ახალი ამბები

გურამ კაშიას მხარდასაჭერად ანტიჰომოფობიური კამპანია დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მცველისა და ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას მხარდასაჭერად, 28 აგვისტოს სოციალურ ქსელში ანტიჰომოფობიური კამპანია სახელწოდებით – „#გურამშენთანვართ“ დაიწყო.

მხარდამჭერი კამპანია კაშიას მისამართით სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებს მოჰყვა, რის გამოც, გურამ კაშიამ გუშინ მისი Facebook-ის ოფიციალური გვერდი გააუქმა, Instagram-ის საჯარო ანგარიში კი, ხელმისაწვდომი მხოლოდ გამომწერებისთვის დატოვა.

ეროვნული ნაკრების ლიდერის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების მეორე ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ UEFA მას ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის, 30 აგვისტოს მონაკოში Equal Game-ის ჯილდოს გადასცემს. „ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვიქნები ადამიანების თანასწორობის მხარეს, მოედანზე, თუ მოედნის გარეთ“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

UEFA-ს მიერ კაშიასთვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილმა ეროვნული ნაკრების ლიდერისადმი უარყოფითი და აგრესიული დამოკიდებულება ღიად გამოხატა. ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია მას სოციალურ ქსელში დაემუქრა კიდეც – „შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ“, – დაწერა მან facebook-ის პირად გვერდზე. 9 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დინამოს ეროვნულ სტადიონზე ლატვიის ნაკრებს დაუპირსპირდება. მუქარის შემცველი განცხადებისთვის მორგოშია დღეს შსს-ში გამოკითხვაზეც დაიბარეს.

ამის პარალელურად, კაშიასადმი მხარდაჭერა არაერთმა სპორტსმენმა, ცნობილმა სახემ, თუ რიგითმა მოქალაქემ გამოხატა. „მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ…გურამს ბრალს სდებენ ისეთ რამეში, რაშიც ადამიანი UEFA-მ წაახალისა და გადასცა ისეთი სახის ჯილდო, როგორიც ჯერ არცერთ ქართველს არ ჰქონია“, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.

კაშიას თანადგომა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც. „ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ.

კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემაც. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო გურამ კაშიას. მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც ღიად პრორუსული და ფაშისტური ძალები დაუფარავად ემუქრებიან ფეხბურთელს, იმის გამო, რომ მან დაგმო ძალადობა და ადამიანებს შორის თანასწორობას დაუჭირა მხარი, – განაცხადა ბაქრაძემ.

კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაც ისაუბრა. „სამწუხაროდ, ახლა, ასე დეტალურად, სიღრმისეულად არ ვიცი ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დავინტერესდები და მზად ვიქნები, რომ გიპასუხოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მოგვიანებით, civil.ge-ს მინისტრის პრესსამსახურმა მიხეილ ბატიაშვილის შემდეგი კომენტარი მიაწოდა: „ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის და მთავრობის წევრის პოზიცია არის ის, რომ არავინ უნდა იდევნებოდეს განსხვავებული აზრის, შეხედულების თუ ნიშნის გამო. ხოლო როგორც სპორტის მინისტრი, ნებისმიერ ვითარებაში ვიქნები ჩვენი სპორტსმენების გვერდით, ვიქნები მათი დამცველი“.

ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ლიდერის მიმართ აგრესიული კამპანია ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როდესაც გურამ კაშია ერთ-ერთ თამაშზე ლგბტ თემის დროშის ფერებიანი სამკლაურით გამოჩნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button