ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან, მისი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დღეს ოფიციალურად დაიწყო.

დაახლოებით 50 წუთიანი მიმართვა პრეზიდენტობის კანდიდატმა სწორედ ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით გახსნა და აღნიშნა, რომ იმ „ადგილიდან, სადაც ნიკო ნიკოლაძემ არაერთი საქმე დაიწყო“ საარჩევნო კამპანიის დაწყება მისთვის „ძალიან ლოგიკურია“. სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში, იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც ის გაპრეზიდენტების შემთხვევაში იმუშავებს.

პრეზიდენტის ინსტიტუტი

პრეზიდენტობის კანდიდატმა გამოსვლაში დიდი დრო დაუთმო პრეზიდენტის როლზე საუბარს. მისი შეფასებით, პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს „სახელმწიფო მოღვაწე“. მისივე განმარტებით, „სიტყვა და საქმე არის ის, რასაც უნდა ველოდოთ ახალი პრეზიდენტისგან და არა ჭიდაობა-კინკლაობა“, გარდა ამისა, ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს „იდეამდებელი“ და არა „ვეტომდებელი“. „მისგან ქვეყანას სჭირდება ინიციატივები, იდეეები“, – დასძინა მანვე.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი უნდა იყოს „ადამიანების, თაობების, საზოგადოებისა და რეგიონების“ გამაერთიანებელი, იმედის დამბრუნებელი და მედიატორი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. „თუ ჩვენ გვინდა ევროპულად ძლიერი ქვეყანა, ეს უნდა იყოს დამშვიდებული, გაერთიანებული და ტოლერანტი ქვეყანა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამაში საკუთარი წვლილი სწორედ პრეზიდენტმა უნდა შეიტანოს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა პრეზიდენტის როლზე საუბრისას ქალები ცალკე გამოყო და აღნიშნა, რომ ის უპირველეს ყოვლისა, იქნება „ქალების პრეზიდენტი“.

განათლება

განათლების თემაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილი საბავშვო ბაღებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების გვერდიგვერდ განთავსების ინიციატივით გამოვიდა, რაც მისი აზრით, თაობების ერთმანეთთან დაკავშირებისა და უფროსების გამოცდილების გამოყენების კარგი საშუალება იქნება. მანვე უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების დაბრუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათ საქართველოში დასაბრუნებლად „მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ“.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში ყურადღება შშმ პირებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებულ „ზრუნვასა“ და „ყურადღებას“ მოითხოვენ. „ვინ თუ არა ქალი პრეზიდენტი უნდა იყოს ამ ზრუნვის ცენტრში“, – დასძინა მანვე. მისივე შეფასებით, უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება, რაც გარკვეულწილად უკვე დაწყებულია, თუმცა პრობლემაა მენტალური თვალსაზრისით და „ისინი ჯერ კიდევ არ არინ ინტეგრირებული ნაწილი ჩვენი საზოგადოების“.

„მე როგორც პრეზიდენტი დავაწესებ კვოტებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათთვის [სამუშაოდ] გამოიყოს რამდენმე ადგილი, რათა მათ თავი ამ ქვეყნის სრულყოფილ ნაწილად იგრძნონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს მაგალითი, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.

სოციალური საკითხები

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართალია, პრეზიდენტს „ეკონომიკური პოლიტიკის ბერკეტები“ არ გააჩნია, თუმცა მას ამ მიმართულებით არსებული მანკიერ პრაქტიკაზე ღიად საუბარი შეუძლია, რაც მაგალითად, საჯარო სექტორშია დამკვიდრებული. „ნამდვილი, ღია, გამჭვირვალე კონკურსის მაგივრად ჩვენ გვაქვს უკვე ნახევრადდანიშნულების ინსტიტუტი“, აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისივე განმარტებით, ეს „არის მანკიერი ფორმა, რაც ძველი საბჭოთა სისტემიდან მოდის და რომელიც გრძელდება“. „ეს არის შეცვლადი, გამოსწორებადი და მე ამ თემით ვიქნები დაკავებული“, – დასძინა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მანვე ევროპაში დროებითი პროფესიული სამუშაო ადგილების მოპოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებთან ამ მიმართულებით უკვე არსებობს კვოტები და ამ მიმართულებით გაძლიერებას „სერიოზული მოლაპარაკებები“ სჭირდება.

ჯანდაცვა

სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში ყურადღება არსებულ საპენსიო სისტემაზე, მედიკამენტებზე და ჯანდაცვაზე საუბარსაც დაუთმო. მისი თქმით, ამ მიმართულებით, საჭირო იქნება შესაბამისი სპეციალისტების, კერძო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, ასევე დასავლური პრაქტიკის გამოცდილების შესწავლა და ქართულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომ „ამ ძალიან მძიმე საკითხებთან მიმართებით, რაიმე გადაწყვეტა მოვნახოთ“.

