩვენი სატრანზირო შესაძლებლობების და ბიზნესისთვის უფრო შეღავათიანი პირობების გათვალისწინებით, აფხაზეთი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ამ კუთხით,“ – განაცხადა არძინბამ და დასძინა, რომ „შედარებით მოკლე მანძილი“ ლატაკიას პორტსა და სოხუმის პორტს შორის „ეკონომიკური თანამშრომლობისთვის უპირატესობას“ წარმოადგენს.

ხაჯიმბა სირიაში 4 სექტემბერს ჩავიდა და სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან ერთად მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. დამასკოში ხაჯიმბა ასევე შეხვდა სირიის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და რუსეთის ელჩს სირიაში.

6 სექტემბერს სირიისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი.

აფხაზეთის დელეგაცია დამასკოს საერთაშორისო ბაზრობას ეწვია, სადაც რეგიონის კულტურისა და ეკონომიკის ამსახველი პროდუქცია ცალკე პავილიონში იყო გამოფენილი.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა მაისში აღიარა და ამით ის გაეროს წევრი მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელსაც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.

ამ დროისთვის, სირიასთან ერთად ორი რეგიონის დამოუკიდებლობას რუსეთი, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button