დიასპორა

პრეზიდენტობის კანდიდატმა დიასპორასა და მათთან კავშირების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მათთვის, ვისაც ქვეყანაში დაბრუნება სურს, იუსტიციის სახლების მსგავსად უნდა არსებობდეს „დიასპორის სახლები“, სადაც ადამიანი ჩამოვა და გაარკვევს როგორია მისი დაბრუნების პერსპექტივა. გარდა ამისა, მისი შეფასებით, უნდა გაიზარდოს მათი პოლიტიკური ჩართულობაც და „მათ უნდა ჰყავდეთ ერთი ან ორი დეპუტატი, რომელიც არჩეული ქნება მხოლოდ ემიგრანტული ხმებით“, რომლებიც იქნებიან მათი ინტერესების „ნამდვილი დამცველები“ და „რეალური ხმა ქვეყანაში“.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „უთუოდ უნდა იყოს ხელშეწყობა იმ ადამიანებისთვის, ვინც უცხოეთიდან რეგიონებში დაბრუნებას გეგმავს. „ისინი გააცოცხლებენ ჩვენს რეგიონებს და ჩვენ ამისთვის უნდ ვიყოთ მზად“, – აღნიშნა მანვე.

მისივე შეფასებით, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება უნდა გავუადვილოთ და იქ მცხოვრები პროფესიონალებისთვის თუნდაც დროებით ჩამოსაყვანად და ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად რაიმე ფორმები უნდა მოვნახოთ.

იმიგრანტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების მიყიდვა

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მომრავლებულ იმიგრანტებზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქართული მიწების მიყიდვაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული „განცდა, შიშები და გენეტიკურად გადმოცემული რაღაც საფრთხის გრძნობა“, რომ ამით იდენტობას დაკარგავს. მისი თქმით, მათ წუხილს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს და „მსუბუქი დარეგულირების ფორმებით“ დაიწყო საკითხის მოგვარება. „თუ ეს არ გავაკეთეთ დაიწყება ქუჩაში ანგარიშსწორება და პოპულისტური გზავნილები პოლიტიკური პარტიების მხრიდან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ტოლერანტი ქვეყნიდან ჩაკეტილ ქვეყნად არ უნდა გადავიქცეთ, მაგრამ რეგულაციები მაინც უნდა შემოვიტანოთ.

კულტურა – ტურიზმი

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კულტურა არის ჩვენი ქვეყნის „საფუძველი“ და „ხერხემალი“, შესაძლოა, „უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე ტერიტორია“. სწორედ ამიტომ, მან ამ კულტურის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„პრეზიდენტი როდესაც მიიღებს თავის უცხოელ სტუმრებს, ვაპირებ, რომ აღარ გავაკვირვოთ ისინი ჭამა-სმით, აღარ გადავყაროთ ამაზე ძალიან დიდი თანხები, მაგრამ წავიყვანოთ იქ, სადაც არის საქართველოს კულტურა სანახავი და კარგად გავაგებინოთ, თუ საიდან მოვდივართ ვინ ვართ და რომ გვაქვს სრული უფლება, ვიყოთ ევროპის ერთ-ერთი სრულყოფილი წევრი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კულტურის მნიშვნელობის კიდევ უფრო განსავითარებლად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუკი „ყოველ წამს, ახალი, ყოვლად უსახური ეკლესიების აშენების“ ნაცვლად, თანხები „ძველი ეკლესიების აღორძინებაში და რესტავრაციაში“ ჩაიდება. მისი თქმით, ამის თაობაზე მთავრობასთან და პატრიარქთან მოლაპარაკებები მას უკვე აქვს.

მანვე „ელიტარული ტურიზმის“ განვითარებაზეც ისაუბრა და ამის ერთ-ერთ მაგალითად არქეოლოგიური ტურიზმის წახალისება დაასახელა.

ახალგაზრდობა

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნიდან ახალგაზრდა თაობის გადინების საფრთხეებზეც ისაუბრა და ამ პროცესის შესაკავებლად, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, ღვინის მსგავსად, „უნდა ავაღორძინოთ სხვა დარგებიც რაც არის ჩვენი“, რის მაგალითადაც მან მედიცინა და წამლების წარმოება დაასახელა. „ მედეა ტყუილად არ დაბადებულა აქ და ის უნდა გახდეს ისეთი ხვალინდელი ბრენდი, როგორიც დღეს არის ღვინო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მანვე ახალი ტექნოლოგების განვითარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

საგარეო პოლიტიკა

გამოსვლის დასასრულს, პრეზიდენტობის კანდიდატმა საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით, მის გამოცდილებასა და კონტაქტებზე გაამახვილა ყურადღება. მანვე ქვეყნის საგარეო ვექტორის მთავარ პრიორიტეტად ევროინტეგრაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ „ევროპის მიმართულება ჩვენთვის არის ერთადერთი შეუცვლელი პერსპექტივა“. „ჩვენ ვართ ევროპელები და ეს არის ჩვენი ბუნებრივი განვითარებისა და სტაბილურობის გზა“, – დასძინა მანვე.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 6 აგვისტოს განაცხადა. ის ცესკოში ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა და საჭირო ხელმოწერების რაოდენობის შეგროვებაც დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button